Time Out: მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები 2024 წლისთვის

Time Out: მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები 2024 წლისთვის

Time Out-მა, უახლეს ანგარიშში, 2024 წლისთვის მსოფლიოს 50 საუკეთესო ქალაქი გამოავლინა. Time Out Index-ი, რომლის მიხედვითაც რეიტინგია შედგენილი, მსოფლიო მასშტაბით, ქალაქის 20,000-ზე მეტი მცხოვრებლის გამოკითხვასა და ორგანიზაციის რედაქტორთა შეფასებას ეფუძნება.

Time Out Index-ის შეფასების კრიტერიუმებს შორისაა: საკვები (ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით), კულტურა, ღამის ცხოვრება და ა.შ. სიაში ვხვდებით ქალაქებს, რომლებიც როგორც სამოგზაუროდ, ასევე საცხოვრებლადაც საუკეთესოა. შესაბამისად, რეიტინგი არა მხოლოდ 2024 წლისთვის მოგზაურობის გზამკვლევია, არამედ ქალაქის ცხოვრების გლობალურ სურათსაც წარმოადგენს.

Time Out-ის მიმდინარე წლის რეიტინგში პირველობა ნიუ-იორკს ეკუთვნის, რომელსაც ხუთეულში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქი კეიპტაუნი და ევროპის დედაქალაქები, ბერლინი, ლონდონი და მადრიდი მოჰყვება. სიაში ნიუ-იორკის ლიდერობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა: საკვები, კულტურა, ქალაქის სილამაზე და ბედნიერი რეზიდენტები. Time Out-ის გამოკითხულთა 15%-მა ნიუ-იორკში ცხოვრების სურვილიც გამოთქვა.

რაც შეეხება პირველ ხუთეულს, რესპონდენტების პასუხებზე დაყრდნობით, ბერლინი გამორჩეული მისი აქტიური ღამის ცხოვრების გამოა, ლონდონი პაბებით, უფასო მუზეუმებითა და გალერეებითაა მიმზიდველი, ხოლო მადრიდი – საკვებითა და სასმლით. პორტო კი, რომელიც რეიტინგის ათეულს ასრულებს, გამოკითხულებმა ყველაზე რომანტიკულ ქალაქად დაასახელეს.

საუკეთესო საერთაშორისო ქალაქი კეიპტაუნია. გამოკითხვის მიხედვით, სამხრეთ აფრიკის ქალაქი გამორჩეული მისი ცოცხალი კულტურითაა, გალერეებით, სტუდიებითა და საზოგადოებრივი ღონისძიებებით – მათ შორისაა Cape Town Art Fair-ი, ხელოვნების უდიდესი ბაზრობა აფრიკაში.

რეიტინგის ოცეულში, ნიუ-იორკის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ორ ქალაქს ვხვდებით. ჩიკაგო, რომელიც 2016 და 2018 წლებში სიის სათავეში იყო, ამჟამად მე-14 პოზიციას სჯერდება, ხოლო ლოს-ანჯელესი რეიტინგის მე-17 ადგილზეა.

წარმოგიდგენთ, Time Out-ის მიხედვით, 2024 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების ოცეულს:

  1. ნიუ-იორკი, აშშ
  2. კეიპტაუნი, სამხრეთი აფრიკა
  3. ბერლინი, გერმანია
  4. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
  5. მადრიდი, ესპანეთი
  6. მეხიკო, მექსიკა
  7. ლივერპული, გაერთიანებული სამეფო
  8. ტოკიო, იაპონია
  9. რომი, იტალია
  10. პორტო, პორტუგალია
  11. პარიზი, საფრანგეთი
  12. მუმბაი, ინდოეთი
  13. ლისაბონი, პორტუგალია
  14. ჩიკაგო, აშშ
  15. მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო
  16. სან-პაულუ, ბრაზილია
  17. ლოს-ანჯელესი, აშშ
  18. ამსტერდამი, ნიდერლანდები
  19. ლაგოსი, ნიგერია
  20. მელბურნი, ავსტრალია