თურქეთის კოსმოსური სააგენტო ქვეყნის YLYS-2021 წლის პროგრამის იმპლემენტაციისათვის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მქონე ოცდაათ სტუდენტს სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნის. პროგრამის მიზანი სახელმწიფოს კოსმოსური პროგრამისათვის გამოცდილი და კვალიფიციური სამუშაო ძალის მობილიზებაა.
აღნიშნული პროგრამის მონაწილე სტუდენტებს თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტრო 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე შეარჩევს.
შერჩეული სტუდენტები კი თურქეთის კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამაში მიიღებენ. სტუდენტები საზღვარგარეთ ისწავლიან ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა საჰაერო და კოსმოსური პლატფორმის ოპტიკის ტექნოლოგიები, კოსმოსური სამართალი, რადიოსანავიგაციო სისტემები, რადიოასტრონომია, კოსმოსური ნარჩენების, ასტეროიდებისა და მეტეორების აღმოჩენა და მათზე დაკვირვება, სარაკეტო სისტემები და კოსმოსური ტექნოლოგიები, ენერგო- და ძრავის ტექნოლოგიები.
თურქეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, სტუდენტებისათვის პირველ ეტაპზე მხოლოდ 30 ადგილია გამოყოფილი. საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ კი ისინი კოსმოსურ სააგენტოში ინჟინრების, ასტრონომებისა და იურისტების პოზიციებზე განაგრძობენ მუშაობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კოსმოსის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადამიანური რესურსების მობილიზებას, რაც კოსმოსური სააგენტოს პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 10 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის კოსმოსური მისიის 10-წლიანი გეგმა წარმოადგინა, რაც თურქი ასტრონავტების მთვარეზე გაფრენასაც გულისხმობს. თურქეთის კოსმოსური სააგენტო კოსმოსის კვლევის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად 2018 წელს შეიქმნა.