ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ათეულობით ქვეყნის წინააღმდეგ ახალი, 20%-დან 40%-მდე ტარიფების დაწესების გეგმა წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემდეგ დემოკრატები ტარიფების პოლიტიკის შეცვლას გეგმავენ, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად შეძლებენ ისინი ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებას. ამასთან, ტარიფების საკითხზე თავად დემოკრატიული პარტიის შიგნითაც არ არსებობს ერთიანი პოზიცია.
ტრამპის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა 1974 წლის სავაჭრო აქტის 301-ე მუხლს ეფუძნება. ეს ნორმა პრეზიდენტს უფლებას აძლევს, სხვა ქვეყნებში არსებულ არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკაზე საპასუხოდ ტარიფები დააწესოს. ადმინისტრაციის განმარტებით, ახალი გადასახადები იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებიც გარკვეულ პროდუქციას ჭარბად აწარმოებენ.
შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემდეგ დემოკრატებმა განაცხადეს, რომ იანვრიდან, როდესაც ახალ უფლებამოსილებას მიიღებენ, ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ იმოქმედებენ. წარმომადგენელთა პალატის სავარაუდო მომავალი სპიკერი, ჰაკიმ ჯეფრისი, ტრამპის ტარიფების შეჩერებას გეგმავს. სენატის საფინანსო კომიტეტის სავარაუდო მომავალი თავმჯდომარის, რონ უაიდენის განცხადებით კი, არჩევნების შემდეგ მან კოლეგებთან შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა უკვე დაიწყო.
თუმცა ტარიფების გაუქმებას მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბარიერები აქვს. შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად სენატში, სავარაუდოდ, 60 ხმა იქნება საჭირო, რაც დემოკრატებისგან რესპუბლიკელების ნაწილის მხარდაჭერასაც მოითხოვს. ამასთან, ტრამპს კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის ვეტოს უფლება აქვს. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კი ორივე პალატაში ხმების ორი მესამედია საჭირო, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურ სცენარად მიიჩნევა.
The Wall Street Journal-ის შეფასებით, კანონმდებლებისთვის პრიორიტეტული შესაძლოა კანადიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე დაწესებული 50%-იანი ტარიფების გაუქმება გახდეს. ამ ზომას დიდი წინააღმდეგობა აქვს რესპუბლიკელებშიც, განსაკუთრებით კანადასთან მოსაზღვრე შტატების წარმომადგენლებს შორის, მათ შორის მიჩიგანსა და ალასკაში. შესაბამისად, ამ ტარიფების გაუქმებას დემოკრატებმა შესაძლოა სხვა სავაჭრო შეზღუდვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერა მოუპოვონ.
თუმცა ოთხშაბათს დაანონსებული ახალი ტარიფებისა და სხვა შეზღუდვების გაუქმება შესაძლოა გაცილებით რთული აღმოჩნდეს. Bloomberg-ის ცნობით, თავად დემოკრატების ნაწილიც მხარს უჭერს ტარიფებს, რადგან მათ ადგილობრივი წარმოებისა და სამუშაო ადგილების დაცვის ინსტრუმენტად მიიჩნევს.
გარდა ამისა, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დემოკრატები შესაძლოა უფრო მეტად იმ საკანონმდებლო მექანიზმების შეზღუდვით დაინტერესდნენ, რომლებსაც პრეზიდენტები ტარიფების დასაწესებლად იშვიათად იყენებენ. შედარებით ნაკლები მზაობა კი შეიძლება ჰქონდეთ 301-ე მუხლის მსგავსი მექანიზმების გაუქმების მიმართ, რომლებსაც პრეზიდენტები სავაჭრო შეზღუდვებისთვის რეგულარულად იყენებენ. მიზეზი ისაა, რომ დემოკრატებს არ სურთ, მომავალში საკუთარ პრეზიდენტებს მსგავსი სავაჭრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა შეუზღუდონ.
„დონალდ ტრამპს მოკლევადიანი მეხსიერება აქვს. სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ამერიკელებმა მისი მაღალი ტარიფებისა და გაძვირებული ფასების პოლიტიკა მკაფიოდ უარყვეს, ის ახალი შეზღუდვებით დაბრუნდა“, – განაცხადა რონ უაიდენმა ოთხშაბათს. მისი თქმით, როგორც სენატის საფინანსო კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე, ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის შესაჩერებლად და ვაჭრობის საკითხებში კონგრესის კონსტიტუციური უფლებამოსილების აღსადგენად.
იელის უნივერსიტეტის Budget Lab-ის 9 ნოემბრის შეფასებით, ტრამპის ამჟამინდელი სატარიფო პოლიტიკა ამერიკულ ოჯახებს ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით $900-ით დამატებით ხარჯს აკისრებს.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









