თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტში – SelectUSA მიიღონ მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში, შარშან თიბისის პარტნიორი 12 კომპანიის 40 წარმომადგენელი გაემგზავრა სამიტზე.
თიბისიმ ამერიკის ბაზრით დაინტერესებულ პარტნიორ ბიზნესებს, აშშ-ის საელჩოსა და AmCham-ის დახმარებით, სამიტის შესახებ ინფორმაცია და სამიტზე მონაწილეობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები გაუზიარა. საინფორმაციო შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – რობინ ლ. დანიგანი დაესწრო.
სამიტი SelectUSA აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის. ასევე – ინვესტორების, კომპანიების, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის ექსპერტების დასაკავშირებლად. ყოველწლიური პლატფორმა, ამერიკაში ბიზნესის დაწყებითა თუ გაფართოებით დაინტერესებული მონაწილეებისთვის, ღირებული ინფორმაციისა და კონტაქტების მიმოცვლის, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის.
წელს, რიგით მეთერთმეტე სამიტი 11-14 მაისს, მერილენდის შტატში ჩატარდება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან და AmCham-თან თანამშრომლობით, უკვე მეორე წელია ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ. თიბისის მისია პარტნიორებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივება და განვითარებაში ხელშეწყობაა. დღევანდელი შეხვედრა სრულად თანხვედრაშია ამ მისიასთან. სამიტში მონაწილეობის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკაში მათთვის საინტერესო პოტენციურ ინვესტორებს, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს შეხვდნენ. ჩვენი პრიორიტეტია, თიბისის მხარდაჭერით, რაც შეიძლება მეტი ქართული ბიზნესი გაფართოვდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.