“თიბისი ჯგუფი”, შატილის კოშკების ინსპირაციით, ბიზნესცენტრის მშენებლობას იწყებს.
26 წლის წინ, როდესაც ბანკი სულ რაღაც 500 დოლარად დაფუძნდა, საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. მალევე გაკეთდა თამამი განაცხადი, რომ “თიბისი” ბანკი მხოლოდ თეთრი ბიზნესით დაინტერესდებოდა და გადასახადებსაც პატიოსნად გადაიხდიდა, ეს კი იმ დროისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
ნაცვლად ყოფილი საბჭოთა ბანკირებისა, ბანკს სათავეში 20-21 წლის ახალგაზრდები ჩაუდგნენ. მარჯანიშვილზე, იქ სადაც ახლა “თიბისის” სათავო ოფისია, ბანკის დამფუძნებლებმა დაცვის ოთახი იქირავეს, რომელიც 11 კვადრატული მეტრის ფართობის იყო. მმართველი გუნდი მას შემდეგ არ შეცვლილა, თავად ბანკი კი საოცარი სისწრაფით გაიზარდა და უკვე 25 წლის იუბილეზე, ახალი პროექტის მშენებლობაც დააანონსა. თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მთლიანად ენერგოეფექტური კომპლექსი, 2 ათას ადამიანზეა გათვლილი და ის 13 ჰექტარზე გაშენდება.
“თიბისის” ახალი სათავო იფისის, “თბილისის ბიზნესცენტრის” სამშენებლო სამუშაოების დაწყებას საფუძველი, 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე, “თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჩაუყარა. ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწორედ იმ ადგილზე გაიმართა, სადაც სათავო ოფისი და მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაშენდება.
“ვქმნით სრულიად ახალ სტანდარტს, რომელიც საუკეთესო ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. ამავდროულად ქართული არქიტექტურული ელემენტების შერწყმას, სრულიად თანამედროვე შენობაში. ჩვენ გვინდა, ეს ადგილი იყოს მიზიდულობის ცენტრი ბიზნესებისათვის, სადაც ადამიანები მოძებნიან ყველაფერ იმას, რაც მათ ბიზნესის დასაწყებად და გასავითარებლად სჭირდებათ.”- აცხადებს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე.
პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე ხორციელდება მშენებლობა, 80%-ი კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა. “თიბისის” ახალი სათავო ოფისი, მწვანე ლანდშაფტში ისეთი შენობა- ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც მცენარეები ტერასულად გაშენდება და ჯანსაღი ეკოსისტემა შეიქმნება.
“აქამდე მისაღწევად საკმაოდ გრძელი პროცესი გავიარეთ. ჩვენ დავიწყეთ 11 კვადრატული მეტრიდან და ახლა, ეს იქნება საერთაშორისო დონის, 70 ათასი კვადრატული მეტრის ნაგებობა, რომელიც ერთ საჯარო სივრცეში სამ ძირითად პროექტს გააერთიანებს: “თიბისის” სათავო ოფისს, ინოვაციების ლაბორატორიას, რომელიც იქნება ცენტრი კვლევისა და ახალი იდეების გენერირებისათვის, და კულტურულ ჰაბს, გალერეის, რესტორნისა და საერთო სამუშაო სივრცის შერწყმა, რაც აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა.”- აცხადებს “თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე და აქვე აღნიშნავს: “რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ეს ბიზნესცენტრის დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლისის ტბის ბუნებრივი ლადშაფტის ფონზე, ახალი საოფისე კომპლექსი მწვანე გარემოს ნაწილი გახდება, სადაც დედაქალაქის ურბანულ ელემენტებს ვენახებით გამდიდრებული ბუნებრივი ლანდშაფტი ენაცვლება.”
“თიბისის” ახალი სათავო ოფისის დიზაინი, შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით, ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს.სწორედ ეს არის მთავარი ამოსავალი: ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, მთის ფერდობზე შეფენილი კომპლექსი, სადაც ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემოა შექმნილი. პირველ ეტაპზე ამ პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და შენობაში რესტორნები, ფიტნეს კლუბები, სპეციალური სივრცეები ბავშვებისათვის და ა.შ. განთავსდება.
პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვუურეა, რომელიც საერთაშორისო კომპანიას – UN Studio-ს წარმოადგენს. UN Studio-მ პროექტის განხორციელების დაწყებამდე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, საფუძვლიანად გამოიკვლია ლოკაცია, შეისწავლა “თიბისის”, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები.
“თიბისის” ახალი სათავო ოფისი ამ ჯგუფის სავიზიტო ბარათი გახდება, რომელშიც ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია გაერთიანდება.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსი საქართველოში პირველად შენდება.
“თბილისის ბიზნესცენტრის” პროექტის განხორციელება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 2021 წლისათვის დასრულდება.