იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota-მ დაახლოებით 280,000 ავტომობილი უკან გაიწვია. როგორც ირკვევა, გაწვევა Toyota Tundra-ს, Sequoia-სა და Lexus LX 600-ის მოდელებს ეხება.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილების უკან გამოხმობის მიზეზი გადაცემათა კოლოფში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებული ეჭვებია, რამაც შესაძლოა, ნეიტრალურ მდგომარეობაში ჩაყენებული მანქანის წინ გადაადგილება გამოიწვიოს.
Associated Press-ის ცნობით, გაწვევა 2022 წლის Toyota Tundra-ს პიკაპს და Lexus LX 600 SUV-ს, ასევე 2023 და 2024 წლების Toyota Sequoia SUV-ებს შეეხება. Toyota-სა და Lexus-ის დილერები გადაცემათა კოლოფის პროგრამულ უზრუნველყოფას უფასოდ განაახლებენ, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო Toyota-მ 4.2 მილიონი ავტომობილი გაიწვია. 2023 წელს მანქანების უკან გამოხმობის გადაწყვეტილება სხვა ავტომწარმოებლებმაც მიიღეს. მათ შორის, Honda-მ 6.3 მილიონი ავტომობილი გაიწვია, Ford-მა – 6.1 მილიონი, Kia-მ კი – 3.1 მილიონი.