„თიბისი ბანკი“ უზბეკეთის 8 ქალაქში შოურუმებს ხსნის

„თიბისი ბანკი“ უზბეკეთის 8 ქალაქში შოურუმებს ხსნის

„თიბისი ბანკი“ უზბეკეთის 8 ქალაქში შოურუმებს ხსნის – ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Spot-ი ავრცელებს.

27 სექტემბერს სამარყანდში TBC Bank-ის პირველი ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში პირველი ციფრული ბანკი შოურუმებს უზბეკეთის კიდევ 7 ქალაქში – ბუხარაში, ქარში, ანდიჟანში, ჯიზახში, კოკანდში, ურგენჩსა და ფერღანაში გახსნის.

აღნიშნულ ადგილებში მომხმარებელი TBC.UZ-ის აპლიკაციაში რეგისტრაციასა და ვერიფიკაციის გავლის პროცესზე კომპეტენტური სპეციალისტებისგან კონსულტაციის მიღებას შეძლებენ და ბანკის სრულყოფილ კლიენტები გახდებიან. აქვე მათ ბარათის მიღებაც შეეძლებათ.

სამარყანდში პირველი შოურუმის გახსნის ღონისძიებას „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ესწრებოდა.

„სამარყანდს, როგორც უზბეკეთში სიდიდით მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქალაქს, რეგიონში საბანკო სექტორის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. ციფრული ბანკის გაფართოება და შოურუმის გახსნა ბანკის მნიშვნელოვანი მისიის ნაწილია, რომელიც გვჯერა, ციფრულ პროდუქტებზე გადასვლისთვის მოსახლეობის სტიმულირებას მოახდენს“, – განაცხადა შოურუმის გახსნის ღონისძიებაზე ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისი ბანკის“ შოურუმები სტანდარტული ბანკისგან განსხვავდება. მათში მომხმარებელს სხვა საბანკო მომსახურების მიღება არ შეუძლია. შოურუმები აღჭურვილია პლანშეტებით, რომელიც აპლიკაციის მუშაობის დემონსტრირებას ახდენენ.

სხვა ქალაქებში „თიბისი ბანკის“ შოურუმები ეტაპობრივად 2021 წლის ოქტომბრის განმავლობაში გაიხსნება.

ცნობისთვის: „თიბისი ბანკი“ უზბეკეთის ბაზარზე 2020 წლის ოქტომბერში, როგორც პირველი ციფრული ბანკი, შევიდა. დღეისთვის ბანკის სტანდარტული ფილიალები ქვეყნის მასშტაბით 18 ქალაქშია გახსნილი, ხოლო TBC.UZ-ის აპლიკაციით 800 000 სარგებლობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *