ტრამპმა AI-ს სახელი შეუცვალა და SI დაარქვა – რას ცვლის ახალი განკარგულება?

ტრამპმა AI-ს სახელი შეუცვალა და SI დაარქვა – რას ცვლის ახალი განკარგულება?

ფოტო: Jim Lo Scalzo/EPA/Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური უწყებები ხელოვნური ინტელექტის აღსანიშნავად ტერმინების „Artificial Intelligence“ და „AI“ ნაცვლად „Super Intelligence“-სა და „SI“-ის გამოყენებაზე უნდა გადავიდნენ.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტექნოლოგიური კომპანიების მიერ განვითარებული „განსაკუთრებული ტექნოლოგიები“ მნიშვნელოვნად აღემატება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თავდაპირველად ტერმინ „Artificial Intelligence“-ში იგულისხმებოდა.

ბრძანების თანახმად, თანამედროვე მოწინავე AI-მოდელებს უკვე შეუძლია ბევრად მეტი, ვიდრე ადამიანის ინტელექტის ცალკეული ასპექტების იმიტაცია ან ავტომატიზაცია. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ „Super Intelligence“ ტექნოლოგიის შესაძლებლობებს უფრო ზუსტად აღწერს.

ახალი ტერმინოლოგიის გამოყენება სავალდებულო იქნება ფედერალური დეპარტამენტებისა და სააგენტოების ოფიციალურ კომუნიკაციასა და დოკუმენტებში. ამასთან, უკვე გამოცემული რეგულაციების, კონტრაქტებისა და სხვა დოკუმენტების შეცვლა საჭირო არ იქნება.

აღმასრულებელი ბრძანება ასევე ავალებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ტრამპის მრჩეველს, მაიკლ კრაციოსს, 60 დღის განმავლობაში სხვა უწყებების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე განსაზღვროს, რა მასშტაბით შეიძლება „Super Intelligence“-მა მოქმედ კანონმდებლობაში არსებული „Artificial Intelligence“-ის განსაზღვრება ჩაანაცვლოს.

თეთრმა სახლმა ბრძანებასთან ერთად საინფორმაციო დოკუმენტიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „Super Intelligence“ ტექნოლოგიის შესაძლებლობებს ასახავს და ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ისეთი ამოცანების შესრულებას გულისხმობს, რომლებიც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა.

მასში ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული AI-ის პოლიტიკის ნაწილი გააუქმა.

ტრამპმა AI-ისთვის სახელის შეცვლის იდეა პირველად მიმდინარე თვის დასაწყისში წამოაყენა. მან Truth Social-ზე გამოკითხვა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „Artificial Intelligence“ ზოგიერთი ადამიანისთვის „არაზუსტ და არაელეგანტურ“ ტერმინად მიიჩნევა. პრეზიდენტმა ალტერნატივად „Superior Intelligence“, „Extreme Intelligence“ და „Supreme Intelligence“ დაასახელა.

პირველ გამოკითხვაში დაახლოებით 66 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი მხარდაჭერა „Superior Intelligence“-მა მიიღო. მეორე დღეს ტრამპმა „Superior Intelligence“ და „Super Intelligence“ ერთმანეთს შეადარა, ამჯერად კი ხმების 65% „Super Intelligence“-მა მიიღო.

სახელის შეცვლის იდეას ტრამპი მოგვიანებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც შეეხო. მისი თქმით, სიტყვა „artificial“ ტექნოლოგიას თითქოს „ყალბ ინტელექტად“ წარმოაჩენს და აშშ-ის ოფიციალურ დოკუმენტებში მომავალში „Super Intelligence“-ის გამოყენება უნდა დამკვიდრდეს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი