ტრამპს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება არ სურს – ნავთობის ფასი 3%-ით გაიზარდა

ტრამპს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება არ სურს – ნავთობის ფასი 3%-ით გაიზარდა

ფოტო: ucs.org

 

ნავთობის ფასი 3%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების გახანგრძლივება არ სურს. მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები „მზად არიან წინ წავიდნენ“, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.

ამან ნავთობის გლობალურ ბაზარზეც იქონია გავლენა. კერძოდ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 2.6%-ით გაიზარდა და ბარელზე $97.96-ს მიაღწია, ხოლო WTI-ის (West Texas Intermediate) ფასი 4%-ით, $93.15-მდე გაიზარდა.

დაძაბულობას დამატებითი ბიძგი მისცა აშშ-ის სამხედრო ოპერაციამ. ამერიკელმა სამხედროებმა საერთაშორისო წყლებში ირანთან დაკავშირებული ტანკერი დააკავეს, რაც რეგიონში ბლოკადის გამკაცრების მცდელობად აღიქმება.

ბაზარზე განსაკუთრებით მოქმედებს ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობამ. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგომარშრუტზე, სადაც ჩვეულებრივ ნავთობისა და LNG-ის გლობალური ტრაფიკის დაახლოებით 20% ხორციელდება, გადაადგილება თითქმის შეჩერებულია. ბოლო 24 საათში სრუტე მხოლოდ სამმა გემმა გაიარა.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, გეოპოლიტიკური რისკების ზრდა და მიწოდების არხების შეფერხება ნავთობის ფასებზე ზეწოლას გააგრძელებს, რაც შესაძლოა გლობალურ ინფლაციაზეც აისახოს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი