ტრამპლინი რაგბიში

ტრამპლინი რაგბიში

დავით გიგაურმა რაგბის თამაში 2012 წელს საქართველოში „ჯვაროსნებით“ დაიწყო, შემდეგ იყო ევროპა. ახლა კი კარიერის უფრო მაღალ საფეხურებზე ასვლას ამერიკულ რაგბიში აპირებს. გეგმებზე სპორტსმენმა Forbes Georgia-სთან ისაუბრა.

კარიერა საქართველოში დაიწყეთ. თუმცა რამდენიმე წელიწადში გადახვედით რუმინეთში, მოგვიანებით კი საფრანგეთში. რა იყო ამის მიზეზი, რა შემოთავაზებით დაგხვდათ ეს ქვეყნები?

რუმინეთი იყო ჩემთვის როგორც ტრამპლინი, მქონდა ორი შემოთავაზება: ერთი ფინანსურად კარგი, მეორე ფინანსურად დაბალი, მაგრამ პერსპექტივა და განვითარება იყო მეტი, რათა საკუთარი თავი უფრო მაღალ საფეხურზე ამეყვანა როგორც კარიერულად, ასევე ფინანსურად. რა თქმა უნდა, ავირჩიე განვითარება და სწორადაც მოვიქეცი, ამით გზა გამეხსნა საქართველოს ეროვნული ნაკრების და ფრანგული დიდი რაგბისკენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი გადავწყვიტე, უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დამეყენებინა საკუთარი თავი და საფრანგეთში გადავსულიყავი. ათი ფრანგული კლუბისგან მქონდა შემოთავაზება. არჩევანი ჯერ Colomiers Rugby-ზე, ხოლო შემდეგ Tarbes Pirenes-ზე შევაჩერე. საფრანგეთი ცნობილია, როგორც რაგბის დიდი მხარდამჭერი ქვეყანა, იქ სპორტის ეს სახეობა მნიშვნელოვნადაა განვითარებული, მეც ეს შესაძლებლობა გამოვიყენე.

თუმცა 2021 წელს ისევ საქართველოს დაუბრუნდით. დაინახეთ აქ, ამ სპორტში პერსპექტივა?

საქართველოში დაბრუნება იყო შანსი, მიმეღო მონაწილეობა ქართული რაგბის წინსვლაში, რამაც შედეგი მართლაც გამოიღო. ჩვენ შევძელით და დავამარცხეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდები. მიხარია, რომ ამ პროცესში მეც მიმიძღვის წვლილი. სამი წელი ვითამაშე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და სამივეჯერ ევროპის ჩემპიონები გავხდით. ჩვენ ასევე მოვიგეთ ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და ის საქართველოსა და რუმინეთს შორის იმართება. ამ წარმატებებმა მოგვიტანა ბევრად მეტი ცნობადობა, დაფასება და რაგბიზე მოთხოვნაც გაიზარდა.

რა სჭირდება ქართულ რაგბის დღეს?

ქართული რაგბისთვის და, შესაბამისად, საქართველოსთვის აუცილებელია მაღალი დონის გუნდებთან მეტი თამაში, რაც ქვეყანას ბევრად მეტ ცნობადობას და ფინანსურ შემოსავალს მოუტანს, ამ სპორტის განვითარებას მოჰყვება მთელი მსოფლიოდან ტურისტების შემოდინება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. სტატისტიკას რომ შევხედოთ, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ყურებადობით მსოფლიოში მეორეა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ამით ნათელია, თუ რამდენად დიდ რიცხვებზეა საუბარი ქვეყანაში ფინანსური შემოსავლის კუთხით.

და როგორი ბიზნესი შეიძლება იყოს ეს სპორტი ჩვენს ქვეყანაში?

რაგბის ყოველი თამაში უნდა იყოს ზეიმი. ეს იზიდავს როგორც ტრადიციულ, ისე არატრადიციულ გულშემატკივარსაც, რაც შემდგომში კერძო სექტორის უფრო მეტ ჩართულობას იწვევს. საფრანგეთის მაგალითი რომ ავიღოთ, ეს მიდგომა ამართლებს. როგორც ბიზნესი, რაგბი საკმაოდ შემოსავლიან სპორტად ყალიბდება. სტატისტიკას რომ შევხედოთ, ამ სპორტით უფრო და უფრო მეტი ხალხი და ქვეყანა ინტერესდება. უახლოესი და ყველაზე კარგი მაგალითი ამ მხრივ ამერიკაა, სადაც ეს სპორტი ნელ-ნელა უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.

ეს გახდა იმის მიზეზი, რის გამოც ამერიკაში გადაწყვიტეთ კარიერის გაგრძელება?

შემოთავაზებები ამერიკიდან ადრეც მქონდა, თუმცა მაშინ ევროპულ რაგბიში დარჩენა ვამჯობინე, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალ გამოწვევებთან გამკლავება. დღეს კარიერის ამერიკაში გაგრძელება იქიდან გამომდინარეც გადავწყვიტე, რომ ამ ქვეყანამ ბოლო პერიოდში რაგბის განვითარებისკენ დიდი ფინანსები მიმართა. ეს გათვლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გააკეთეს, რომელიც ამერიკაში უნდა ჩატარდეს. მინდა, იქაც ვცადო ბედი, ახალ გამოწვევებს შევეჭიდო და ჩემი გამოცდილება ამერიკულ რაგბისაც მოვახმარო.

რა იქნება შემდეგ? როგორია თქვენი შედარებით შორს მიმავალი გეგმები?

უახლოესი პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას ამერიკაში შევეცდები. მინდა ჩემი შესაძლებლობები აქაც ბოლომდე ამოვწურო. შემდგომი გეგმები კი მწვრთნელობას უკავშირდება, ხოლო ამის შემდეგ საკუთარი კლუბის დაარსებას და ჩემი გამოცდილების ახალი თაობისთვის გადაცემას ვგეგმავ.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *