MPA - ჰოსპიტალიტის ქაოსური სექტორის სისტემური მიდგომა | ინტერვიუ დამფუძნებლებთან

MPA - ჰოსპიტალიტის ქაოსური სექტორის სისტემური მიდგომა | ინტერვიუ დამფუძნებლებთან

სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, ქართულ ბაზარზე სრულყოფილი ჰოსპიტალიტი-გამოცდილების შესაქმნელად ახალი კომპანია Multi Performer Agency (MPA) გამოჩნდა. მიზნად ქვეყანაში ინდუსტრიის გაძლიერება და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მიმზიდველობის ზრდა დაისახა, ეს ყველაფერი კი სწორედ ქართული ტრადიციული სტუმარმასპინძლობის გათანამედროვებით შეძლო.

MPA სტუმარმასპინძლობის სერვისის პროვაიდერი კომპანიაა, რომელმაც მისი ინდუსტრიის მრავალი კომპონენტი საკუთარ თავში გააერთიანა და ერთი შეხედვით ქაოსური სექტორის სისტემური მიდგომაც შემოგვთავაზა. დაარსების დღიდან MPA სტუმარმასპინძლობის მრავალკომპონენტიან ჯაჭვში ჩაბმული თითოეული რგოლის ფუნქციონირებას გონივრულ მიდგომებზე აშენებს. ხოლო ნებისმიერ ადამიანსა თუ ადამიანთა ჯგუფს უზრუნველყოფს სრული მომსახურებით – ჩამოფრენიდან გამგზავრებამდე, იქნება ეს: დახვედრა, უსაფრთხო ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, კეიტერინგი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე გამოჩენიდან დიდი დრო არ გასულა, MPA-ის პორტფოლიო ძირითადად საერთაშორისო დონის არტისტებს მოიცავს. კომპანიის სახელს უკვე უკავშირდება პროექტები, რომლებმაც საქართველოს ტურისტულ განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშა. ასევე ერთ-ერთი ბოლო პროექტი „ლეგენდების მატჩი“ – „მილანის ინტერსა“ და საქართველოს ნაკრებს შორის, რომლის ფარგლებშიც MPA-მ სრულად უზრუნველყო ისეთი დონის საერთაშორისო სტუმრების მომსახურება და კომფორტი, როგორებიც ლუის ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი და სხვები არიან.

შედეგად, MPA აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას ქვეყნის ტურისტულ და კულტურულ განვითარებაში და თავისი პროექტებით საქართველოს ახალი ისტორიის შემქმნელთა რიგებშიც ეწერება. განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და ქართული სტუმარმასპინძლობის სექტორის პოტენციალზე Forbes Georgia კომპანიის თანადამფუძნებლებს, ნოდარ ტრაპაიძესა და რევაზ ჯაფარიძეს ესაუბრა.

კომპანიის შესახებ საუბრით დავიწყოთ – როდის და რატომ გაჩნდა MPA-ის შექმნის იდეა?

ნოდარი: MPA-ის შექმნის იდეა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაჩნდა. მაშინ, როდესაც მე და ჩემმა პარტნიორმა ქართულ ბაზარზე მსგავსი სერვისის მიმართ მზარდი მოთხოვნა დავინახეთ, მიწოდება კი, ფაქტობრივად, არც არსებობდა. საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტული კომპანიაა, თუმცა თითქმის არ არსებობს კომპანია, რომელიც სტუმრებს high-end hospitality-სერვისს შესთავაზებს – რაც, თავის მხრივ, სტუმარმასპინძლობის მრავალ კომპონენტს საკუთარ თავში აერთიანებს.

ჩვენი მთავარი ღირებულებაც სწორედ ეს არის: კომპანია მომხმარებელს ერთიანი სახით სთავაზობს ყველაფერს, რაც შეიძლება „ჰოსპიტალიტიზე“ გაგვახსენდეს: ჩვენი სტუმრების დახვედრითა და ტრანსპორტირებით დაწყებული, სასტუმროებში დაბინავებითა და კეიტერინგით დასრულებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფოკუსი კი, რაც დავიჭირეთ, არის სტუმარმასპინძლობის სერვისით უცხოელი მომღერლების, მწერლების, სპორტსმენების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პირების უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში ვხედავთ ტენდენციას, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა უცხოელი სელებრიტების ჩამოყვანაზე და ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში.

უფრო კონკრეტულად რომ ჩავშალოთ MPA-ის სერვისები: ვისზე არის გათვლილი და რას სთავაზობთ მომხმარებელს?

რევაზი: დროთა განმავლობაში, დაგროვებული გამოცდილებისა და ოპერაციებიდან მიღებული შედეგების შეფასებით, ეტაპობრივად ხდებოდა ჩვენი სტრატეგიული ბიზნესგეგმის ადაპტირებაც. თუმცა მთავარი ფოკუსი იმ „გეფის“ აღმოფხვრა იყო, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებობდა. დღეისთვის ძირითად სერვისებს შორის, რომელთაც ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, გამოვყოფდით უფრო მეტად entertainment-მიმართულებას – დაგეგმილ ღონისძიებებზე ჩამოსული უცხოელი არტისტების მომსახურებას – ასევე სპორტული ღონისძიებების ჰოსპიტალიტისა და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანს – კორპორაციულ ჰოსპიტალიტის. იდეაში, ეს უკანასკნელი ამჟამად ჩვენთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული მიზანიცაა.

საერთო ჯამში, MPA საკუთარ თავში აერთიანებს ჰოსპიტალიტიში შემავალ მთავარ კომპონენტებს, ესენია: სტუმართა დახვედრა, აეროპორტის ტრანსფერები, სასტუმროებში განთავსება, ტრანსპორტირება, კეიტერინგი და უსაფრთხოება. ამასთან ერთად კი, ღონისძიებისადა მიხედვით სხვადასხვა ტიპის სერვისსაც უზრუნველყოფს, როგორიცაა ბექსთეიჯებისა თუ VIP-ზონების მოწყობა, გასართობი და სპორტული ივენთებისთვის, ასევე ინვესტორების შეხვედრების, კონფერენციების დარბაზების ორგანიზება და ა.შ.

კორპორაციული ჰოსპიტალიტი თავის მხრივ მოიცავს სერვისების ფართო სპექტრს, რომელიც ჩვენს მომხმარებელს ეხმარება როგორც მაღალი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებაში, ასევე კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებაში. ამას კი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ვაღწევთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გვაქვს ექსკლუზიური VIP-შეთავაზება – თანამშრომლებისა და ყველაზე ღირებული კლიენტებისთვის – რაც ასევე, მიგვაჩნია, რომ ხელს უწყობს მაღალი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას.

უშუალოდ კორპორაციული ჰოსპიტალიტი კი შემდეგ სერვისებს აერთიანებს: ფორუმები, კონფერენციები, სემინარები; B2B-შეხვედრები; საოჯახო „ენტერტაინმენტი“; ფესტივალები და სპორტული ღონისძიებები; პროდუქტის წარდგენის ივენთები; ოფიციალური სადილი; ტრანსპორტირება; გასართობი ღონისძიებები.

ეს სერვისი მიესადაგებათ კორპორაციებს, რომელთაც სურთ, უფრო მეტი უცხოელი სტუმარი მიიღონ, თუმცა ის ოპერაციები და აქტივობები, რომლებიც უშუალოდ ჰოსპიტალიტის შეეხება, აუტსორსზე გაიტანონ და პროფესიონალთა ჯგუფს მიანდონ. შედეგად, მაშინ როდესაც ჰოსპიტალიტიზე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ, მათ შესაძლებლობა აქვთ, მეტი ყურადღება უშუალოდ მათ სტუმრებსა თუ ინვესტორებს დაუთმონ.

როგორც აღნიშნეთ, კომპანიის პორტფოლიო ძირითადად უცხოელ არტისტებს მოიცავს. თქვენი პორტფოლიოდან რომელ წარმატებულ პროექტებს გამოარჩევდით და ასევე საინტერესოა, სამომავლოდ ადგილობრივ არტისტებთანაც თუ იგეგმება თანამშრომლობა?

ნოდარი: MPA მუდმივად ცდილობს, მჭიდრო თანამშრომლობა შეინარჩუნოს უცხოელ არტისტებთან – მათ შორის დაიანა კინგთან, ლიზა სტენსფილდთან, ჯიფსი კინგთან, მეისი გრეისთან – და ვთვლით, რომ ჩვენი სტუმარმასპინძლობის ხარჯზე ყოველთვის კმაყოფილებიც რჩებიან საქართველოში ვიზიტით. ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვენდობიან ჩვენივე ხარისხიდან გამომდინარე, ბევრ მათგანთან გვითანამშრომლია უკვე და სამომავლოდ უფრო მეტთან იგეგმება.

კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ყველაზე დიდი და წარმატებული პროექტი 2023 წლის „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ჰოსპიტალიტი-მიმართულება იყო. Starring Georgia პროექტია, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდმა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა და თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ჩამოიყვანა. სწორედ ამ არტისტების ჰოსპიტალიტი-მიმართულება უზრუნველყო ჩვენმა გუნდმა, რომლისთვისაც თითოეულ არტისტთან მუშაობა საოცრად დიდი გამოცდილება იყო. Starring Georgia-მ საშუალება მოგვცა, საკუთარი შესაძლებლობები სათანადოდ წარმოგვეჩინა, გვემასპინძლა მსოფლიო ვარსკვლავებისთვის.

რაც შეეხება ქართველ არტისტებს, რა თქმა უნდა, სამომავლოდ მათთან თანამშრომლობაც აქტიურად განიხილება. გამომდინარე იქიდანაც, რომ კომპანიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ლოკალური არტისტების განვითარება და ხელშეწყობაა. ჩვენი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე მუშაობა და სწორ დროს, სწორ მომენტში ყველაფერს საჯაროს გავხდით.

ასევე, ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე რას გვეტყვით? როგორ უმკლავდებით, რა გამოგარჩევთ? 

ნოდარი: ამ ეტაპისთვის ჩვენი კომპანია მყარად დგას ლოკალურ ბიზნესზე და აქვს ბევრი გეგმა, რაშიც კერძო ბიზნესიც ძალიან გვიწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გაგვაჩნია ქართულ ბიზნესზე და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლადაც ვცდილობთ, მუდმივი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სერვისებიც წარმოვადგინოთ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტად ხარისხი რჩება. ახალი ბაზრების ათვისებას რაც შეეხება, სამომავლო გეგმებში ეს ყველაფერი შედის, თუმცა ჯერჯერობით საქართველოშიც ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი და ამის შემდეგ უკვე ვიფიქრებთ ფარგლებს გარეთ გასვლაზე.

ყველაფერს თავისი დრო აქვს: დღეისთვის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ჩვენი სერვისების მაღალ ხარისხს, გავზარდოთ ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობა და ამ ყველაფრის მერე უკვე სურვილიც და დიდი მოტივაციაც გვექნება, ახალი ბაზრები იმავე წარმატებით ავითვისოთ.

რევაზი: რაც შეეხება კონკურენციას, ამ მხრივ მთავარი, რაც გამოგვარჩევს, ჩვენი სერვისის მაღალი ხარისხი და ერთიანი გამოცდილებაა, რომელსაც ჰოსპიტალიტის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპონენტის უზრუნველყოფით ვუქმნით ჩვენს მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, ქართულ ბაზარზე დიდი კონკურენცია არ ყოფილა, რადგან ჩვენი სერვისი, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მხოლოდ რომელიმე ერთეულ მომსახურებას არ უწევს მომხმარებელს და არც სერვისთა კონკრეტულ ჩაშლას გულისხმობს. პირიქით, როგორც უკვე ვახსენეთ, MPA სტუმარმასპინძლობის სერვისის პროვაიდერი კომპანიაა, რომელმაც შეძლო, ინდუსტრიაში შემავალი მრავალი კომპონენტი საკუთარ თავში გაეერთიანებინა და საბოლოოდ, მომხმარებლისთვის სრული სერვისი ერთიანი სახით შეეთავაზებინა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი კომპანია, კონკურენტებისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს არა ცალკეულ, არამედ მომსახურების სრულ სპექტრს, ამასთან ერთად კი აერთიანებს როგორც კორპორაციულ, ასევე ჰოსპიტალიტის და არტისტ-მენეჯმენტის მიმართულებას.

გვახარებს ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ტიპის სტუმარი, იქნება ეს არტისტი, სპორტსმენი თუ სხვა, ჩვენი სერვისით კმაყოფილი რჩება, ხოლო დამკვეთი აღწევს იმ მიზანს, რაც დაისახა – ეს არის წარმატებული კონცერტი, წარმატებული სპორტული ღონისძიება, კორპორაციული სტრატეგიული მიზანი უცხოელ ინვესტორებთან თუ სხვა.

MPA-ის მთავარი ღირებულება ერთი შეხედვით ქაოსური ინდუსტრიის მიმართ სისტემური მიდგომაა. ამას ერთგვარი საშინაო დავალების კეთებასაც ვეძახით, ორიენტირებულნი ვართ დეტალებზე, რის გამოც ყველანაირი ცვლილებისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვართ. მსგავსი მოულოდნელობები კი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას მუდმივად ახასიათებს. გვაქვს ძალიან დიდი ბაზა, ბევრი მსხვილი პარტნიორი, და გარკვეული სპეციფიკური ისტორიებიც, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, უკვე გამოცდილებაზე დაფუძნებული ვარაუდები გავაკეთოთ და მზად ვიყოთ ყველანაირი გამოწვევისა და სირთულისთვის.

სისტემურ მიდგომასთან, წინასწარ მენეჯმენტთან და ხარისხთან ერთად კი ჩვენი პროფესიონალთა ჯგუფითაც ვამაყობთ. მსგავსი პროექტების ასეთი წარმატებით ჩატარება მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. გუნდის თითოეული წევრი სრული პასუხისმგებლობით უდგება საქმეს, მათ სხვადასხვა მიმართულება აქვთ ჩაბარებული და ვთვლით, რომ დღემდე, შეძლებისდაგვარად იდეალურად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

აქვე ვიკითხავ: MPA-ის სერვისებითა და პარტნიორებით ჰოსპიტალიტის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავთ. როგორია თქვენი გავლენა საქართველოში სტუმარმასპინძლობის ძლიერი ინდუსტრიის ჩამოყალიბებაზე?

ნოდარი: ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს ტურისტული მიმართულების განვითარებას, რაც ძალიან კარგი ფაქტია ქვეყნისთვის. უბრალოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ამ ნაწილში, რომელიც სპორტულ, კულტურულ და „ლაიფსტაილ“-მიმართულებას მოიცავს, საკმაოდ ბევრს ვშრომობთ განსავითარებლად – სწორედ ეს არის ჩვენი პროფილიც და მიმართულებაც. ქვეყანაში შეიძლება ბევრი კარგი სერვისი და პროვაიდერი არსებობდეს, თუმცა ამ ყველაფერს ერთი „თავშეყრის ადგილი“ სჭირდება, რასაც ჩვენი მომსახურებით უზრუნველვყოფთ. იქნება ეს მაღალი ხარისხის ტრანსპორტირება თუსასტუმროებში განთავსება. ჩვენს სტუმრებს აღარ სჭირდებათ ცალ-ცალკე სერვისების მოძიება, რაც დამატებით კომფორტთანაა დაკავშირებული.

დაბოლოს, როგორია კომპანიის სტრატეგიული მიზნები: რას მიაღწიეთ და რა იგეგმება სამომავლოდ?

რევაზი: ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს, არის სტრუქტურა, რომლის მიღწევაც თავიდანვე მიზნად დავისახეთ. განვითარებასთან ერთად კი ნელ-ნელა გამოიკვეთა ის მიმართულებები, რა მხრივაც უკვე გაქვს განვითარების ამბიციებიც.

მიგვაჩნია, რომ შევძელით და სპორტულ და entertainment-სფეროში თავის დამკვიდრება მოვახერხეთ – ბევრი პროექტი გვაქვს, ბაზარზეც მოთამაშეებმა იციან ჩვენ შესახებ. ახლა კი უფრო მეტად კულტურული ცვლილების გამოწვევა გვსურს: _ გვაქვს დეტალურად გათვლილი, აქტიური მარკეტინგული გეგმა, დასახული ბიზნესოპერაციები და ვფოკუსირდებით ორ ძირითად მიმართულებაზე, რაც არის Family entertainment-ი და კორპორაციული ჰოსპიტალიტი.

საოჯახო მიმართულებით მოვიცავთ არტისტების ჯავშნებსაც, რაც ადრე საკმაოდ წარმოუდგენელი იყო მსგავსი ტიპის სერვისისთვის. თუმცა ჩვენი პარტნიორების დახმარებით ვახერხებთ, მსგავსი პროექტები მიმზიდველი გავხადოთ, ჩართულობაც გავზარდოთ და ეს ყველაფერი შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებშიც განვახორციელოთ.

რაც შეეხება კორპორაციულ ჰოსპიტალიტის, .ყველაზე დიდი ფოკუსი სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს. კომპანიებთან ურთიერთობით, შეხვედრებით, ძალიან მარტივად დავანახეთ ყველას, თუ რა ღირებულების შემოტანა შეუძლია ჩვენს კომპანიას ამ სფეროში. ჩვენი მთავარი უპირატესობა უკვე გამართული ოპერაციებია, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთი ნაბიჯით მეტზე ვიფიქროთ: ვინ ჩამოდის, როგორ შეგვიძლია მათზე გავლენა ვიქონიოთ, რა არის ჩამოსვლის/დახვედრის მიზანი და ა.შ.

სამომავლო გეგმებიც უშუალოდ ჩვენს გამოცდილებას, ბიზნესოპერაციებიდან მიღებულ შედეგებსა და ბაზრის კვლევის მონაცემებს ეყრდნობა. შედეგად, კომპანიისთვის გამოჩნდა ძალიან ადეკვატური, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ინტეგრაციები, რომელთა გამოყენებაც არა მარტო სერვისის გაყიდვის ზრდისთვის მოხდება, არამედ მოგვიტანს ისეთ ბენეფიტებსაც, როგორიცაა ხარჯის სინერგიები, cross-selling-ი და ა.შ.

ნოდარი: კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, თავად განვითარდეს სტრატეგიულად და პარალელურად განავითაროს ყველა ის ინდუსტრია, რომელზედაც ხელი მიუწვდება. გვსურს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული ჩვენი შეფასებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მრავლისმომცველ ინდუსტრიაში.

ამასთან ერთად კი ჩვენ სამომავლო ხედვაშია, საქართველო უფრო მეტად ამონათდეს მსოფლიო რუკაზე, გამოჩნდეს საერთაშორისო ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ ეს ინდუსტრია ალბათ ერთ-ერთი ნომერ პირველია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ამ მიზნის მიღწევის საშუალებას გვაძლევს. იდეაში, სტუმარმასპინძლობა ყოველთვის ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ნაწილი იყო და სწორედ მისი თანამედროვეობაში გადმოთარგმნით ვცდილობთ საერთაშორისო დონეზე გავზარდოთ საქართველოს მიმზიდველობა. S