ფოტო: Kevin Dietsch/Getty Images
თეთრმა სახლმა ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერი ლიდერების მიერ ხელმოწერილი „შეთანხმების“ ტექსტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებასა და კომპანიების თვითრეგულირებას ეხება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
„White House Accord on Super Intelligence“ 300-ზე მეტ სიტყვას მოიცავს და AI-კომპანიების მიერ ნებაყოფლობით აღებულ ვალდებულებებს ოთხი მიმართულებით განსაზღვრავს. შეთანხმების მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიებმა საკუთარ ტექნოლოგიებზე უსაფრთხოების კონტროლისა და აუდიტის მრავალშრიანი სისტემა უნდა დანერგონ.
პირველი მიმართულება მოდელების შესაძლებლობებისა და მათ მიერ დასახულ მიზნებთან შესაბამისობის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიებმა უნდა შექმნან შიდა კონტროლის ძლიერი მექანიზმები, რომლებიც AI-მოდელების მუშაობას ისეთი მიმართულებებით დააკვირდება, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ბიოუსაფრთხოება და ქიმიური საფრთხეები. კონტროლმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მოდელებმა უნებლიედ არ შეაღწიონ ტექნიკურ სისტემებში ან არ განახორციელონ მათზე არასანქცირებული წვდომა.
მეორე კომპონენტი შიდა გუნდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც კონტროლის, მონიტორინგისა და საფრთხეების აღმოჩენის სისტემების გამართულ მუშაობას შეამოწმებს და გამოვლენილი პრობლემების გამოსწორებას უზრუნველყოფს.
მესამე ეტაპზე კომპანიებმა დამოუკიდებელ გარე აუდიტორთან ან შემფასებელთან უნდა ითანამშრომლონ. მათი ამოცანა იქნება დამოუკიდებლად შეაფასონ, რამდენად ეფექტიანად მუშაობს კომპანიის მიერ დანერგილი კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმები.
მეოთხე მიმართულება კი დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი კომიტეტის შექმნას გულისხმობს. კომიტეტმა შიდა გუნდებისა და გარე აუდიტორების ანგარიშები უნდა მიიღოს, კონტროლის სისტემებს ზედამხედველობა გაუწიოს და საჭიროების შემთხვევაში გამოვლენილი პრობლემების გამოსწორება უზრუნველყოს.
დოკუმენტის მიხედვით, ეს ოთხი მექანიზმი კომპანიებს, მათ მომხმარებლებსა და საზოგადოებას AI-ტექნოლოგიების უსაფრთხოდ მუშაობის შესახებ მეტ ნდობას უნდა უქმნიდეს.
შეთანხმების მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ რეგულარულად შეხვდებიან ერთმანეთს, რათა AI-სისტემების უსაფრთხოების სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა შეიმუშაონ. დოკუმენტის ბოლო ნაწილში კი აღნიშნულია, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა ამ ნაბიჯების კანონებსა და რეგულაციებში ასახვაც გახდეს მიზანშეწონილი.
ტრამპმა შეხვედრის შემდეგ შეთანხმებას „მორალურად სავალდებულო“ უწოდა, თუმცა არ უთქვამს, დაუჭერს თუ არა მხარს AI-სთვის ახალი რეგულაციების დაწესებას. მისი თქმით, ინდუსტრიაში არსებობს მოსაზრება, რომ ტექნოლოგიების განვითარებას „მნიშვნელოვანი თვითრეგულირება“ სჭირდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ხელმოწერილ დოკუმენტს ერთგვარი „კონსტიტუცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის AI-ის სფეროში „თვითკონტროლის“ ფორმას წარმოადგენს. კითხვაზე, საჭიროა თუ არა AI-ისგან ადამიანების დასაცავად უფრო მკაცრი ფორმალური რეგულაციები, ტრამპმა რისკების მიმართ შედარებით მსუბუქი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ კომპანიებში არიან ადამიანები, რომლებსაც „საკუთარი ქვეყანა და მსოფლიო უყვართ“.
შეხვედრას ტექნოლოგიური ინდუსტრიის არაერთი გავლენიანი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი, ჯეფ ბეზოსი, ჯენსენ ჰუანგი, დარიო ამოდეი, სუნდარ პიჩაი და სხვა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტრამპმა, მასკმა, ცუკერბერგმა, ჰუანგმა, ამოდეიმ, პიჩაიმ და OpenAI-ის პრეზიდენტმა გრეგ ბროკმენმა.
შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გლობალურად ლიდერობს და ამ პოზიციის შენარჩუნებას აპირებს. ის მაგიდასთან მასკსა და ჰუანგს შორის იჯდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
შეხვედრის პარალელურად, ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი AI-ჩატბოტიც გაუშვა, რომელიც სახელმწიფო სერვისებისა და შეღავათების შესახებ მომხმარებლების კითხვებს პასუხობს. სისტემა დაახლოებით 20,000 სამთავრობო ვებსაიტიდან აგროვებს ინფორმაციას და Google-ის Gemini-სა და SpaceX-ის Grok-ის მონაწილეობით შეიქმნა.
AI-ის უსაფრთხოების საკითხი ბოლო პერიოდში ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა. ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლების ნაწილი სულ უფრო ხშირად საუბრობს იმ რისკზე, რომელიც მოწინავე AI-სისტემების განვითარებას შეიძლება ახლავს, მათ შორის იმის შესაძლებლობაზე, რომ მომავალში ასეთი სისტემები ადამიანის კონტროლს გასცდეს.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი














