თურქეთში ინფლაციამ 83.5%-იან ნიშნულს მიაღწია

თურქეთში ინფლაციამ 83.5%-იან ნიშნულს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 83.45% შეადგინა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი ნიშნულია.

სექტემბერში, გასულ თვესთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასები 3.08%-ით გაიზარდა, გაძვირების ყველაზე ძლიერი ტენდენცია კი სურსათისა და ენერგოპროდუქტების კატეგორიებში ფიქსირდება.

მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 100 საბაზო პუნქტით, 12%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

ექსპერტების შეფასებით, ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის შემცირება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაჟინებულ მოთხოვნასთან, რომელიც არატრადიციული ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და მიიჩნევს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.

ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

“ჩვენი მტერი საპროცენტო განაკვეთია, ჩემი ბრძოლა სწორედ მის წინააღმდეგაა მიმართული. მართალია, განაკვეთი უკვე შევამცირეთ 12%-მდე, მაგრამ არის თუ არა ეს საკმარისი? – არა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ის კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს და პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს ვიზამთ ამისათვის”, – განაცხადა ერდოღანმა.

მიუხედავად “თურქსტატის” მიერ გასაჯაროებული შემაშფოთებელი მონაცემებისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალი, ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია.

აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს უმსხვილესი თურქული პროფესიული კავშირის – “საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის” ყოველთვიური კვლევა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესახებ, რომლის თანახმად, თურქეთში რეალური წლიური ინფლაციის დონე 160%-ს შეადგენს.

სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის 12%-მდე შემცირება კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ინფლაციას და ქვეყანას გაცილებით რთულ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.