ტრამპი რუსეთს 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, უკრაინას კი Patriot-ებს დაჰპირდა

ტრამპი რუსეთს 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, უკრაინას კი Patriot-ებს დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიის მიწოდების შესახებ განაცხადა, რუსეთს კი 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ ქვეყანა სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევს. როგორც ჩანს, ტრამპი მშვიდობის მისაღწევად პუტინის პასიურობით უკმაყოფილოა და მოსკოვის მიმართ პოლიტიკა გაამკაცრა.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით მუქარას 50-დღიანი საშეღავათო პერიოდის გამოცხადება მოჰყვა, რაც რუსეთში ინვესტორებმა დადებითად მიიღეს. პარალელურად, რუბლი ბოლო პერიოდის ჩავარდნების შემდეგ აღდგა და საფონდო ბირჟებზეც ზრდა აღინიშნა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით და იმით, რომ მილიარდობით დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღი უკრაინაში წავა.

„ჩვენ ვაპირებთ უმაღლესი დონის იარაღის დამზადებას და ის NATO-ში გაიგზავნება“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ მის საფასურს NATO-ს მოკავშირეები დააფინანსებენ.

იარაღში შედის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, NATO-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც უკვე ფლობენ Patriot-ებს, დროებით მათ უკრაინას გადასცემენ, ხოლო აშშ მოგვიანებით ამ სისტემებს ახალი Patriot-ებით ჩაანაცვლებს.