ტრამპი ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც გრენლანდიაზე სამხედროები გაგზავნეს, 10%-იან ტარიფს დაუწესებს

ტრამპი ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც გრენლანდიაზე სამხედროები გაგზავნეს, 10%-იან ტარიფს დაუწესებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რვა ევროპულ სახელმწიფოს, რომლებმაც მიმდინარე კვირაში გრენლანდიაზე სამხედრო პერსონალი გაგზავნეს, 10%-იან ტარიფს დაუწესებს. გრენლანდია დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა, რომლის ხელში ჩაგდებასაც ტრამპი მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ აქტიურად ცდილობს.

დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი 1-ელი თებერვლიდან „ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ნებისმიერ საქონელზე“ ტარიფს დაექვემდებარებიან.

ტრამპმა ისიც დასძინა, რომ ტარიფი 1-ელ ივნისს 25%-მდე გაიზრდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზემოხსენებულ ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობისას აღნიშნული გადასახადის გადახდა მანამდე მოუწევთ, სანამ გრენლანდიის შესყიდვის მისეული გეგმა არ დასრულდება.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გრენლანდიის ხელში ჩაგდება ჩინეთსა და რუსეთსაც სურთ. მისივე თქმით, „დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია“ და უკან უნდა დაიხიოს, რათა მსოფლიოში მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ამ ქვეყნებმა, რომლებიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ, ისეთი რისკი დააყენეს, რომელიც დაუსაბუთებელია. ამიტომ, აუცილებელია, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, მკაცრი ზომები იქნას მიღებული, რათა ეს პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა სწრაფად და უდავოდ დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

იხილეთ ასევე: აშშ უნდა შეეშვას გრენლანდიის დაუფლების მცდელობას

აღსანიშნავია, რომ აშშ ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ექსპორტის მხრივ და მეორე ადგილზეა იმპორტის კუთხით, ჩინეთის შემდეგ. ევროკავშირის საბჭოს მონაცემებით, ევროპიდან აშშ-ში ექსპორტირებული საქონელი სამკურნალო და ფარმაცევტულ პროდუქტებს, ავტომობილებს, სამრეწველო მანქანა-დანადგარებსა და აღჭურვილობას მოიცავს.