ტრამპმა ირანზე თავდასხმა გადაავადა | ირანი მოლაპარაკებებს დათანხმდა

ტრამპმა ირანზე თავდასხმა გადაავადა | ირანი მოლაპარაკებებს დათანხმდა

Photo by Gage Skidmore under the 2.0 Generic Creative Commons license

დღეს გამთენიისას მთელ მსოფლიოს ახლო აღმოსავლეთში ვითარების კიდევ უფრო მეტი ესკალაციის მოლოდინი ჰქონდა. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული დედლაინი ღამის სამ საათზე გადიოდა, რის შემდეგაც ირანზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა დაიწყებოდა. თუმცა ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა, მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა და მედიატორის პასუხისმგებლობა აიღო.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ირანული და ამერიკული დელეგაციები მოსალაპარაკებლად პარასკევს ისლამაბადში მიიპატიჟა. შედეგად დონალდ ტრამპმა თავდასხმის კიდევ ორი კვირით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, ირანი კი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას დათანხმდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით გამოეხმაურა. „პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან და მარშალ ასიმ მუნირთან საუბრის შემდეგ, სადაც მათ მთხოვეს, რომ ირანში დამანგრეველი ძალა არ გამეგზავნა და საუბრის საგანი ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და უსაფრთხო გახსნას ეხებოდა, მივიღე გადაწყვეტილება, ირანზე თავდასხმა ორი კვირით გადავავადო. დაიწყება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ყველა სამხედრო მიზანს მივაღწიეთ და გვსურს ირანთან გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად. ირანისგან 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მივიღეთ და გვჯერა, რომ მას მოლაპარაკებების ჩარჩოდ გამოვიყენებთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

პაკისტანის ხელისუფლების შეთავაზებას ირანული მხარეც გამოეხმაურა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ „პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შეთავაზების საპასუხოდ და აშშ-ის მზაობის შესაბამისად მოლაპარაკებები განახორციელოს, როგორც საკუთარი 15-პუნქტიანი გეგმის, ისე ირანის წარდგენილი 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ირანის უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელით ვაცხადებ, რომ თუკი ირანზე თავდასხმები შეჩერდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები თავდაცვით ოპერაციებს შეწყვეტენ. ასევე, ამ ორი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი გახდება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მზაობა ისრაელმაც გამოთქვა. მხარეთა განცხადებების გავრცელების შემდეგ, ნავთობის ფასმა კლება დაიწყო და ერთი ბარელის ღირებულება $100-ს ჩამოსცდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.