გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას გლობალურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე მოხდა, რაც, უმეტესწილად, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ყოველწლიური ღონისძიებებით აიხსნება: ასეთი ღონისძიებები ჩაატარეს Amazon-მა და Tesla-მ – პირველმა განახლებული საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, მათ შორის უახლესი Kindle-ი წარმოადგინა, ხოლო მეორემ კაცობრიობას ჰუმანოიდი რობოტი წარუდგინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes-ის ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

გაშვებიდან სამი წლის შემდეგ Google-მა Stadia-ს გათიშვა გადაწყვიტა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გაშვებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ Google-მა ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვიდეოთამაშების სტრიმინგ-პლატფორმის, Stadia-ს გათიშვა გადაწყვიტა, რადგან, როგორც ჩანს, სერვისმა კრიტიკული მასის მოგროვება ვერ შეძლო, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, თავის დროზე, Stadia ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტად მიიჩნეოდა, რომლითაც Alphabet-ი სათამაშო კონსოლების მსხვილ მწარმოებლებთან კონკურირებას აპირებდა.

აღნიშნული ამბიციური მიზნის მიღწევა Google-ს თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა, რადგან ტრადიციული სათამაშო კონსოლებისგან განსხვავებით, Stadia მომხმარებლებს თამაშის საშუალებას უკონსოლოდ, ანუ Android-ის სმარტფონებსა და ტელევიზორებზე აძლევდა. თავად ეს სერვისი თვეში $10 ღირდა და მის განვითარებაზე და პლატფორმაზე საუკეთესო ვიდეოთამაშების დასამატებლად, Google-მა ასობით მილიონი დოლარი დახარჯა – ამ ვარაუდს Bloomberg-ი აყალიბებს, რომლის თქმით, მხოლოდ Red Dead Redemption 2-ის დამატება Stadia-ს ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა.

„მიუხედავად იმისა, რომ Stadia-ს მიდგომა მყარ ტექნოლოგიურ საფუძველს ემყარებოდა, მან მომხმარებელთა სასურველი კრიტიკული მასის მოპოვება ვერ შეძლო“, – ვკითხულობთ Stadia-ს ვიცე-პრეზიდენტის, ფილ ჰარისონის ბლოგში. „ამგვარად, Stadia-ს სტრიმინგ-პლატფორმის გათიშვის გადაწყვეტილება მივიღეთ“. ცნობისთვის გეტყვით, რომ საკუთარი სათამაშო ბიბლიოთეკების დათვალიერებას და თამაშს მომხმარებლები 18 ივნისამდე შეძლებენ – ამასთანავე, Google-ი მომხმარებლებს ყველა იმ შენაძენს აუნაზღაურებს, რომლებიც მათ Google Store-ში განახორციელეს, საუბარია აპარატულ უზრუნველყოფაზეც.

ფოტო: Google

Stadia-ს დებიუტი 2019 წლის ნოემბერში შედგა, ორი ძალიან პოპულარული ვიდეოთამაშით – Destiny 2-თა და Assassin’s Creed Odyssey-ით. ისე კი, Google-ის მთავარ მიზანს მაინც საკუთარი ვიდეოთამაშების წარმოება წარმოადგენდა, რისთვისაც კომპანიამ ასობით დეველოპერი დაიქირავა ლოს-ანჯელესსა და მონრეალში. თუმცა აღნიშნული პროექტი მალევე დაიხურა, ისევე როგორც Google-ის ვიდეოთამაშების სტუდიები. როგორც თავის დროზე იწერებოდა, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიაში ვიდეოთამაშების დეველოპმენტისთვის საჭირო ქაოსურად კრეატიული გარემოს შექმნა ვერ მოახერხა, მოგვიანებით კი მსოფლიოს პანდემია დაატყდა თავს.

