TNET-მა სუპერ აპი შექმნა | ინტერვიუ გიორგი ჩუმაშვილთან

TNET-მა სუპერ აპი შექმნა | ინტერვიუ გიორგი ჩუმაშვილთან

TNET – ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა საქართველოში – 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტტრაფიკის 40%-ს მოიცავს. TNET-ის მისია სხვადასხვა ინოვაციური სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით ადამიანების ყოველდღიურობის გამარტივებაა. სწორედ ამიტომ კომპანიამ მომხმარებლებს სუპერ აპი წარუდგინა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია: სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიების ბილეთის შეძენა, სხვადასხვა ნივთის შეძენა (online shopping), ფასდაკლებებით სარგებლობა საქართველოში მდებარე სასტუმროებში, სხვადასხვა აქტივობისათვის განკუთვნილი ფასდაკლების ვაუჩერების შეძენა, მობილურის შევსება.

TNET-ის მიზანი სუპერ აპის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაა. სამომავლოდ სუპერ აპს ისეთი სერვისები დაემატება, როგორიცაა ავტომობილის ქირაობა, კრიპტოვალუტის მიმოცვლა, საჯარო და სამთავრობო სერვისები თუ ფინანსური მომსახურებები. სიახლეებსა და გეგმებზე Forbes Georgia TNET-ის დირექტორს, გიორგი ჩუმაშვილს ესაუბრა.

რამ გადაგაწყვეტინათ სუპერ აპის შექმნა? დაინახეთ ამის საჭიროება?

ჩვენს მომხმარებელს ვაკვირდებოდით და დავინახეთ, რომ მათი უმრავლესობა TNET-ის პლატფორმებზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე შედიოდა. კერძოდ, დღეში ერთ ადამიანს საშუალოდ სამ სხვადასხვა პლატფორმაზე უწევდა შესვლა. ამისათვის კი ცალ-ცალკე გადიოდა ნავიგაციას, რაც დამატებით დროსაც მოითხოვს და დისკომფორტსაც ქმნის. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა სუპერ აპი, სადაც ყველა პლატფორმა ერთად მოიყრიდა თავს და მომხმარებელს ცალ-ცალკე ნავიგაცია აღარ მოუწევდა. ეს კი იძლევა იმის საშუალებას, რომ, მაგალითად, სამ პლატფორმაზე სერვისი 10 წუთის ნაცვლად 1.5 წუთში მიიღო.

ანუ მთავარი უპირატესობა არის დროის დაზოგვა და კომფორტი. ფუნქციონალს რაც შეეხება, სუპერ აპსა და ცალკე აღებულ თქვენს პლატფორმებს შორის არის განსხვავება?

პირველ რიგში, ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს აპლიკაცია მარტივად გამოსაყენებელი ყოფილიყო. ახლა დაახლოებით 40 წამამდეა საჭირო ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის შესაძენად იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთაც შეიძლება ელ.კომერციის გამოყენების გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდეს.

რაც შეეხება განსხვავებას, აღსანიშნავია, რომ სუპერ აპი არის აპლიკაცია და არა ვებმოდელი. მისი მთავარი ღირებულება სისწრაფე და თანამიმდევრულობაა, რაც მას სხვა ჩვენი პლატფორმებისგან განასხვავებს. იქ მაინც სხვადასხვანაირად უწევს მომხმარებელს ყიდვა, აქ კი ყველა პროდუქტისა და სერვისის მიღება ერთი პრინციპით და სისტემური გადაწყვეტილებით ხდება.

ალბათ, დროთა განმავლობაში ცალ-ცალკე დარჩენილ თქვენს მობილურ აპლიკაციებსა და პლატფორმებზე მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას ელოდებით?

სურვილი გვაქვს, რომ ადამიანები ნელ-ნელა შეეჩვიონ ჩვენს სუპერ აპს და დაახლოებით ორ წელიწადში ჩვენი მომხმარებლის 50% გადმოვიდეს სუპერ აპში. ხოლო გრძელვადიანი მიზანია, რომ სუპერ აპი იყოს ჩვენი მთავარი პლატფორმა, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად გამოიყენებს.

