ფოტო: Carlos Barria | Reuters
აშშ-ში დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცესი ოფიციალურად დაიწყო, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ რიგითი მომხმარებლები ამ ცვლილებას პრაქტიკულად ვერ იგრძნობენ.
აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა კომპანიებისთვის ტარიფების დაბრუნების მოთხოვნის შესატანად კონსოლიდირებული ადმინისტრირებისა და დამუშავების პლატფორმა, ანუ CAPE, აამოქმედა. როგორც ირკვევა, თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ კომპანიებს, იმპორტიორებს შეეხებათ, რომლებიც ტარიფებს ოფიციალურად იხდიდნენ.
UBS-ის მთავარი ეკონომისტის, პოლ დონოვანის შეფასებით, ტარიფების სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისას „ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კომპანიები სამომხმარებლო ფასებს სწრაფად შეამცირებენ.“ მსგავს პოზიციას იზიარებს Tax Foundation-ის ეკონომისტი ალექს დურნატი, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესს არ აქვს „მყისიერი სურვილი“ ტარიფების დაბრუნებული თანხა მომხმარებლებს გაუნაწილოს.
საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაახლოებით 300 000 იმპორტიორს 166 მილიარდ დოლარს დაუბრუნებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს თანხა პროცენტით დაბრუნდება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენს დაიბრუნებს თითოეული იმპორტიორი, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიებს მილიარდობით დოლარის უკან მიღება შეუძლიათ. მაგალითად, Citi-ის ანალიტიკოსებმა ამ თვის დასაწყისში დაწერეს, რომ Walmart-ს შეუძლია დაახლოებით $10.2 მილიარდის დაბრუნება, Target-ს – $2.2 მილიარდის და Nike-ს – $1 მილიარდის.









