შტატ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გრძელდება. მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები პერიოდულად მწვავდება. 6 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის ოპერაციაში ეროვნული გვარდიის 2,000-მდე სამხედროს ჩართვის ბრძანება გასცა, რასაც კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა.
მოგვიანებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის სამხედროებთან ერთად მობილიზებულები არიან საზღვაო ქვეითებიც, რომლებიც საქმეში იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდნენ, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდებოდა. კალიფორნიის გუბერნატორმა თავდაცვის მდივანი გაკეთებული განცხადებისთვის გააკრიტიკა და განმარტა, რომ ამერიკულ მიწაზე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საზღვაო ქვეითების გამოყენება არასწორი ქმედება იქნებოდა. ლოს-ანჯელესში სამხედრო კონტინგენტის განთავსებას ეწინააღმდეგება ქალაქის მერი ქეირენ ბასიც, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის გადარწმუნებას ცდილობდა.
გუშინ ABC-ისა და CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ეროვნული გვარდიის 2,000-მდე მობილიზებულ სამხედროს კალიფორნიის ბაზიდან საზღვაო ქვეითების ბატალიონიც შეუერთდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა როლი ექნება საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენაში 700-მდე საზღვაო ქვეითს.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში სამართლებრივი რისკების შესახებ დებატები წარმოშვა. შესაბამისი წინაპირობის გარეშე შიდა სამართალდამცავ ღონისძიებებში სამხედრო შენაერთების გამოყენება აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად არ შეიძლება. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი საკუთარ ბრძანებაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების კოდექსის მეათე მუხლზე მიუთითებს, რომელიც ფედერალურ მთავრობას ეროვნული გვარდიის გამოყენების უფლებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სახელმწიფო გადატრიალების ან უცხო სახელმწიფოს შემოჭრის საფრთხე. კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებით, შტატი სასამართლოში საჩივარს შეიტანს, რათა თეთრი სახლის გადაწყვეტილება დაბლოკოს. გუბერნატორის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.