რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უმოქმედობით იმედგაცრუებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადა 50 დღიდან 10-12 დღემდე შეუმცირა. ტრამპმა 50-დღიანი ვადა პუტინს რამდენიმე კვირის წინ დაუწესა, რომლის გასვლის შემდეგაც პროგრესის არარსებობის შემთხვევაში როგორც რუსეთს, ისე რუსული საექსპორტო საქონლის შემსყიდველ სახელმწიფოებს მძიმე სანქციებით დაემუქრა.
ახალი ვადის დაწესებით კი შესაძლოა დონალდ ტრამპს პუტინისთვის მინიშნება სურდა, რომ მისი მუქარა რეალურია და კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს. „მე ახალ ვადას ვაწესებ. დღეიდან 10-12 დღე. ლოდინის მიზეზი არ გვაქვს, რადგან ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და აღნიშნა, რომ ტრამპი ულტიმატუმის თამაშს თამაშობს, რამაც შესაძლოა საქმე აშშ-ის ჩართულობით ომამდე მიიყვანოს. „ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარაა და ნაბიჯი ომისკენ. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის (ტრამპის) ქვეყანასთან“, – დაწერა მედვედევმა საკუთარ X-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის განცხადებას დროული და საჭირო უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დამატებითი მძიმე სანქციების დაწესება დიდი დარტყმა იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინული და რუსული დელეგაციების სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინამ რუსულ მხარეს სახელმწიფო ლიდერების აგვისტოს ბოლოსთვის სამიტის ფორმატში შეხვედრა შესთავაზა, რაზეც კრემლმა უარი განაცხადა. რუსეთის დელეგაციის განცხადებით, ლიდერების შეხვედრა შესაძლებელი მხოლოდ ფინალურ ეტაპზე იქნება.