თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოში ერთობლივი ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავენ - თურქული მედია

თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოში ერთობლივი ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავენ - თურქული მედია

თურქული კონტრაქტორი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონის აღმშენებლობაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

როგორც მინისტრმა თურქეთ-აზერბაიჯანის საინვესტიციო ფორუმზე საუბრისას განაცხადა, თურქული კომპანიები სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მსოფლიო მასშტაბით იღებენ მონაწილეობას. კონკრეტულად აზერბაიჯანში კი მათ დაახლოებით 450 პროექტი აქვთ განხორციელებული, რომელთა საერთო ღირებულება $15 მილიარდია.

მეჰმეთ მუშმა ხაზი გაუსვა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სავაჭრო კავშირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნები სავაჭრო მოცულობის $15 მილიარდამდე გაზრდას ისახავენ მიზნად.

მისივე თქმით, 2020 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა პანდემიის მიუხედავად წლიურ ჭრილში 5%-ით გაიზარდა და $4,6 მილიარდი შეადგინა. ვაჭრობის მოცულობა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის 2021 წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა და ელოდებიან, რომ ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნდება.

ვაჭრობის მინისტრმა ინვესტიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქული ინვესტიციების მოცულობა აზერბაიჯანში $12 მილიარდია, ხოლო აზერბაიჯანული ინვესტიციები თურქეთში $19.5 მილიარდს შეადგენს.

ამას გარდა, ფორუმზე თურქეთის უცხოური ეკონომიკური კავშირების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტმა ნაილ ოლპაკმა განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას განიხილავენ მესამე ქვეყნებშიც, მათ შორის, მაგალითად, საქართველოში ან პაკისტანში. მისივე თქმით, პოტენციურ საინვესტიციო სფეროებს ჯანდაცვა, ჯანდაცვის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, სამთო-მოპოვებითი მიმართულება და სამედიცინო სფერო წარმოადგენს.