ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტ APEC-ზე, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემები ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება და ბირთვული განიარაღება იქნება.
ფლორიდიდან ვაშინგტონში გამგზავრებამდე ტრამპმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ჩინეთში APEC-ის სამიტზე გაემგზავრება. ღონისძიება 18-19 ნოემბერს, სამხრეთ ჩინეთის ტექნოლოგიურ ცენტრ შენჟენში გაიმართება.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სისთან შედგება, რაც საინტერესო იქნება. ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის ბირთვულ განიარაღებაზეც. ჩვენი მიზანია, ბოლო მოვუღოთ ომს ირანში“, – განაცხადა ტრამპმა.
ოქტომბერში ტრამპმა აღნიშნა, რომ მზადაა, სი ძინპინსა და ვლადიმირ პუტინთან ერთად შეიარაღების კონტროლის შესახებ სამმხრივ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, სადაც მთავარი აქცენტი დენუკლეარიზაციაზე გაკეთდება.
მოგვიანებით, გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა ტრამპს შესთავაზა, სამმხრივი შეხვედრა უკრაინაში რუსეთის ხანგრძლივი ომის დასრულების განსახილველად გამოეყენებინათ.
ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა „60 Minutes“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა: „ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევასთან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს და შედეგად უკრაინა ოდნავ განსხვავებული სახით ჩამოყალიბდება“. ტრამპს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ფონზე, ტრამპი ცდილობს, პეკინსა და მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობები დაათბოს. სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, კრიტიკას გამოიწვევს ევროპული და აზიური სახელმწიფოების მხრიდან, რადგან არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა გაფორმდეს ისეთი გარიგებები, რომლებიც დაასუსტებს ვაშინგტონის ტრანსატლანტიკურ და ინდოეთ–წყნარი ოკეანის რეგიონის ალიანსებს.
თუმცა სამ ქვეყანას შორის მიღწეულმა შეთანხმებამ შესაძლოა გლობალური დაძაბულობაც შეამციროს. უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებამ შეიძლება მოხსნას ევროპული სახელმწიფოების წინაშე ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული უდიდესი საფრთხე, ხოლო შეიარაღების შესახებ შეთანხმება ვალდებულებებით დააკავშირებს სამ სახელმწიფოს, რომლებსაც ბირთვული იარაღის ყველაზე დიდი არსენალი აქვთ.
ცნობისათვის, სამი პრეზიდენტი ერთმანეთს ცალ-ცალკე შეხვედრია, თუმცა მათ შორის სამმხრივი ოფიციალური მოლაპარაკებები არასდროს გამართულა.









