თურქეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგრძელებს და საპროცენტო განაკვეთებს კიდევ 250 საბაზისო პუნქტით, 45%-მდე ზრდის.
ეროვნული ბანკის ამგვარი პოლიტიკა ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის შედეგია. 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფასების წლიური ზრდის ტემპი 64.8% იყო, ნეომბერში კი 62%. ამავდროულად, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტაც რეკორდულად გაუფასურდა და ისტორიაში პირველად გადასცდა 30-იან ნიშნულს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ განაკვეთების ზრდა მცირე ხნით შეჩერდება, რადგან მარტში ადგილობრივი არჩევნებია დანიშნული. ცენტრალურ ბანკშიც განაცხადეს, რომ ეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლის დასასრულია.
„საპროცენტო განაკვეთის ამჟამინდელი დონე შენარჩუნდება მანამ, სანამ თვიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება და დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ მერვედ გაიზარდა.
ბოლო წლების მაღალი ინფლაცია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებების შედეგია. აქამდე თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზედმეტად დაბალი იყო, რის შედეგადაც, ბოლო 5 წელიწადში, ლირა დოლართან მიმართებით 80%-ით გაუფასურდა.
გასული წლის ივნისში ერდოღანმა დამოკიდებულება შეცვალა. ახალმა ფინანსურმა გუნდმა, ეროვნული ბანკის ასევე ახალი მმართველის, ჰაფიზე ერქანის ხელმძღვანელობით, განაკვეთების ზრდა დაიწყო. მას შემდეგ საპროცენტო განაკვეთები 8.5%-დან 45%-მდე გაიზარდა.