აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან ერთად ხელი მოაწერა ისტორიაში თავდაცვის უმსხვილეს ხელშეკრულებას, რომლის ღირებულება დაახლოებით $142 მილიარდს შეადგენს.
თეთრი სახლის განცხადებით, შეთანხმება საუდის არაბეთისთვის „ათზე მეტი ამერიკული თავდაცვის კომპანიის თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობისა და მომსახურების“ მიწოდებას მოიცავს. პაკეტი ასევე მოიცავს ფართომასშტაბიან წვრთნებსა და მხარდაჭერას საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, სამხედრო აკადემიებისა და სამხედრო სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისა და მოდერნიზების ჩათვლით.
შეთანხმების ხელმოწერამდე დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან და რამდენიმე წამყვან ბიზნესმენთან ერთად სადილს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ სადილზე იმყოფებოდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი, OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორი სემ ოლტმენი და Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი.
აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში 4-დღიანი ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრა. ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფოკუსი რეგიონთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა იქნება.