თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის კომერციული ტარიფი იზრდება

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის კომერციული ტარიფი იზრდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის იანვრიდან თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფები გაიზრდება. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო, ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის.

თბილისსა და მცხეთაში ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი 6.5-დან 8.8 თეთრამდე იზრდება, ხოლო რუსთავში 3.7-დან 6.5 თეთრამდე.

“წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია ქ. თბილისში, ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2024 წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა. ცვლილება ეხება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს. დაიკლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.

შედეგად, თბილისში 0-დან 101 კვტ.სთ-მდე მოხმარებისას საყოფაცხოვრებო ტარიფი 15 თეთრი იქნება, 101-დან 301 კვტ.სთ-მდე მოხმარებისას – 19 თეთრი, ხოლო იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 23.5 თეთრით განისაზღვრება.

სემეკის თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე გავლენა ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ, მაღალმა ჰიდროლოგიურმა მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ მოახდინა.