სუპერ აპის შემდგომი განვითარება როგორ გესახებათ?

დავამატებთ გადახდების ფორმებს. დღეს მხოლოდ მობილურის შევსება შეიძლება, მომავალ კვირებში კი დაემატება კომუნალურების გადახდა, გადარიცხვები და ა.შ. ასევე დავამატებთ ჯარიმების, სახელმწიფო სერვისების გადახდებსაც. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ჩვენს აპლიკაციაში ჩაშენდეს საკვების მიტანის სერვისიც. დაგვემატება „გლოვო“ – ის იქნება ჩვენი პარტნიორი. მათთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება. საინტერესოა ასევე ფარმაცევტული პროდუქტებიც. აქაც უკვე გვყავს პარტნიორი. წამლებსაც ჩავაშენებთ.  შედეგად ჩვენს სუპერ აპში მომხმარებელი აფთიაქის ყველა პროდუქტს იხილავს.

საინტერესოა, ასევე ვინ არიან სუპერ აპის შემქმნელები? ვინ იმუშავა ამ პროდუქტზე?

ახლა სუპერ აპზე ოცდაათი ადამიანი მუშაობს. ვფიქრობთ, რომ მათი რაოდენობა გაორმაგდება. საკმაოდ კარგი ვებდეველოპერების გუნდი გვყავს, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა ჩვენი პროდუქტი იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა მათთვის, რომ ეს ადამიანები დავითანხმეთ და, ფაქტობრივად, სტარტაპში შემოვიყვანეთ. ახლა კი ძლიერი ტალანტების სურვილი, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ, უფრო მეტად აქტიურდება. ამიტომ ძალიან მალე რაოდენობის გაორმაგებას ვაპირებთ. საბოლოოდ ეს სწრაფ განვითარებასა და და სუპერ აპის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება, რათა ის ჩვენს ყოველდღიურობაში ერთ-ერთი შეუცვლელი აპლიკაცია გახდეს.

თქვენი მომხმარებლების რაოდენობა 2 მლნ-ს აჭარბებს. მათ შორის რამდენად ბევრია საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული მომხმარებელი?

ამ რიცხვში ძირითადად ქართველ მომხმარებელს ვგულისხმობთ, თუმცა myauto.ge-ზე მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაკადი უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მეორადი ავტომობილების ჰაბის ფუნქცია, ჩვენი პლატფორმა არის ლიდერი, სადაც მანქანების განთავსება ხდება, ამიტომაც არის ხოლმე შემთხვევები, როცა თვეში შესაძლოა, უცხოელების რაოდენობამ მილიონსაც კი გადააჭარბოს.

თქვენი პორტფოლიოს რომელი პლატფორმებია ყველაზე აქტიური?

პირველ ადგილზეა myauto.ge, მეორე ადგილზე შეიძლება იყოს mymarket.ge, tkt.ge და myhome.ge. ელ. კომერციაში ბაზრის ლიდერი ცალსახად „ვენდუა“.

თქვენი აზრით, რომელ პლატფორმას სჭირდება განახლება ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე იგეგმება „ვენდუს“ განახლება, რომელიც ძალიან მალე გაეშვება. უკვე სამი წელია, რაც „ვენდუ“ ერთი და იმავე ქცევით ფუნქციონირებს. თუმცა საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. მომხმარებლის სურვილები შევისწავლეთ, ვიცით, რა უნდა შევთავაზოთ მას. უკვე მარტის ბოლოდან მომხმარებელი განახლებულ პლატფორმას იხილავს, სადაც ნავიგაცია უფრო მარტივი იქნება. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება არის ის, რომ აქ სულ დაბალი ფასებია. ასევე, ჩვენ დავამატებთ უფასო მიტანის სერვისს საქართველოს მასშტაბით.

რა მიმართულების დამატებას ფიქრობთ TNET-ის ეკოსისტემაში?

ძალიან მალე გაეშვება ტანსაცმლის პლატფორმა myshop.ge. მისი უპირატესობა ისაა, რომ ქართულის გარდა, უცხოური კონტენტიც გვექნება, მაგალითად, განთავსებული იქნება თურქული Trendyol-ის პროდუქცია, რაც, სავარაუდოდ, მთავარი მამოძრავებელი იქნება მომხმარებლების რაოდენობის ზრდის პროცესში.

Myauto.ge-ზე ზაფხულის დასაწყისში მანქანების გაქირავების პლატფორმასაც ავამოქმედებთ. გვყავს კარგი პარტნიორები, რომლებიც მანქანების განმთავსებლები იქნებიან. ახალი პლატფორმით მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას ექნება შესაძლებლობა, მანქანა იქირაოს. ეს პროდუქტი სუპერ აპშიც მოხვდება.

ახლა ვიწყებთ ასევე კონცეპტუალურ მუშაობას HR-პლატფორმაზე, რომელიც უკვე არსებობს, ესაა myjobs.ge, რომელიც მსგავსი პლატფორმებისგან სრულიად განსხვავებული იქნება.

თქვენ გასულ წელს განაცხადეთ, რომ TNET-ი საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებითკი უზბეკეთში აპირებს განვითარებას. რა ეტაპზეა ამ მხრივ თქვენი გეგმები?

ჯერ ვკონცენტრირდებით საქართველოს ბაზარზე და ვეცდებით, რომ ეს ბაზარი მაქსიმალურად ამოვწუროთ, რათა აქ მომხმარებელმა ტექნიკურად დახვეწილი სერვისები მიიღოს. თუმცა ჩვენ ახლა ისე ვავითარებთ ჩვენს შეთავაზებებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელია მათი მასშტაბირება. ნებისმიერი ჩვენი პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანა გამარტივდება. ორი წლის შემდეგ ამ კუთხით მოქმედებასაც დავიწყებთ.

აქვე გკითხავთ თითქმის ყველა ბიზნესის გამოწვევის შესახებ. ვგულისხმობ კადრების დეფიციტს. თქვენს შემთხვევაში რამდენად მწვავეა ეს საკითხი?

ამჟამად 300 ადამიანს ვასაქმებთ. იყო პერიოდები, როდესაც გვიჭირდა კადრების აყვანა. მაშინ უცხოური კომპანიების შემოტევა იყო. თუმცა შემდეგ რამდენიმე დეველოპერი უცხოური კომპანიებიდან უკან დაბრუნდა. ზოგადად, უცხოური კომპანიებიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქიდან შემოდის ახალი ცოდნა და გამოცდილება. ახლა კი ჩვენთან ვაკანსიები ძალიან მალე იხურება და კვალიფიციური კადრების აყვანასაც ვახერხებთ. ეს ტენდენცია სექტემბრიდან შეინიშნება. დაინახეს, რა სურვილები და მიზნები გვაქვს და, შესაბამისად, ჩვენ მიმართ ინტერესიც გაღვივდა.

რა მაჩვენებლებზე გეგმავთ გასვლას წლის ბოლომდე? როგორი იქნება თქვენი მთავარი რიცხვები?

2022 წელს ჩვენი ბრუნვა 100 მლნ ლარი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით ხუთჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. წელს კი მიზნად ვისახავთ, რომ ბრუნვა 150 მლნ ლარამდე გავზარდოთ. ჯერჯერობით გეგმას გადაჭარბებით ვასრულებთ.

რაც შეეხება მომხმარებელთა რაოდენობას, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა ვერ გვექნება, ვინაიდან ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს უკვე მოვიცავთ. თუმცა ვაპირებთ მომხმარებელთა ქცევის და სურვილების შესწავლას, რომლის საფუძველზეც გავაუმჯობესებთ ჩვენს პროდუქტებს. ეს მონაცემები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომხმარებელს მათზე მორგებული შეთავაზებები მივაწოდოთ. ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა წლის ბოლოს ალბათ 400-მდე გაიზრდება.

S