თვითმკვლელობის საწინააღმდეგო აბი

თვითმკვლელობის საწინააღმდეგო აბი

მსოფლიოში ყოველ წელს 1 მლნ ადამიანზე მეტი (აქედან დაახლოებით 35 000 ამერიკელია) სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს – ეს აჭარბებს პროსტატის კიბოთი და პარკინსონის დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობას. 15 – 25 წლის ასაკის ამერიკელებს შორის სუიციდი სიკვდილის გამომწვევი რიგით მესამე ფაქტორია. ამის მიუხედავად, მკვლევარებმა ძალიან ცოტა რამ იციან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეხმარონ სუიციდური აზრებით შეპყრობილ ადამიანებს. ამ თემის იგნორირება იმდენად აშკარად ხდება, რომ ფსიქიატრიის ბიბლიის – „ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს” (DSM IV) – უკანასკნელი 900-გვერდიანი გამოცემა ექიმებს არ აძლევს არც ერთ რჩევას სუიციდური რისკის შეფასების თაობაზე.

შიში, ორგანიზების სირთულე, კვლევების მწირი დაფინანსება და ფარმაცევტული კომპანიებისათვის არსებული რისკი – ის მიზეზებია, რომლებსაც თვითმკვლელობის პრობლემის იგნორირებისაკენ მივყავართ. 2010 წელს ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა შესაბამისი კვლევებისათვის სულ რაღაც $40 მლნ გამოყო, მაშინ როდესაც $3,1 მილიარდიანი დაფინანსება აქვს შიდსის კვლევებს, რომლის მსხვერპლთა რაოდენობა ორჯერ ნაკლებია.

დიდი ფარმაცევტული კომპანიები ანტიდეპრესანტული და სხვა მედიკამენტების ტესტირების პროგრამებიდან სუიციდურ პაციენტებს გამორიცხავენ. არ არსებობს იმის კომერციული აუცილებლობა, რომ თავი ასეთ ხიფათში ჩაიგდონ, რისკის ჯგუფის პაციენტებზე ჩატარებული ცდები მილიონები დაჯდება და წლების მანძილზე გაგრძელდება. გარდა ამისა, წარუმატებლობისაგან თავის დაზღვევა შეუძლებელია. Bloomberg News -ს შეფასებით, GlaxoSmithkline -მ $390 მლნ გადაიხადა იმისათვის, რომ სასამართლომდე არ მისულიყო იმ პაციენტებთან დაკავშირებული საქმე, რომლებმაც თვითმკვლელობა ჩაიდინეს ან თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდათ პრეპარატ პაკსილის მიღების პერიოდში.

ყოველივე ამის გამო სპეციალისტებს ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, თუ რომელი პრეპარატები მოქმედებს სასიკეთოდ სუიციდური მიდრეკილების მქონე ადამიანებზე. „ამ პრობლემის გადაჭრა ფსიქიატრიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა გახდეს, მაგრამ თერაპიული გამოკვლევები პრაქტიკულად არ არსებობს”, – ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრი როს ბალდესარინი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ძველი პრეპარატი ლითიუმის კარბონატი განსაკუთრებით ეფექტიანად თრგუნავს თვითმკვლელობისაკენ სწრაფვას. როდესაც მან 1990-ან წლებში ამ თემაზე კონფერენცია მოაწყო, „ვერავინ შეძლო რაიმეს თქმა” – იხსენებს იგი. „ეს ფსიქიატრიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სფეროა”, – ეთანხმება მას კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ბარბარა სტენლი.

თუმცა რამდენიმე მკვლევარი ამ მდგომარეობის შეცვლას ცდილობს. ისინი აცხადებენ, რომ სუიციდური პაციენტებისათვის ანტიდეპრესანტების მიღება არასაკმარისია. ექიმებმა უშუალოდ სუიციდურ აზრებთან უნდა იმუშაონ და ასწავლონ პაციენტებს, როგორ გადაიტანონ მძიმე სიტუაციები. გარდა ამისა, საჭიროა მედიკამენტების სპეციალური ტესტირება ანტისუიციდურ ეფექტზე.

