თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულები

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამედ ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი წელია ქართველი მეწარმეები ერთმანეთს და მთელს საქართველოს საკუთარ წარმატებას უზიარებენ და ქვეყანაში ბიზნეს სოციუმის განვითარებაზე ზრუნავენ.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, დამოუკიდებელმა ჟიურიმ 18 ფინალისტიდან, ჯამში 6 გამარჯვებული ბიზნესი გამოავლინა:

ნომინაციაში წლის ბიზნესი, გამარჯვებული “გროს ენერჯი ჯგუფი” გახდა. კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს.

წლის ქართული პროდუქტის ნომინაციაში კი, ჯილდო გეფერინს ერგო, რომელმაც 2014 წელს, საქართველოში ჩანთების მასიური წარმოება დაიწყო, რასაც ეტაპობრივად საფულეების, ქამრების, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების წარმოებაც დაემატა. დღეს კი, “გეფერინი”-ს პროდუქცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში იყიდება.

რაც შეეხება წლის ქალ მეწარმეს, გამარჯვებული კომპანია “სანტაა”. ეს ალპურ ზონაში არსებული ყველის საწარმოა, რომელიც სხვადასხვა სახეობის ყველს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საკუთარი ნედლეულით, მაღალი სტანდარტების დაცვით ამზადებს.

ნომინაცია წლის სტარტაპის გამარჯვებული 2018 წლის ბიზნესდაჯილდოვებაზე კომპანია “თიერსი” გახდა. ეკოლოგიისთვის სასარგებლო, საბურავების გადამამუშავებელი კომპანია, რომლის მიზანი მწყობრიდან გამოსული უვარგისი საბურავის გადამუშავება და მისგან ისეთი სასარგებლო პროდუქტის მიღებაა, როგორიებიცაა: კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო.

წლის ტურისტული ბიზნესი კი, ტურისტული კომპანია – ”Ecotour Georgia” -ს ერგო, რომლის ძირითადი საქმიანობაც შემომყვანი ტურიზმია.

და ბოლოს, რიგით მეექვსე ნომინაციაში, ბიზნესი დადებითი გავლენისთვის, გამარჯვებული  ”ჯეო მულჩი” გახდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით  მულჩის ერთადერთი მწარმოებელი კომპანიაა და დადებითი გავლენა აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე ქალაქის გარეგნულ იერსახეზეც.

წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეგორიის ჯილდო იყო დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.

ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს 344-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. პლატფორმამ 3 წლის მანძილზე ჯამში 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს. წელს 6 გამარჯვებულით, ახალი სახეებითა და სახელებით პროექტი დასრულებულია, მომავალ წელს კი, ახალი იდეებითა და წარმატებებით, ახალი ბიზნეს ისტორიები დაიწერება.