თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებმა, ქვეყნის ინტეგრირებული მრავალდონიანი „ფოლადის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, $6.5 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დირექტორატმა (SSB) გააკეთა.
NATO-ს წევრმა თურქეთმა, რომელმაც ბოლო წლებში თავდაცვის ინდუსტრიაში წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო გარე მიმწოდებლებზე დამოკიდებულება შეამცირა, „ფოლადის გუმბათის“ მშენებლობა 2024 წლის ივლისში დააანონსა. თურქეთის გუმბათის სისტემა ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსი იქნება.
საჰაერო ძალების გაძლიერებისკენ ანკარას ისრაელის მიერ ირანსა და სირიაზე, ასევე ლიბანსა და კატარზე გასულ წელს განხორციელებულმა შეტევებმა უბიძგა. პროექტი 47 კომპონენტისგან, მათ შორის რადარებისგან, რაკეტებისგან, ელექტროოპტიკური სენსორებისგან, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებისგან და სხვადასხვა დიაპაზონის საჰაერო თავდაცვის ელემენტებისგან შედგება.
SSB-ის თავმჯდომარის, ჰალუქ გიორგიუნის განცხადებით, კონტაქტები საბრძოლო სისტემების და მათი გაუმჯობესებული ვერსიების განვითარებას ითვალისწინებს, რომლებიც თურქული Roketsan-ის მიერ შემუშავდება. პროექტი სრულად შიდა წარმოების სისტემების გამოყენებით განხორციელდება და თურქეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
თავდაცვის სფეროს კომპანიების, Roketsan-ისა და Aselsan-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, კონტრაქტებს „სტრატეგიული მნიშვნელობა“ აქვს და ისინი ასევე მოიცავს კოსმოსური და საჰაერო თავდაცვის სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და სხვა სტრატეგიული სისტემების განვითარებას.