„ზოგი ფიქრობს, რომ თვითმკვლელობა უბრალოდ ფსიქიკური დაავადების სიმპტომია. განკურნეთ იგი და სიმპტომი გაქრება”, – ამბობს ფსიქოლოგი დევიდ ჯოუბსი ამერიკული კათოლიკური უნივერსტეტიდან. მაგრამ ამ ჰიპოტეზის მხარდასაჭერად ძალიან მწირი მონაცემები არსებობს. ზოგიერთი პაციენტი შეიძლება წლების მანძილზე იმყოფებოდეს დეპრესიაში, მაგრამ არ ფიქრობდეს თვითმკვლელობაზე, ხოლო ზოგი გაწამებულია სუიციდური აზრებით, მაგრამ მხოლოდ მსუბუქი დეპრესია აწუხებს.

კვლევების შედეგები უკვე იკვეთება. ორმა გულმოდგინედ ჩატარებულმა ცდამ უჩვენა, რომ ჯგუფურ თერაპიას შეუძლია ორჯერ შეამციროს თვითმკვლელობის მცდელობის ალბათობა. სხვა კვლევებმა გვიჩვენა, რომ თვითმკვლელობის მცდელობის აღკვეთას ხელს უწყობს ისეთი მარტივი მეთოდები, როგორიცაა პაციენტებთან რეგულარული ვიზიტები და წერილებიც კი. ორი პრეპარატი – კლოზაპინი შიზოფრენიის დროს და ლითიუმის კარბონატი ბიპოლარული აფექტური აშლილობისას, განსაკუთრებით ქმედითია თვითმკვლელობის მცდელობის აღსაკვეთად, მაგრამ ორივე მათგანს სერიოზული თანმდევი ეფექტები გააჩნია.

გამოჩნდება კი ოდესმე მკურნალობის უფრო პროგრესული მეთოდები? გულის დაავადებათა რისკ-ფაქტორების პირველ გამოკვლევებსა და სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატების შექმნას შორის რამდენიმე ათეული წელი გავიდა. თვითმკვლელობებთან დაკავშირებით კი ყველაფერი უფრო რთულადაა იმის გათვალისწინებით, რომ რისკის ჯგუფში შემავალ მილიონობით ადამიანს შორის რეალური თვითმკვლელობის ფაქტები შედარებით იშვიათია.

არსებობს რისკის უამრავი ფაქტორი. თვითმკვლელ პაციენტთა 90% დეპრესიას განიცდის ან სხვა ფსიქიკური პრობლებისაგან იტანჯება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წინასუიციდური მცდელობები. რისკს ზრდის ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, უძილობა და მღელვარება – ამბობს ფსიქიატრი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან, იან ფოუსეტი. თვითმკვლელობის ხელშემწყობია გარე ფაქტორებით – მაგალითად, უმუშევრობით – გამოწვეული სტრესიც. ადრე თვითმკვლელთა უდიდესი წილი ხანდაზმულებზე მოდიოდა, მაგრამ ბოლო დროს მათ გაუსწრეს საშუალო ასაკის – 45 -54 წლის ადამიანებმა. მიზეზი უცნობია.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა მარშა ლინეჰანმა დაამტკიცა, რომ სუიციდური პაციენტების მკურნალობა შესაძლებელია თერაპიის მეშვეობით. „მე ჩამოვურეკე ყველა საავადმყოფოს და ვუთხარი: „მომეცით ყველაზე უიმედონი, – იხსენებს იგი. – ძალიან გაუხარდათ, რომ მათი თავიდან მოცილების საშუალება მიეცათ”. მისმა პაციენტებმა წარსულში საშინელი ტრავმები გადაიტანეს და მუდმივად კრიზისის ზღვარზე იმყოფებოდნენ.

ლიტერატურის გაცნობისას ლინეჰანი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ პაციენტს საკუთარი ემოციების მართვის უნარი არ გააჩნია. მათი ემოციები უმცირესი ბიძგის დროსაც კი უმართავი ხდება. „ჩემი ფუნდამენტური თეორიის არსი ისაა, რომ მაღალი სუიციდური მიდრეკილების მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი ქცევისა და ემოციების მართვა… ეს უნარი მათ უნდა გამოუმუშაო”, – აცხადებს ლინეჰანი.

შემდგომ წლებში მან მოიფიქრა იმ ტექნიკათა კომბინაცია, რომლებიც ამაში ეხმარება. მისი ქცევითი თერაპია ფოკუსირდება დეპრესიამდე მიმყვანი დამახინჯებული აზრობრივი სქემების გასწორებაზე. იგი ასწავლის პაციენტებს სტრესების გადატანას, ასევე იმის გაცნობიერებას, რომ მიუხედავად ცხოვრების ასეთი არასრულყოფილებისა, უნდა იცოცხლო და ძლიერი ემოციების მართვა მოახერხო. წლების განმავლობაში მასთან მკურნალობდნენ პაციენტები, რომლებიც ამტვრევდნენ კედლებს, ექიმი, რომელიც თამაშობდა „რუსულ რულეტკას” დატენილი პისტოლეტით და ადამიანი, რომელიც იმუქრებოდა პრეზიდენტის მოკვლით. მოდიოდნენ ისეთებიც, რომლებსაც ფსიქიატრიული პრეპარატების დიდი რაოდენობით გამოყენების შედეგად ცნობიერების სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

„ზოგადი ფსიქიატრიის არქივებში” გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იმ პაციენტთა შორის, რომლებიც ქცევით თერაპიას გადიოდნენ, ორი წლის მანძილზე თვითმკვლელობის მცდელობათა რიცხვი ორჯერ შემცირდა და ისინი უფრო იშვიათად ხვდებოდნენ საავადმყოფოში სუიციდური აზრებით.

ლინეჰანის თერაპია მოითხოვს კვირაში ორჯერ მეცადინეობას ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში, თუმცა უფრო მოკლე კურსებიც კი ეფექტიანია. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თერაპიის ათკვირიანი კურსი ანახევრებდა განმეორებითი თვითმკვლელობის მცდელობის რისკს იმ პაციენტებში, რომლებმაც პირველი მცდელობის შემდეგ გადაუდებელი დახმარების სამსახურს მიმართეს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომლები, ბრაუნი და სტენლი იკვლევენ “უსაფრთხოების გეგმას”, რომელსაც პაციენტი თავის ექიმთან ერთად წერს და რომელიც შემდეგ მუდამ თან დააქვს. ეს არის ყურადღების გადასატანი ღონისძიებებისა და იმ ადამიანების სია, ვისთანაც შეიძლება დარეკვა სუიციდური მისწრაფების გაჩენისას. „ერთი პაციენტი, – ჰყვება სტენლი – ხიდიდან გადასახტომად მოემზადა, მაგრამ როდესაც ჯიბეში უსაფრთხოების გეგმა აღმოაჩინა, გადაიფიქრა”.

მედიკამენტების კვლევა ნაკლებად მიმდინარეობს. მხოლოდ ერთმა საშუალებამ, – კლოზაპინმა, რომელიც კომპანია Novartis -ს ეკუთვნის და უკვე დიდი ხანია გამოიყენება შიზოფრენიის მკურნალობისათვის, დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა დიდ გამოკვლევაში და 25%-ით ჩამოიტოვა პრეპარატი ზიპრესკუ Eli Lilly -საგან. ამ შედეგებმა ყოველდღიურ პრაქტიკაზე ნაკლებად იმოქმედა, რადგან პრეპარატის უკუჩვენებები იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში სისხლის დაავადების დროს მის გამოყენებას ართულებს. გასულ წელს ფინეთში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, კლოზაპინის ანტისუიციდურმა ზემოქმედებამ რისკის ფაქტორი გადაწონა.

რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ანტიდეპრესანტების გამოცდა თითქმის არასდროს ტარდება სუიციდურ პაციენტებზე. საიმედო მონაცემების ნაკლებობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია ძველი დავის გადაწყვეტა – შეუძლია თუ არა ანტიდეპრესანტებს თვითმკვლელობის საფრთხის არიდება. Eli Lilly იტყობინება, რომ სუიციდური პაციენტების ჩართვა ცდებში, სადაც მათ შესაძლოა მისცენ პლაცებო ან გამოუცდელი პრეპარატი, “საფრთხის შემცველი და არაეთიკური” იქნებოდა. ამავეს ამტკიცებს GlaxoSmithkline და Pfizer.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ფსიქიატრი არიფ ხანი, ბელვიუს კლინიკური კვლევების ჩრდილო-დასავლეთის ცენტრის გამგე. მან მრავალი წელი შეალია ფარმაცევტული კომპანიების დარწმუნებას, რომ მედიკამენტები სუიციდურ ავადმყოფებზე გამოეცადათ, თუმცა ვერაფერს მიაღწია.” რომ ეს ძალიან სარისკოა, რომ არ იციან, ეს როგორ გააკეთონ, რომ ფული არა აქვთ, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ თავის მართლებაა”, – ამბობს იგი. არიფ ხანი ეჭვობს, რომ ნამდვილი მიზეზი შემდეგია: თუკი ჩატარებული ცდებიდან სუიციდური აზრების მქონე პაციენტებს გამორიცხავენ, პრეპარატი უკეთ წარმოჩნდება.

ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც იმედს აძლევს სუიციდურ პაციენტებს – ლითიუმის კარბონატია. მას არაერთი ათწლეულის მანძილზე იყენებდნენ ბიპოლარული დარღვევების სამკურნალოდ, მაგრამ დღეს ის ახალი აგენტებითაა ჩანაცვლებული. შემთხვევათა 20%-ში ბიპოლარული დარღვევები თვითმკვლელობით მთავრდება. მრავალრიცხოვანი კვლევების მიმდინარეობისას, რომლებსაც ბალდესარინი და ჰარვარდის სხვა მეცნიერები ატარებდნენ, შეგროვდა იმ პაციენტთა სამედიცინო ისტორიები, რომლებიც კლინიკური გამოცდების ან მკურნალობის კურსის გავლის დროს ლითიუმის კარბონატს იღებდნენ. დაფიქსირდა თვითმკვლელობათა რიცხვის 80%-იანი კლება იმ ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც სხვა მედიკამენტებით მკურნალობდნენ.

თუკი ეს მონაცემები დადასტურდება, ლითიუმის კარბონატი ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს, განსაკუთრებით – მწვავე დეპრესიით დაავადებულთა შორის. მაგრამ პრეპარატი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას – დოზის მცირე გადაჭარბებასაც კი მოწამვლის გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც ექიმები თავიანთ მეთოდიკას ალბათ მანამდე არ შეცვლიან, ვიდრე სრულ და ზუსტ მტკიცებულებებს არ მიიღებენ. ხოლო იმის გამო, რომ ლითიუმის კარბონატი დაპატენტებული არ არის, „პრაქტიკულად არ არსებობს კომერციული ინტერესი”, რათა ჩატარდეს საფუძვლიანი ცდები მისი ეფექტიანობის დასამტკიცებლად, – ამბობს ბალდესარინი.

დაიღალა რა ბრძოლით, ხანი საკუთარ $2 მლნ-ს ხარჯავს ლითიუმის კარბონატისა და Forest Laboratories -ს ძველი ანტიდეპრესანტის, სელეკსას კომბინაციის გამოსაცდელად იმ ჯგუფზე, რომელიც 80 სუიციდური პაციენტისაგან შედგება. მისი მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენება ამცირებს სუიციდური იმპულსების რაოდენობას.მან გააკეთა განაცხადი კომბინაციის დაპატენტების თაობაზე და შექმნა კომპანია იმ იმედით, რომ დადებითი შედეგები დაეხმარება სპონსორების მოზიდვაში უფრო ფართო კვლევების ჩასატარებლად. “იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მცირეოდენი ნათელი შევმატოთ ამ ბნელ პრობლემას” – აცხადებს იგი.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *