თებერვალში თბილისში ბინების ფასი 6%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

თებერვალში თბილისში ბინების ფასი 6%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის თებერვალში დედაქალაქში მთლიანობაში 3,358 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც გასული წლის თებერვლის მაჩვენებელს 1%-ით ჩამორჩება.

კონკრეტულად კი, თებერვალში თბილისში 725 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,633 შეადგინა და წლიურ ჭრილში მონაცემი უცვლელი დარჩა.

მიმოხილვაზე დაყრდნობით, გასულ თვეში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე $1,202 შეადგინა. ეს 2023 წლის თებერვალთან შედარებით 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+9%), ისე ძველი (+5%) ბინების შემთხვევაში.

რაც შეეხება ქირას, ამავე პერიოდში ბინების გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე $12-ს გაუტოლდა. ეს წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, თებერვალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $266 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 2%-იანი ზრდაა.