ტრამპის მიერ თავდაცვის დეპარტამენტისთვის სახელის შეცვლა შესაძლოა $125 მილიონი დაჯდეს

ტრამპის მიერ თავდაცვის დეპარტამენტისთვის სახელის შეცვლა შესაძლოა $125 მილიონი დაჯდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ თავდაცვის დეპარტამენტის სახელწოდების „ომის დეპარტამენტად“ ცვლილება შესაძლოა $125 მილიონზე მეტი დაჯდეს. ამის შესახებ კონგრესის ბიუჯეტის ოფისმა (CBO) ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა.

წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ნათქვამია, რომ თუ ცვლილებები „მოკრძალებულ დონეზე“ განხორციელდება — რაც ძირითადად მხოლოდ უმაღლესი დონის ოფისებში (მაგ. თავდაცვის მდივნის ოფისი) ცვლილებებს ითვალისწინებს — ხარჯი $10 მილიონით შემოიფარგლება. თუმცა ეს არ მოიცავს ფართომასშტაბიან ცვლილებებს, მათ შორის ყველა სამხედრო ბაზაზე, სატრანსპორტო საშუალებებსა ან უნიფორმებზე. ამ შემთხვევაში ჯამურმა ხარჯმა შესაძლოა $125 მილიონს მიაღწიოს.

ბიუჯეტის ოფისის განცხადებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესდებით დეპარტამენტისთვის სახელის გადარქმევა შესაძლოა ასობით მილიონი დოლარი დაჯდეს, „იმისდა მიხედვით, თუ როგორ გადაწყვეტენ კონგრესი და თავდაცვის დეპარტამენტი ცვლილების განხორციელებას“. ბიუჯეტის ოფისის ცნობით, დეპარტამენტისთვის დასახელების ცვლილების დამატებითი ხარჯები მოიცავს პერსონალის მიერ დოკუმენტების შაბლონების განახლებაზე დახარჯულ დროს, ვებგვერდების რედაქტირებას, დოკუმენტებზე, ბლანკებზე, საჯარო ნიშნებსა და აბრებზე ცვლილებებს და ა.შ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხარჯების ნაწილი „სავარაუდოდ, არსებული ბიუჯეტებიდან დაიფარება“. თუმცა აქვე CBO აღნიშნავს, რომ საბოლოო რიცხვების დასახელება ჯერ ადრეა, რადგან თავდაცვის დეპარტამენტს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია, თუ როგორ გეგმავს ტრამპის მიერ სახელის ცვლილებაზე გასულ წელს ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების განხორციელებას.

ცნობისთვის, „ომის დეპარტამენტი“ თავდაცვის დეპარტამენტის ძველი დასახელებაა, რომელსაც ის 1949 წლამდე ატარებდა. იურიდიული სახელწოდების ცვლილება კანონმდებლობის დონეზე უნდა განხორციელდეს და მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. CBO-ს ცნობით კი, დეპარტამენტს პრეზიდენტ ტრამპისთვის ცვლილებებისთვის საჭირო საკანონმდებლო და აღმასრულებელი აქტები ამ დრომდე არ გაუგზავნია.