თურქეთმა განახლებადი ენერგიის 2023 წლისათვის დასახულ მიზნებს 2021 წლის ბოლოს მიაღწია

თურქეთმა განახლებადი ენერგიის 2023 წლისათვის დასახულ მიზნებს 2021 წლის ბოლოს მიაღწია

თურქეთის ენერგეტიკისა და  ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთის ენერგეტიკულმა სიმძლავრემ განახლებად ენერგიაში ოქტომბრის ბოლოსათვის 53000 მეგავატს მიაღწია. მინისტრის განცხადებით, 2019–2020 წლებში განახლებადი ენერგიის წყაროების წილმა ელექტროენერგიის წარმოებაში 42%–ს გადააჭარბა, შესაბამისად, 2023 წლისათვის დასახული მიზანი უკვე მიღწეულია.

ანტალიაში გამართულ თურქეთის მე–11 ენერგეტიკულ სამიტზე ქვეყნის ენერგეტიკული ინდუსტრიის ლიდერები იყვნენ შეკრებილნი. ღონისძიება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EPDK) დაფინანსებით ჩატარდა.

წლევანდელ სამიტზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ინვესტიციები ბუნებრივი აირის ძიებასა და წარმოებაში, ელექტრომანქანების პერსპექტივა, ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების დიგიტალიზაცია და სხვა. ენერგეტიკის სამიტის პარალელურად ISTRADE-ის ენერგეტიკული ვაჭრობისა და მიწოდების სამიტიც იმართება.

მინისტრის თქმით, COVID-19-ის პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური პრობლემების გამო მსოფლიო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის, შესაბამისად, თურქეთის მთავრობა  ენერგეტიკის ბაზრის მონაწილეებთან ურთიერთობას კიდევ უფრო აძლიერებს. „ენერგეტიკული სექტორი თურქეთის ზრდის ძრავაა, ამ ბიზნესის მოცულობითა და ქვეყნის ეკონომიკაში მისი უზარმაზარი წვლილის წყალობით, –აღნიშნა დონმეზმა. – ამ ეტაპზე შეგვიძლია, ვისაუბროთ ეკოსისტემაზე, რომელსაც მყარი ინფრასტრუქტურა აქვს, უფრო მდგრადია კრიზისების მიმართ და შეუძლია განახორციელოს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები“.

მინისტრმა ასევე ისაუბრა შავ ზღვაში თურქეთის საძიებო საქმიანობაზე და საკარიას გაზის საბადოზე. მისი განცხადებით, საველე საინჟინრო სამუშაოები უკვე დასრულებულია. პირველი  ,,მილების შედუღება“  წყლის ქვეშ მოთავსებით 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რყევებს, განსაკუთრებით ფასის ცვალებადობას, თურქეთი მყარი პოზიციებით შეხვდა. მისი განცხადებით, თურქეთი ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღმდგენი ქვეყანაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *