პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც, მისი თქმით, ქვეყნებს შორის 12-დღიან თავდასხმებს დაასრულებს, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის შიშები გააღვივა.
იხილეთ ასევე: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? | მოვლენათა ქრონოლოგია და სამომავლო პერსპექტივა
აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი მომდევნო 24 საათის განმავლობაში „ცეცხლის სრული შეწყვეტის“ შეთანხმებას აამოქმედებენ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში საჰაერო და სარაკეტო დარტყმები გაცვალეს.
დონალდ ტრამპს დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები, თუმცა მათგან დაჟინებით მოითხოვა, რომ „მშვიდობა და პატივისცემა“ შეინარჩუნონ.
„გილოცავთ მსოფლიოს, მშვიდობის დროა!“ – დაწერა პოსტების სერიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 21 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. პრეზიდენტ ტრამპის მიერ თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ის ბომბდამშენებმა იერიში ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა.
ამის საპასუხოდ, გუშინ ირანმა კატარსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ტრამპის თქმით, ირანის მიერ გაშვებული 13 რაკეტა „ჩამოაგდეს“ და თავდასხმას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.
იხილეთ ასევე: აშშ-ის შეტევა ირანზე: ტრამპი თეირანში რეჟიმის შეცვლაზე მიანიშნებს