აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკამათო განცხადება გაავრცელა. ტრამპი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს გამოეხმაურა და მხარეებს შორის დაპირისპირების დასრულების საკუთარი ხედვა გააჟღერა. მისი განცხადებით, ღაზის სექტორს აშშ დაიკავებს, ხოლო იქ მცხოვრებ პალესტინელებს სხვაგან გადაასახლებენ. ამის შესახებ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ტრამპის იდეამ ახლო აღმოსავლეთში დიდი კრიტიკა დაიმსახურა და მას რეგიონის სხვადასხვა აქტორი გამოეხმაურა. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფო „ეწინააღმდეგება საკუთარი მიწიდან პალესტინელების გადასახლების ნებისმიერ მცდელობას და აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“.
საკითხის ნებისმიერ გარემოებაში ნებისმიერი სახით ინტერპრეტაციას ოფიციალური განცხადებით ეწინააღმდეგება საუდის არაბეთის პრინცი მუჰამად ბინ სალმანიც. საუდის არაბეთის ხელისუფლების პოზიციაა, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება პალესტინური სახელმწიფოს დაარსების გარეშე, შეუძლებელია.
დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ღაზის სექტორში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ხელმძღვანელობაც. „ჰამასის“ წარმომადგენლის, სამი აბუ ზუჰრის განცხადებით, დონალდ ტრამპის სიტყვები „სასაცილო“ და „აბსურდულია“ და ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორში მცხოვრები ორ მილიონამდე პალესტინელის მეზობელ ქვეყნებში გადასახლების იდეა რამდენიმე დღის წინაც გააჟღერა. ამის შესახებ კი მოთხოვნით იორდანიასა და ეგვიპტეს მიმართა, რომელთაც ტრამპს ლტოლვილების მიღებაზე უარი განუცხადეს.
პალესტინელების ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრების საკითხი ათეულობით წელია, ფართო პოლიტიკური დისკუსიის საგანია. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მცხოვრებ 2 მილიონამდე პალესტინელს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის მეორე შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კი ღაზის სექტორში პალესტინელების დაბრუნებას ეხება. ტრამპის განცხადებაც სწორედ ამ პროცესს უკავშირდება.
პალესტინელებთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საკითხზე საუდის არაბეთის სამეფოს პოზიცია, რომელიც, ტრამპის თქმით, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან ახლოსაა. თუმცა თავად საუდის არაბეთის ხელისუფლება საკითხს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების წყალგამყოფად მიიჩნევს. საუდის არაბეთი ტრამპის განცხადებას, თითქოს ოფიციალური რიადი პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას არ მოითხოვს, მცდარ ინტერპრეტაციას უწოდებს.