აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, რათა დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე არსებული პროგრესი შეაფასოს.
სტივ უიტკოფს მოსკოვში რუსეთის საინვესტიციო მიმართულების წარმომადგენელი და სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან უიტკოფის შეხვედრები სწორედ დღესაა დაგეგმილი. კრემლის ინფორმაციით, შესაძლოა მას ვლადიმირ პუტინიც შეხვდეს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად მიცემული 50-დღიანი ვადა მნიშვნელოვნად შეამცირა. მისი განცხადებით, 8 აგვისტომდე რეალური პროგრესის არარსებობის შემთხვევაში რუსეთს მძიმე სანქციები დაეკისრება. ტრამპის მუქარა სანქციების დაწესებაზე იმ ქვეყნებზეც ვრცელდება, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ.
შესაბამისად, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტი პუტინის პოზიციის გაცნობას ემსახურება, რის შემდეგაც დონალდ ტრამპს გადაწყვეტილების მიღება შეეძლება. კრემლთან დაკავშირებული ანონიმური წყაროების მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პუტინი დათმობას არ გეგმავს, რადგან, მისი მოსაზრებით, რუსეთის არმიას უკრაინაში საომარ მოქმედებებში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. გარდა ამისა, წყაროების ინფორმაციით, პუტინი სკეპტიკურადაა განწყობილი იმის შესახებ, რომ დამატებითი სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ პუტინი ტრამპს ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების ვარიანტს შესთავაზებს. საკითხის შესახებ უფრო მეტი დეტალი სავარაუდოდ უიტკოფის პუტინთან ან სხვა მაღალჩინოსანთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.