ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესი უნდა დაჩქარდეს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესი უნდა დაჩქარდეს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მიმდინარე კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სუფთა ენერგიის გამომუშავების პროცესი დედამიწაზე ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად ძალიან ნელა მიმდინარეობს.

პარიზში მდებარე ორგანიზაციამ საკუთარი განცხადება 2021 წლის ენერგიის მსოფლიო მოხმარების ანგარიშს დაურთო. ანგარიშში წარმოდგენილ საფრთხეებსა და გამოწვევებზე მსოფლიოს ენერგოლიდერები  CO26 კლიმატის ცვლილების სამიტზე იმსჯელებენ, რომელიც შოტლანდიაში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ, მართალია, 2020 წელს ელექტრომობილების გაყიდვების მაჩვენებლებმა ახალი რეკორდები მოხსნა და მზისა და ქარის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოთხოვნაც სულ უფრო მეტად გაიზარდა, მაგრამ საკითხის გადაჭრისათვის განხორციელებული ღონისძიებები მაინც შეფერხებით მიმდინარეობს.

საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ქმედებების იმპლემენტაცია 2020 წელს პანდემიამაც შეაჩერა. პანდემიის გავლენებისაგან ეკონომიკების აღდგენის პროცესმა, თავის მხრივ, ბუნებრივი აირის, ქვანახშირისა და ელექტროენერგიის ფასებიც გაზარდა.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი ის პროგრესი, რაც განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარებითა და მობილობის ელექტრიფიკაციით იყო მიღწეული, 2021 წელს ქვანახშირისა და ნავთობის მოხმარების ზრდის ფონზე უმნიშვნელო ხდება. მეტიც, მიმდინარე წელს CO2-ის გამოყოფის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი ყოველწლიური ზრდა დაფიქსირდა. რასაკვირველია, ამის მიზეზი ისიც არის, რომ გასულ წელს მათი მოხმარება თითქმის 0-ს უტოლდებოდა, თუმცა ეს მაინც ყურადსაღები გარემოებაა, რაც  ზომების გამკაცრებას საჭიროებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *