ტრამპის თქმით, 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი $1.5 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს

ტრამპის თქმით, 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი $1.5 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 2027 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი $1.5 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს, რაც კონგრესის მიერ მიღებულ 2026 წლის $901-მილიარდიან ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აღემატება. აღნიშნული განცხადების შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მრეწველობის კომპანიების აქციათა ფასები გაიზარდა, თუმცა ტრამპის გეგმებმა ბიუჯეტირების ექსპერტების გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა.

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის მსგავს ზრდას კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კონგრესსა და სენატში რესპუბლიკელები უმრავლესობას წარმოადგენენ, ინიციატივის ჩავარდნის ალბათობა დაბალია.

საკუთარ სოცმედიაპლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებაში, ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება კონგრესმენებთან, სენატორებთან, მინისტრებთან და სხვა პოლიტიკოსებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

„ეს [ბიუჯეტის ზრდა] შესაძლებლობას მოგვცემს, ავაშენოთ „ოცნების არმია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი განმარტებით, ბიუჯეტის თითქმის 60%-ით ზრდა აშშ-ის მიერ გლობალურად დაწესებული ტარიფებიდან მიღებული შემოსავლით მოხერხდება.

საინტერესოა, რომ ტრამპმა გუშინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელიც აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს ეხება. მან კონტრაქტორებს შეიარაღების წარმოების დაჩქარებისაკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, დღის წესრიგში კონტრაქტების შეწყვეტის საკითხი დადგება. ტრამპის განმარტებით, ის მზადაა, აღნიშნულ კომპანიებს დივიდენდების გადახდა ან საკუთარი აქციების გამოსყიდვა აუკრძალოს მანამ, სანამ წარმოება არ დაჩქარდება.

არაპარტიული კვლევითი ორგანიზაცია „პასუხისმგებლობიანი ფედერალური ბიუჯეტის კომიტეტის“ პროგნოზით, აღნიშნული შეთავაზება აშშ-ის ბიუჯეტს 2035 წლისთვის $5-ტრილიონამდე დაუჯდება, აშშ-ის საგარეო ვალს კი, პროცენტის გათვალისწინებით, $5.8 ტრილიონით გაზრდის. ორგანიზაციის დათვლით, ტარიფებს ამ ხარჯების მხოლოდ ნახევრის დაფარვა შეეძლება.

ცნობისათვის, ბოლოს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 50%-ზე მეტით 1951 წელს გაიზარდა, რისი მიზეზიც კორეაში აშშ-ის სამხედრო კამპანია იყო.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.