თუმცა Stadia-ს კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდა – ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული ბიზნესმოდელი, რომელიც მომხმარებლებს თამაშების ფლობის შეგრძნებას არ აძლევდა. უცნაური სულაც არ არის, რომ Stadia-ს გათიშვამ ამ მიმართულებით მომხმარებელთა შიშსა და უკმაყოფილებას ხაზი გაუსვა. გეიმერები მომხმარებელთა იმ კატეგორიას წარმოადგენენ, რომელთაც განსაკუთრებული ბმა აქვთ მოწყობილობებთან, რომლებითაც თამაშობენ – ამრიგად, Stadia-ს მიერ შეთავაზებული მოდელი ბევრისთვის უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა. ცხადია, რომ ეს შეგრძნებები კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა – Bloomberg-ის ინფორმაციით, Google-ი ასიათასი ერთეულით ასცდა სამართავი პულტების, ე.წ. „ჯოისტიკების“ და ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვის სამიზნე მაჩვენებლებს.

ქლაუდ-გეიმინგის ბაზრიდან Stadia-ს გასვლის მიუხედავად, აღნიშნული სფერო არსებობას აგრძელებს – ბაზრის წამყვან მოთამაშეებს შორის დღეს Amazon-ის Luna, Microsoft-ის xCloud-ი და Nvidia-ს GeForce Now არიან.

Apple-მა უდიდესი რუსული სოციალური ქსელი VKontakte App Store-იდან წაშალა

გასულ კვირას Apple-მა უდიდესი რუსული სოციალური ქსელი VKontakte საკუთარი მარკეტპლეისიდან, App Store-იდან წაშალა, – ამის შესახებ რუსული კომპანიის ბლოგში ვკითხულობთ.  როგორც ირკვევა, ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ სოციალურ ქსელს, არამედ VKontakte-ს მფლობელი კომპანიის, VK-ს მიერ შექმნილ სხვა აპლიკაციებსაც.

ცნობისთვის გეტყვით, რომ VK ერთგვარი ტექნოლოგიური კონგლომერატია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სოციალური ქსელს, ასევე ელექტრონულ ფოსტას, საკვების მიტანის სერვისს და ონლაინგადახდების ფუნქციონალს. კომპანიის მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელს, VKontakte-ს 97 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს გარშემო, ხოლო კომპანიის ელექტრონულ ფოსტას, Mail.ru-ს, მხოლოდ რუსეთში 46 მილიონი ადამიანი იყენებს.

„აღნიშნული აპლიკაციები იმ დეველოპერების მიერაა გავრცელებული, რომელთა საკონტროლო პაკეტს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ სანქცირებული, სულ მცირე, ერთი კომპანია ფლობს“, – განაცხადა Apple-ის წარმომადგენელმა, ადამ დემამ The Verge-თან საუბრისას. „აღნიშნული სანქციების აღსრულებისთვის, Apple-მა ამ აპლიკაციებთან დაკავშირებული ანგარიშები შეზღუდა – ამ აპლიკაციების App Store-დან გადმოწერა შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებით. მომხმარებლები, რომელთაც ეს აპლიკაციები გადმოწერილი ჰქონდათ, მათ გამოყენებას კვლავაც შეძლებენ“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Apple-მა რუსულ ბაზარზე ახალი პროდუქტების გაყიდვა შეწყვიტა, ქვეყანაში Apple Pay-ის სერვისი გათიშა და რუსეთს გარეთ მყოფი მომხმარებლებისთვის პროპაგანდისტული რუსული მედიასაშუალებები, RT და Sputnik-ი აკრძალა.

დემოკრატები FTC-ს მიმართავენ და Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის შესწავლას მოითხოვენ

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრები მოითხოვენ, რომ ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვა შეისწავლოს და საჭიროებისამებრ, დაბლოკოს კიდეც ის, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო რობოტების მწარმოებელი კომპანიის, iRobot-ის $1.65 მილიარდად შესყიდვის შესახებ Amazon-მა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა.

ფოტო: Alex Castro / The Verge

როგორც დემოკრატი კანონმდებლები აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავენ, ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიაში Amazon-ის ერთ-ერთი უმთავრესი პირდაპირი კონკურენტის შესყიდვით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი არასამართლიანად დომინანტური მოთამაშე გახდება – ამასთანავე, კანონმდებლები Amazon-ის მიერ მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების არშესრულებაზეც აპელირებენ.

