ტრამპი თავდაცვის დეპარტამენტისთვის ომის დეპარტამენტის დარქმევას გეგმავს

ტრამპი თავდაცვის დეპარტამენტისთვის ომის დეპარტამენტის დარქმევას გეგმავს

თეთრი სახლის ოფიციალური პირის ინფორმაციით, მთავრობის რეორგანიზაციის ფარგლებში, დონალდ ტრამპი თავდაცვის დეპარტამენტს სახელს გადაარქმევს და ომის დეპარტამენტს უწოდებს. აღნიშნულის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტი ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს.

თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, ტრამპის ბრძანება თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს, თავდაცვის დეპარტამენტსა და უწყების მაღალი თანამდებობის პირებს შესაძლებლობას მისცემს ოფიციალურ კორესპონდენციებსა და საჯარო კომუნიკაციებში მეორეული ტიტულები გამოიყენონ: „ომის მდივანი“, „ომის დეპარტამენტი“, „ომის მდივნის მოადგილე“ და სხვა. ამჟამინდელ თავდაცვის მდივანს კი აღნიშნული ქმედებით შესაძლებლობა მიეცემა, სასამართლო და აღმასრულებელ ორგანოებს სახელის მუდმივად გადარქმევის რეკომენდაცია მისცეს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სახელები მთელ რიგ გეოგრაფიულ ობიექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს გადაარქვა. მათ შორის არის „მექსიკის ყურეც“, რომელსაც „ამერიკის ყურე“ ეწოდა. პირვანდელი სახელები დაუბრუნდა ამერიკულ სამხედრო ბაზებსაც.

მსგავსი სახის ცვლილება საკმაოდ იშვიათია და მას კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება. რესპუბლიკელი კონგრესმენები კი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას წარმოადგენენ. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ინიციატივას საკანონმდებლო დონეზე წინააღმდეგობა არ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს 1949 წლამდე სწორედ ომის დეპარტამენტი ერქვა, როდესაც კონგრესმა აშშ-ის არმიის, საზღვაო ფლოტისა და საჰაერო ძალების კონსოლიდაცია მოახდინა. ისტორიკოსების თანახმად, ახალი სახელი იმ მიზეზით შეიქმნა, რომ ბირთვულ ეპოქაში აშშ ფოკუსირებული ომების პრევენციაზე იყოს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრამპის გადაწყვეტილება სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით საკმაოდ ძვირადღირებულიც შეიძლება იყოს. თავდაცვის დეპარტამენტის აღმნიშვნელი მანიშნებლები, კორესპონდენცია და სხვა ტიტულატურა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში უნდა შეიცვალოს, რაც შესაძლოა, ათეულობით მილიონი დოლარი დაჯდეს.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.