აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ამ ეტაპზე უკრაინასთან შეთანხმების გაფორმებას არ განიხილავს, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, Tomahawk-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები შეისყიდოს.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინისათვის ამერიკული Tomahawk-ების გადაცემის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. უკრაინას აღნიშნული ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსულ ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშების განსახორციელებლად ესაჭიროება.
დონალდ ტრამპი უკრაინისათვის Tomahawk-ების გადაცემასთან დაკავშირებით სკეპტიკურ განწყობას ინარჩუნებდა. შემოთავაზებული მოდელის თანახმად, ამერიკულ Tomahawk-ებს ნატოს წევრი სახელმწიფოები შეიძენდნენ და შემდეგ უკრაინას გადასცემდნენ. თუმცა ტრამპს, როგორც ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილებით ომის ესკალაცია არ სურს. გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად კი, მისი სკეპტიციზმი კიდევ ერთხელ დადასტურდა.
მიუხედავად ამისა, ტრამპა განმარტა, რომ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა აზრი შეიცვალოს. დონალდ ტრამპმა Tomahawk-ების საკითხი 22 ოქტომბერს თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განიხილა.
Tomahawk-ების უკრაინისათვის გადაცემაზე არაერთი კომენტარი გააკეთა კრემლმა. მოსკოვში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ ომის ესკალაციას მოახდენს.
ცნობისთვის, Tomahawk-ის მოქმედების მანძილი 2,500 კილომეტრამდეა და მისი დაფარვის არეალში რუსული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ექცევა.