„ვიცით რა, თუ როგორ ეპყრობა Amazon-ი მომხმარებელთა პირად მონაცემებს და ვხედავთ, რომ საკუთარი მონოპოლიური ძალაუფლების გასაზრდელად ანტიმონოპოლიურ შერწყმებს იყენებს, მიგვაჩნია, რომ ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ საკუთარი მანდატი უნდა გამოიყენოს და Amazon-ისა და iRobot-ის გარიგებას წინ აღუდგეს“, – ვკითხულობთ კანონმდებელთა წერილში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები Amazon-ისა და მისი პროდუქტების წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ ფედერალური სავაჭრო კომისია Amazon-ის მიერ პირველადი ჯანდაცვის ქსელის, One Medical-ის $4 მილიარდად შესყიდვით დაინტერესდა, მანამდე კი მარეგულირებლის ყურადღების არეში Amazon-ის მიერ MGM-ის $8.45 მილიარდად შესყიდვა მოხვდა.

არსებობს შანსი, რომ ფედერალური სავაჭრო კომისია ამ გარიგებას უკვე იძიებს – ამის შესახებ ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ, The Wall Street Journal-მა სექტემბრის დასაწყისში დაწერა. გამოცემის ინფორმაციით, ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გარკვეული დოკუმენტებიც კი გამოითხოვა, რაც iRobot-მა კომისიისადმი გაგზავნილი საბუთებით დაადასტურა.

საინტერესოა, რომ თუ აღნიშნული საქმე მართლაც დაიძრა, მას თავად ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარე, ლინა ხანი უხელმძღვანელებს, რომელიც Amazon-ის დიდი ხნის კრიტიკოსია. ცნობისთვის გეტყვით, რომ სამართლებრივ წრეებში დიდ სიმაღლეებს ლინა ხანმა სწორედ Amazon-ის შესახებ დაწერილი სტატიის შემდეგ მიაღწია – სტატიას „Amazon-ის მონოპოლიის პარადოქსი“ ჰქვია.

Tesla-მ ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის პროტოტიპი წარმოადგინა

გასულ კვირას მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირად ღირებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Tesla-მ ხელოვნური ინტელექტის დღე გამართა, რომელზეც სხვა სიახლეებთან ერთად ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის პროტოტიპი წარმოადგინა. როგორც წარდგენიდან ვიგებთ, სხვა ჰუმანოიდ რობოტებთან შედარებით Optimus-ს ყველაზე მეტი ფუნქციის შესრულება, მათ შორის ცეკვა და ყუთების გადატანა შეუძლია. ჰუმანოიდი რობოტის მომავალ საქმიანობას შორის ილონ მასკი საკვების მომზადებას, ბაღისა და ბოსტნის მოვლას და ადამიანის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ასახელებს.

ილონ მასკის მიერ წარმოდგენილ რობოტს 2.3 კილოვატსაათის მოცულობის ელექტრობატარეათა კოლოფი და Tesla-ს მიერ დამზადებული მიკროჩიპი აქვს – ამასთანავე, რობოტს Wi-Fi-სა და LTE-კავშირის მხარდაჭერაც აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, რობოტის ყველაზე დახვეწილი ფუნქციონალი მაინც მის ხელებზე, მაჯებსა და მუხლებზე მოდის, რადგან პრეზენტაციის დიდი წილი სწორედ ამ ნაწილების განხილვას დაეთმო. როგორც ირკვევა, Optimus-ის ნაწილების დიზაინის ინსპირაციად ადამიანი და მისი ხელი იქცა – ამგვარი ხელი რობოტსაც აქვს, რომლითაც, ინჟინრების თქმით, მას სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნივთების აღება და ჭანჭიკის მსგავს მცირე ზომის ნაწილაკებზე ფოკუსირება შეუძლია.

ფოტო: Tesla

ამასთანავე, Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი ტექნოლოგიურადაც საკმაოდ დახვეწილია, რადგან ის იმავე პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, რასაც Tesla-ს ავტომობილები. Tesla Autopilot-ის დახმარებით, ჰუმანოიდი რობოტი მის გარშემო არსებულ გარემოს სწავლობს და ადამიანებს აკვირდება, როცა ისინი სხვადასხვა მოძრაობას აკეთებენ. მოგვიანებით, ეს ცოდნა რობოტის ფიზიკურ ქმედებებზე აისახება, რომლებიც დროთა განმავლობაში იხვეწება.

