აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს, ვაშინგტონის დროით დილის 10 საათზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით გაესაუბრება და რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხებს განიხილავს. ტრამპის თქმით, პუტინთან საუბრის შემდეგ ასევე გეგმავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და „ნატოს რამდენიმე წევრთან“ გასაუბრებასაც.
აღსანიშნავია, რომ პუტინი არ გამოცხადდა მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარე კვირას თურქეთში გაიმართა, მაშინ როცა ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისთვის მზად იყო. სანაცვლოდ, რუსეთმა სტამბოლში მხოლოდ დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა, რომელმაც უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. თურქეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები 2022 წელს მხარეებს შორის დაწყებული, მაგრამ შეწყვეტილი პირდაპირი დიალოგის განახლებას ისახავდა მიზნად.
ტრამპის საუბარი პუტინსა და ზელენსკისთან დაიგეგმა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა პარასკევს უკრაინაში ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის ფონზე, ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა და კრემლის დელეგაცია გააკრიტიკა, როგორც „სუსტი და მოუმზადებელი.“
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა და ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს მოლაპარაკებების დაწყებამდე მინიმუმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გარანტია მოსთხოვეს. თუმცა პუტინმა მოლაპარაკებების ამ წინაპირობის შესრულებაზე უარი განაცხადა.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 2022 წლიდან დღემდე 12,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ზელენსკის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით, 2024 წლის დეკემბრამდე ომში 43,000 უკრაინელი ჯარისკაცი დაკარგეს, ხოლო თებერვალში BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროების მსხვერპლის რაოდენობამ 95,000-ს გადააჭარბა.