ტრამპის სოციალური მედია $1 მილიარდი ინვესტიციის მოძიებას ცდილობს - Reuters

ტრამპის სოციალური მედია $1 მილიარდი ინვესტიციის მოძიებას ცდილობს - Reuters

აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სოციალური მედია ჰეჯ-ფონდებსა და საოჯახო ფონდებზე აქციების მიყიდვით  $1 მილიარდის მოზიდვას ცდილობს. Trump Media & Technology Group–ს  ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია სოციალური მედიის აპლიკაცია, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ აპლიკაციის შექმნის პროცესი მიმდინარეობს. მათი განცხადებით, ისინი  $293 მილიონის ინვესტიციას მიიღებენ, თუკი Digital World–თან შეთანხმებას მიაღწევენ.

გარიგების მიხედვით, Trump Media ვალის ჩათვლით $875 მილიონად არის შეფასებული. Trump Media ახლა  დამატებით $1 მილიარდის შეგროვებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ Digital World-ის აქციები Trump Media-სთან გარიგებაში 10 დოლარად შეფასდა. როიტერსის ინფორმაციით, Trump Media ცდილობს, უზრუნველყოს ეგრეთ წოდებული კერძო ინვესტიცია საჯარო კაპიტალში (PIPE), რათა მისი აქციების ფასი მიუახლოვდეს Digital World-ის აქციების ბოლო ფასს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა საკუთარი სოციალური მედიააპლიკაციის შექმნა დააანონსა. ამ ნაბიჯით ის იმ კომპანიებს უპირისპირდება, რომლებმაც მას თავიანთი პლატფორმების გამოყენება აუკრძალეს. აღსანიშნავია, რომ დაბლოკვის მომენტში ტრამპს  89 მილიონი გამომწერი Twitter-ზე, 33 მილიონი Facebook-ზე და 24,5 მილიონი Instagram-ზე ჰყავდა.

როიტერსის ინფორმაციით,  ტრამპი პირადად იყო ჩართული ინვესტიციების მოძიებაში. ის თავად  ურეკავდა ზოგიერთ ინვესტორს და სთხოვდა მათ $100 მილიონზე მეტი PIPE-ის ვალდებულების აღებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის სოციალური მედიის აპლიკაცია სახელწოდებით TRUTH Social-ი ძალიან  ჰგავს ტვიტერს.

TRUTH Social–ის სრული გავრცელება 2022 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი და ის  პირველია Trump Media Plan-ის სამი ეტაპიდან. მეორე ეტაპს გამოწერის ვიდეომოთხოვნის სერვისი სახელწოდებით TMTG+ წარმოადგენს, რომელიც  გასართობ სიახლეებს და პოდკასტებს მოიცავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *