ტრამპის თქმით, ეროვნულ გვარდიას ჩიკაგოშიც გაგზავნის

ტრამპის თქმით, ეროვნულ გვარდიას ჩიკაგოშიც გაგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩიკაგოში კრიმინალთან საბრძოლველად ეროვნული გვარდიის სამხედროებს განათავსებს. ტრამპის გადაწყვეტილებამ, განათავსოს სამხედრო დანაყოფები ქვეყნის მესამე ყველაზე დიდ ქალაქში, ადგილობრივ წარმომადგენლებში დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია.

„ჩვენ შევდივართ [ქალაქში]. არ გადამიწყვეტია როდის, მაგრამ შევდივართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ჩიკაგოს მერმა ბრენდონ ჯონსონმა. „მას უბრალოდ უნდა, რომ ჰყავდეს საკუთარი საიდუმლო საპოლიციო ძალა, რომელიც საჯარო ქმედებებს განახორციელებს ყოველთვის, როცა გამოკითხვებში მისი შედეგები ეცემა, როდესაც დასაქმების მაჩვენებლები სტაგნაციას განიცდის და როდესაც თავისი  წარუმატებლობისაგან ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა სჭირდება“, – განაცხადა ჩიკაგოს მერმა.

ტრამპის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფედერალურმა მოსამართლემ მის ადმინისტრაციას კალიფორნიაში ეროვნული გვარდიის სამხედროების განთავსება აუკრძალა. თუმცა აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სხვა შტატებზე არ ვრცელდება. მიუხედავად ამისა, მოსამართლის განცხადებით, ტრამპის სურვილმა, სამხედროები ჩიკაგოსა და სხვა ქალაქებში განათავსოს, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე კვირის წინ ეროვნული გვარდიის 800 მოსამსახურე დედაქალაქში განთავსდა. მანამდე კი, რამდენიმე თვით ადრე იგივე გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესში მიიღო. ფედერალურმა მოსამართლემ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება დაბლოკა, რასაც დიდი ალბათობით ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრებს. რა რაოდენობის კონტიგენტი განთავსდება ჩიკაგოში, ჯერჯერობით უცნობია.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.