თურქეთის პრეზიდენტსა და ილონ მასკს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

 თურქეთის პრეზიდენტსა და ილონ მასკს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელზედაც მხარეებმა ციფრული ეკონომიკისა და ელექტრომანქანების განვითარება, გრძელვადიანი ინვესტიციები და მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აუცილებელი საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მსვლელობისას, პრეზიდენტმა მილიარდერს საკომუნიკაციო თანამგზავრის, Turksat 5A-ს შექმნაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, თურქული Turksat 5A-ს შემდგომ,  SpaceX-ის საშუალებით, კვირას უკვე Turksat 5B-ის თანამგზავრი გაიშვება კოსმოსში.  მადლობის ნიშნად, თურქეთის პირველმა პირმა მასკს საჩუქრად ხუთი ათასი ბავშვის მიერ შექმნილი, სატელიტური ხელოვნების NFT გადასცა.

თავის მხრივ, SpaceX-ის დამფუძნებელმა თურქეთთან წარმატებული სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა, რომელიც თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამასა და ადგილობრივი წარმოების ელექტროავტომობილის, TOGG-ის წარმოებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ჟურნალმა Time-მა, რამდენიმე დღის წინ, 2021 წლის ადამიანად დაასახელა. ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული მიმდინარე წელს, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს ჩამოართვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *