TikTok 2020 წლის ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაციაა

TikTok 2020 წლის ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი აპლიკაციაა

ციფრული ანალიტიკის კომპანიის, App Annie-ის, თანახმად, TikTok-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადმოწერების რაოდენობით Facebook-ის Messenger-ს გადაასწრო და 2020 წლის ყველაზე გადმოწერადი აპლიკაცია გახდა.

ჩინური ვიდეოპლატფორმა ერთადერთი აპლიკაციაა ამ მაჩვენებლის ტოპ ხუთეულში, რომელიც Facebook-ის მფლობელობაში არ იმყოფებოდა. TikTok-ის პოპულარობა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მცდელობის მიუხედავად, აეკრძალა TikTok შტატებში, მისდამი ინტერესი სულ უფრო იზრდებოდა. დონალდ ტრამპი აპლიკაციას ეროვნულ საფრთხედ მიიჩნევდა და ჩინეთის მთავრობას აპლიკაციის მონაცემების მითვისებაში ადანაშაულებდა. თუმცა, კომპანია აღნიშნულ ბრალდებებს მუდმივად უარყოფდა.

Facebook-ის საკუთრებაში მყოფ კომპანიებს 2018 წელს კვლევის დაწყებიდან მუდმივად მოწინავე პოზიციები ეკავათ. გადმოწერის მონაცემებით ტოპ ხუთეულში Facebook-ის მფლობელობაში მყოფი WhatsApp, Instagram და Messenger შედიან.

მიმდინარე წლის იანვარში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, მან დონალდ ტრამპის ბრძანება აპლიკაციის გადმოწერის აკრძალვის შესახებ გააუქმა. თუმცა, შეერთებულ შტატებში წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად, TikTok ახალი მომხმარებლების მოზიდვას სხვადასხვა ინსტრუმენტების დახმარებით ცდილობდა.

წინა კვირას, ჩინურმა ვიდეო პლატფორმამ დააანონსა, რომ Facebook, Instagram და Snapchat-ის მსგავს Story ფუნქციას დაამატებს, რომელიც 24 საათში გაქრება. ამ გადაწყვეტილებით კომპანიაში მომხმარებელთა ზრდის კიდევ უფრო დიდ ტენდენციას ელოდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *