ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე ევროკავშირში წარმოებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დაწესდება. აქვე ტრამპმა დასძინა, რომ ბლოკი შეიქმნა იმისთვის, რათა „ამერიკის შეერთებული შტატები დაეზიანებინა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ტარიფები შეეხება ყველა პროდუქტს, მათ შორის ავტომობილებს. თავის მხრივ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის, მის წინააღმდეგ დაწესებულ უსამართლო ტარიფებზე, მტკიცე და მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
შეგახსენებთ, ტრამპმა 25%-იანი ტარიფები მექსიკისა და კანადის წინააღმდეგაც დააანონსა. ახალი სატარიფო გეგმა ძალაში 4 მარტს უნდა შევიდეს, თუმცა შესაძლოა, თარიღმა 2 აპრილამდე გადაიწიოს. ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი გეგმავს, უახლოეს დღეებში საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მექსიკისა და კანადის მოქმედებებს გადახედოს. სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.
ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაანონსებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბლოკის პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სურსათისა და ავტომობილების ამერიკელ ექსპორტიორებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. „ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატებისთვის ზიანის მისაყენებლად – ეს არის მათი მიზანი და საქმე კარგად გააკეთეს. მაგრამ ახლა მე ვარ პრეზიდენტი“, – თქვა მან.
ევროკავშირმა აშშ-ის პრეზიდენტის პრეტენზიები უარყო და განაცხადა, რომ რეგიონული ბაზრის შექმნამ ამერიკული კომპანიებისთვის ევროპაში ბიზნესის კეთება გააადვილა.
„ეს იყო სიკეთე შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა. „ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, თუ წესების მიხედვით ითამაშებთ. მაგრამ ჩვენ ასევე ყოველთვის დავიცავთ ჩვენს მომხმარებლებსა და ბიზნესს“.