„ეს რობოტი ადამიანის მოდგმის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ილონ მასკმა, რომელსაც სჯერა, რომ Optimus-ს ადამიანური ცივილიზაციის მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესის გაორკეცება შეუძლია.

თუმცა ეს ყველაფერი როდია: მოგვიანებით, Tesla-ს თანამშრომლებმა სცენაზე კიდევ ერთი რობოტი გამოიყვანეს, რომელიც, როგორც აღინიშნა, Optimus-ის საბოლოო, კომერციულ მზა დიზაინთან ყველაზე მეტად არის მიახლოებული, მაგრამ ჯერ სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს – ერთადერთი, რაც აღნიშნულ რობოტს შეუძლია, ხელის ქნევაა, რაც მის განვითარებულ არტიკულაციაზე მეტყველებს. ილონ მასკის შეფასებით, ამ რობოტს ყველაფერი აქვს, მაგრამ დამოუკიდებლად მოძრაობა ჯერ არ შეუძლია.

ფოტო: Tesla

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ილონ მასკის კომპანიის ახალი მიგნების კრიტიკოსთა ხმაც – რობოტიკის ექსპერტების შეფასებით, ბაზარზე Optimus-ზე გაცილებით უფრო განვითარებული რობოტებიც არიან, რომელთაც სიარული, სირბილი და ახტომა შეუძლიათ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის იმდენად განვითარებული, რომ ადამიანის ჩანაცვლება მოახერხოს.

ილონ მასკის განცხადებით, ჰუმანოიდი რობოტების წარმოებას მისი კომპანია სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყებს. Optimus-ი, რომელიც მასობრივი წარმოებისთვის არის შექმნილი, $20 ათასამდე ეღირება და Tesla მისი მილიონობით ერთეულის გამოშვებას გეგმავს.

Hertz-ი და BP-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში EV-დამტენების ქსელს ერთობლივად მოაწყობენ

ავტომობილების გაქირავებს ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ქსელი Hertz-ი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანია BP-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომანქანების დამტენების ქსელს ერთობლივად მოაწყობენ, – ამის შესახებ პირველად Engadget-მა დაწერა. როგორც ირკვევა, EV-დამტენების ქსელის მოწყობით, Hertz-ი ელექტრომობილების მზარდი ავტოპარკის მომარაგებას შეძლებს – შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კომპანიამ Tesla-ს, Polestar-ისა და GM-ის სამასი ათასი ელექტრომობილის შესყიდვის შესახებ განაცხადა.

ის, თუ რამდენი EV-დამტენი მოეწყობა პროექტის ფარგლებში, რა სახის ინვესტიციას დებენ კომპანიები ამ მიმართულებით და როდის დასრულდება პროექტი, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ ამ პროექტის ფარგლებში Hertz-ი BP Pulse-თან – ნავთობმომპოვებელი გიგანტის ელექტრომობილების განყოფილებასთან ითანამშრომლებს. კომპანიები ელექტრომობილების სწრაფად დასამუხტი ჰაბის შექმნას ერთად გეგმავენ, რომელიც მოემსახურება როგორც Hertz-ის ავტომობილებს, ასევე ზოგადად ელექტრომობილებს.

როგორც ამერიკული გამოცემა CNBC-ი წერს, აღნიშნული გარიგება ორ კომპანიას შორის ადრე დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომლის თანახმად BP-მ ელექტრომობილების დამტენი ოცდახუთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტში მოაწყო. საინტერესოა, რომ ამ პროექტის დასაწყებად Hertz-ი $7.5-მილიონიან ფედერალურ დაფინანსებას მიიღებს, ხოლო თავად ეს პროექტი ნათლად ეხმიანება BP-ის ხედვას, რომლის თანახმად, კომპანიას 2023 წლისთვის მსოფლიოში ელექტრომობილების დასამუხტი ასი ათასი სადგურის მოწყობა სურს.

კომპანიებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი დეფიციტია. ამასთანავე, იკვეთება როგორც არსებული სადგურების განახლების, ასევე EV-დასამუხტი სადგურების უბნების მიხედვით უფრო სამართლიანად განაწილების საჭიროებაც.

თუმცა მოსალოდნელია, რომ ყველაფერი ეს მალე შეიცვლება – მიზეზი კი ინფრასტრუქტურის განვითარების $900-მილიონიანი პროექტია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი გასულ წელს მოაწერა – აღნიშნული პროექტი EV-დასამუხტი სადგურების მოწყობას ამერიკის ოცდათხუთმეტ შტატში ითვალისწინებს. ბაიდენს სურს, რომ 2030 წლისთვის აშშ-ში ნახევარი მილიონი EV-დამტენი გამოჩნდეს, რაც დიდი ზრდაა, თუ გავიხსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ 41 ათასი EV-დამტენი დგას.

Amazon-მა უახლესი ელექტრონული წამკითხველი, Kindle Scribe-ი წარმოადგინა

გასულ კვირას მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Amazon-მა უახლესი ელექტრონული წამკითხველი, Kindle Scribe-ი წარმოადგინა. ახალ Kindle-ს, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდება და $339 ეღირება, 10.2-ინჩიანი ეკრანი და ციფრული ფანქარი აქვს, რომელიც მოწყობილობას მაგნიტების საშუალებით უმაგრდება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტექნოლოგიის მქონე ელექტრონულ წამკითხველებს Amazon-ის კონკურენტი კომპანიები, Rakuten Group-ი და Remarkable-იც აწარმოებენ.

ფოტო: Amazon

შეგახსენებთ, რომ პირველი ელექტრონული წამკითხველი Amazon-მა ჯერ კიდევ 2007 წელს წარმოადგინა. ის, რაც თავის დროზე ინოვაციურ პროდუქტად მიიჩნეოდა, დღეს ადამიანების ყოველდღიურად იქცა. უახლესი Kindle-ი კი ამ ტენდენციის თვალსაჩინო მაგალითია – აღნიშნული მოწყობილობით მომხმარებლები არა მხოლოდ წიგნების კითხვას, არამედ ტექსტის მონიშვნას და სხვადასხვა აპლიკაციაში, მათ შორის Microsoft Word-ში მუშაობას შეძლებენ.

Walmart-მა Roblox-ის მეტავერსულ სამყაროში ორი საბავშვო სივრცე შექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესმა ქსელურმა მაღაზიამ, Walmart-მა Roblox-ის მეტავერსში ორი ვირტუალური სამყარო – Walmart Land-ი და Walmart’s Universe of Play-ი შექმნა, რომელთაც კომპანია ბავშვებისთვის სათამაშოების მისაყიდად გამოიყენებს, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მიზნისთვის Roblox-ი იდეალური პლატფორმაა – მას 50 მილიონი ყოველდღიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა ორი მესამედი 16 წლამდე ასაკისაა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Walmart Land-ი და Universe of Play ვირტუალური ლობის ტიპის სივრცეებია, რომლებშიც მომხმარებლებს ბევრი მინი-თამაში და უამრავი საინტერესო გამოცდილება დახვდებათ, მათ შორის ეშმაკის ბორბალი, ინტერაქციული ფორტეპიანო და დი-ჯეის ჯიხური – აღნიშნული სერვისების უმეტესობა სხვადასხვა ბრენდთან კოლაბორაციით შეიქმნა. ამასთანავე, მომხმარებლებს Razor-ის ბრენდირებული  სკუტერებით რბოლა და PAW Patrol-ის პერსონაჟებთან ერთად დროის ტარება და საკუთარი ავატარისთვის ბრენდირებული ვირტუალური ნივთების შეძენა შეუძლიათ.

ფოტო: Walmart

თუმცა ჩნდება შეკითხვა – Walmart-ისთვის ეს რამდენად მოგებიანი წამოწყებაა? Walmart-ის მეტავერსულ სტატისტიკას თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ მაღაზიის ვირტუალურ სამყაროში ორასი ათასი მომხმარებელი შევიდა – სწორედ ამდენი ტოკენი გასცა კომპანიამ იმ სტუმრებისთვის, რომლებიც სამყაროში პირველად მოხვდნენ. თუმცა გაცილებით მცირეა რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გარკვეული პრიზები მოიგეს და, როგორც The Verge-ის დაკვირვებიდან ჩანს, გაშვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ Walmart-ის ვირტუალურ სამყაროებს სულ რამდენიმე ათეული ადამიანიღა სტუმრობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *