ტრაპიზონი: შავი ზღვის მარგალიტი

ტრაპიზონი: შავი ზღვის მარგალიტი

ტრაპიზონი საუკუნეების მანძილზე, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე საკვანძო პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო. ქართველური ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე ამ დიდი ქალაქის დამაარსებელი მილეტელი კოლონისტების შემდეგ, იმპერიათა ინტერესები იკვეთებოდა. დიდი სავაჭრო გზები ტრაპიზონამდე მოდიოდა, შემდეგ კი ზღვით აღწევდა შავიზღვისპირეთის თუ უფრო შორეულ ქვეყნებს. საქართველოს სამეფოს დახმარებით შექმნილმა ტრაპიზონის იმპერიამ კი ბიზანტიაზე უფრო დიდხანს იარსება და რომაული მემკვიდრეობა შემოინახა.

ქალაქ ტრაპიზონის ისტორია ბერძნული კოლონიზაციის ეპოქაში იწყება, როდესაც მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე მოსახლე იონიელმა ბერძნებმა, ძვ.წ. VIII საუკუნიდან, შავ ზღვაში მოგზაურობა და კოლონიების დაარსება დაიწყეს. ახალშენი უნდა დაარსებულიყო სტრატეგიულად მნიშვნელოვან, სავაჭროდ მოსახერხებელ, ბუნებრივად კარგად დაცულ, ნავსადგურისთვის ხელსაყრელ ადგილზე. ამავე დროს, საჭირო იყო ადგილობრივ ტომებთან მოლაპარაკება ან მათი ძალით დამორჩილება.

კლასიკური ტრადიციით, ტრაპიზონი ძვ.წ. 756 წელს დააარსეს შავიზღვისპირეთის კიდევ ერთი მილეტური კოლონიიდან, სინოპიდან მოსულმა კოლონიზატორებმა. ანტიკურ ხანაში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო კოლხებით იყო დასახლებული, მცირე აზიის სიღრმეში კი სხვა ქართველური ტომები სახლობდნენ. კოლონიზატორ ბერძნებს არ უცდიათ და არც შეეძლოთ მათი დაპყრობა. ისინი მშვიდობიან ურთიერთობას ინარჩუნებდნენ ადგილობრივებთან – ვაჭრობდნენ, მათგან საჭირო რესურსებს იღებდნენ. ახლომდებარე მილეტურ კოლონიებთან, ამისოსსა და სინოპთან ერთად, ტრაპიზონი, რომელსაც ანტიკურ ხანაში სხვადასხვა სახელით: ტრაპეზოსით, ტრაპეზუსითა თუ ტრაპეზუნტით მოიხსენიებდნენ.

ძვ.წ. VI საუკუნეში ტრაპიზონი აქემენიანთა იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. იმპერიის წიაღში მცირე აზიის იონიური ბერძნული ქალაქები, ადგილობრივი მმართველობით, აგრძელებდნენ ურბანულ განვითარებას, მისდევდნენ აქტიურ ვაჭრობას და ურთიერთობა ჰქონდათ ბალკანეთის ბერძნულ პოლისებთან. ძვ.წ. 401 წელს, აქამდე მოაღწია ათი ათასმა დაქირავებულმა ბერძენმა, რომლებიც საბერძნეთში ბრუნდებოდნენ მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღეს აქემენიანთა სამოქალაქო ომში. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტი, რომელიც ამ ლაშქ­რობის ერთ-ერთი მეთაური გახლდათ, „ანაბასისში“ (ათი ათასის უკან დახევა) აღწერს ჯარისკაცთა სიხარულს იმპერიის უზარმაზარი სახმელეთო სივრცის გავლის შემდეგ ზღვის პირველად დანახვისას. ამავე დროს, ეს იყო მათი პირველი კონტაქტი ელინურ სამყაროსთან ხანგრძლივი უკან დახევის შემდეგ. თუმცა კი, იმედმოცემულებს, ჯერაც ხანგრძლივი გზა ჰქონდათ გასავლელი ეგეოსის ზღვამდე.

ძვ.წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის იმპერია დაიპყრო და ტრაპიზონი დიდი ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა. დიდი დამპყრობლის „დიადოხოსებს“ (მემკვიდრეებს) შორის მიმდინარე ომების შემდეგ, ეს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ქალაქი საბოლოოდ პონტოს სამეფოში მოექცა და ძვ.წ. I საუკუნის დასაწყისში მძლავრი ელინი მონარქის, მითრიდატე VI ევპატორის იმპერიის ერთ-ერთ მთავარ ურბანულ ცენტრად იქცა, სინოპსა და ამისოსთან ერთად.

ტრაპიზონის სტრატეგიული მდებარეობა რომისა და ბიზანტიის იმპერატორების ყურადღებას იქცევდა. II საუკუნეში რომის იმპერატორმა ადრიანემ, რომის ფლოტისთვის, აქ ნავსადგური ააგო. VI საუკუნეში კი ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე ტრაპიზონს მთავარ ლოგისტიკურ კვანძად განიხილავდა იმპერიის სამხედრო ძალების მომარაგებისთვის სპარსელებთან ომში. ამ პერიოდში მან ქალაქის მრავალი ნაგებობა განაახლა. ბიზანტიელი ავტორის, პროკოპი კესარიელის მიხედვით, ტრაპიზონიდან შემოჰქონდათ ლაზიკაში ხორბალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინაიდან დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად ღომი მოჰყავდათ. ხორბალი და ასევე ტრაპიზონიდან შემოტანილი ღვინო აუცილებელი იყო ადგილობრივი ბიზანტიური გარნიზონების გამოსაკვებადაც, რომელთაც ადგილობრივი რესურსებით ვერ აკმაყოფილებდნენ.

ბრიტანელი ისტორიკოსი ენტონი ესტმონდი მიუთითებს ტრაპიზონის სავაჭრო მნიშვნელობას, რამაც ქალაქს სახელი გაუთქვა შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. ეს იყო საკვანძო პორტი და პირველი წერტილი, სადაც ჩინეთიდან, აბრეშუმის გზის გავლით ტვირთები ჩამოდიოდა და იტვირთებოდა ხომალდებზე. აქ იკვეთებოდა შავიზღვისპირეთში გამოჩენილი ორი იტალიური სავაჭრო რესპუბლიკის, ვენეციისა და გენუის ინტერესები. XIV საუკუნის დასაწყისში ფლორენციელი ბანკირი ფრანჩესკო ბალდუჩი პეგელოტი „ვაჭრობის ხელოვნებაში“ წერდა, რომ ტრაპიზონში გამოიყენებოდა იმავე ზომა-წონის ერთეულები, როგორიც ირანულ სამყაროში, რაც მათ შორის მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებზე მიუთითებს. ეს ფაქტი არქეოლოგიური აღმოჩენებითაც არის დადასტურებული, ვინაიდან თავრიზში ტრაპიზონული მონეტების რამდენიმე განძია აღმოჩენილი. უფრო ადრე ვენეციელმა ვაჭარმა და მოგზაურმა მარკო პოლომ, ჩინეთიდან დაბრუნებისას, გაიარა ტრაპიზონი და მას არც ისე კარგი შთაბეჭდილება დარჩა. მისი ბიძა, მატეო, ჩიოდა, რომ ტრაპიზონის იმპერატორი იოანე II კომნენოსი, რომელიც იმპერიაში ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს შემწედ ითვლება, თაღლითი იყო, რომელმაც მოტყუებით ოთხი ათასი ჰიპერპერა გამოსძალა.

ტრაპიზონი დასავლეთ ევროპისგან საკმარისად შორს იყო საიმისოდ, რომ მსგავსი ფაქტობრივი ცნობები მის შესახებ დაეჩრდილა უფრო მითოლოგიურსა და რომანტიკულს. ეს სხვა ტრაპიზონი იყო – მშვენიერი ქალაქი, მიმზიდველი ქალებით, მდიდარი დესპოტი იმპერატორებით, ინტრიგებით, ფუფუნებით.

ასეთი მითების ჩამოყალიბების მიზეზად ბრიტანელი ისტორიკოსი ენტონი ესტმონდი ტრაპიზონის უზარმაზარ სავაჭრო-კომერციულ მნიშვნელობასაც მიიჩნევს – წვდომას აღმოსავლურ აბრეშუმსა და სანელებლებზე აღმოსავლეთიდან მომავალი ქარავნებით და სამხრეთით, პონტოს მთების ვერცხლის საბადოებით გამდიდრებულ იმპერატორებს. ტრაპიზონზე შექმნილ მითებში ცოტა იყო სიმართლე, მაგრამ მათ მალე დაჩრდილეს რეალობა.

ძალიან განსხვავებული ტრაპიზონი გვხვდება ბევრ ევროპულ ნაწარმოებში. ფრანსუა რაბლეს „გარგანტუაში“ (1534) და მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტში“ (1605), პერსონაჟები გამოთქვამენ სურვილს, რომ ტრაპიზონის მეფეები გახდნენ, ისე, რომ წარმოდგენაც არა აქვთ, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. 1616 წელს ლონდონელმა თომას გეინსფორდმა გამოაქვეყნა „ტრაპიზონის ისტორია ოთხ წიგნად“. სათაური აცდენილია შინაარსს, ვინაიდან ეს არც ისტორიაა და არც ტრაპიზონის. გეინსფორდის წიგნი უბრალოდ კრებულია რომანტიკული ამბებისა, რომელშიც სახელი ტრაპიზონის მოხსენიება საკმარისია, რათა მკითხველმა ზღაპრული და საოცნებო სამყარო წარმოიდგინოს. ასევე გაზვიადებულია ტრაპიზონის სიდიადე 1460-იან წლებში მოხატულ ფლორენციულ სამზითვო ყუთზე, რომელზეც ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელი დღეები – კონსტანტინოპოლისა და ტრაპიზონისთვის ბრძოლაა გამოსახული. ტრაპიზონი აქ წარმოდგენილია დიად ციხე-ქალაქად, უზარმაზარი კოშკებით, რომლებითაც დაცულია ქალაქის შიგნით აგებული მდიდრული სასახლეები და ტაძრები. ის არაფრით ჰგავს ვიწრო ქალაქს, მოქცეულს ციცაბო ხევებსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. მძვინვარე ბრძოლაც, რომელიც ქალაქის წინ, ველზე ხდება, ასევე ფანტაზიის ნაყოფია და არ აჩვენებს ბიზანტიელთაგან ქრისტიანული ქალაქების წარუმატებელ დაცვას, არამედ ოსმალთა მარცხს, რათა ესიამოვნებინა ქრისტიანული აუდიტორია, რომელსაც იმის ხილვა სურდა, თუ როგორ დაიმსხვრეოდა ოსმალთა დაუმარცხებლობის მითი.

ევროპისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების საქართველოში ძალიან კარგად იცნობდნენ მეზობელ ტრაპიზონს და გათვალისწინებულიც ჰქონდათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ქალაქი როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სამხედრო-პოლიტიკური კუთხით. დასავლეთ საქართველოს ქალაქებს მჭიდრო ეკონომიკური კავშირი ჰქონდათ როგორც შავი ზღვის კოლონიზატორ გენუელებსა და ვენეციელებთან, ასევე ტრაპიზონთან. საქართველოს სამხრეთით მდებარე ანისი, ყარსი და ვანის ტბასთან მდებარე ხლათი ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო სისტემაში საკვანძო ქალაქები იყო. როგორც ისტორიკოსი ა. თაბუაშვილი მიუთითებს, ჩრდილოეთ ირანის ქალაქებიდან ბარდავზე გამავალი გზა დვინიდან მიემართებოდა ტრაპიზონისაკენ, რომელიც ანისზე, ყარსსა და არზრუმზე, ანუ კარნუ ქალაქზე გადიოდა. ეს გზა შეგვიძლია აბრეშუმის გზის ერთ-ერთ განშტოებად მივიჩნიოთ. ტრაპიზონი ამ სისტემაში, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა და იქ ბევრი უცხოელი ვაჭარი ჩადიოდა, საიდანაც პროდუქცია გემებით შავი ზღვის გარშემო ქალაქებისკენ გაჰქონდათ. XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე, გაძლიერებული ქართული სახელმწიფო ყველა ძალებით ცდილობდა, ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი გავლენის ქვეშ მოექცია, ვინაიდან ეს უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობის სავაჭრო მაგისტრალზე გაბატონებას ნიშნავდა.

XIII საუკუნის დასაწყისში საქართველო უკვე აკონტროლებდა სომხურ ტერიტორიებს და იბრძოდა ხლათის დაუფლებისთვისაც. ამავე დროს, IV ჯვაროსნულმა ლაშქრობამ აიღო კონსტანტინოპოლი და მის ადგილზე ლათინთა იმპერია შეიქმნა. ბიზანტიის ტერიტორიაზე გაჩნდა ცალკეული პოლიტიკური ერთეულები – ნიკეის იმპერია მცირე აზიაში და ეპირის სადესპოტო ბალკანეთზე. ბიზანტიის მმართველი დინასტია, ანგელოსები, რომელთა ურთიერთობა საქართველოს სამეფოსთან პრობლემური იყო, დაემხო. იმპერიის ყოფილი დინასტია, კომნენოსები, რომელთაც მანამდე დიდი გავლენა ჰქონდათ ბიზანტიის მცირე აზიის პროვინციებში და საქართველოს მმართველ გვარსაც ენათესავებოდნენ, თამარ მეფის დახმარებით ტრაპიზონის მმართველები გახდნენ და 1204 წლიდან 1461 წლამდე მართავდნენ ამ ტერიტორიას იმპერატორების სტატუსით. ის იქცა მოკავშირედ, სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად და ბუფერად საქართველოს დასავლეთ საზღვრებზე. მომდევნო საუკუნეებშიც, როდესაც საქართველო მონღოლთა იმპერიაში მოექცა, ტრაპიზონი უმეტესად მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა ქართველ მონარქებთან. მათ შორის იყო დიპლომატიური ქორწინებებიც. გარდა იმისა, რომ ტრაპიზონის იმპერია უკანასკნელი ბიზანტიური პოლიტიკური ერთეული იყო, ასევე მისი დაარსებიდან დაწყებული, ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო იყო, რომელიც საქართველოს ემეზობლებოდა, სანამ რეგიონში რუსეთი გამოჩნდებოდა.

ტრაპიზონი, ოსმალეთის მმართველობის ქვეშაც, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი მიუთითებს დასავლეთ საქართველოს მჭიდრო საზღვაო-სავაჭრო კავშირზე ტრაპიზონთან. თუმცა ოსმალეთის იმპერიის ახლო აღმოსავლეთში გაბატონების, შავი ზღვის ოსმალეთის ტბად გადაქცევის, ევროპელთა ინტერესების დასავლეთისკენ მიმართვისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, აბრეშუმის გზამ შედარებით დაკარგა აქტუალობა. ამასთან ერთად, კომნენოსების იმპერიის ყოფილი დედაქალაქის მნიშვნელობაც შემცირდა და დროთა განმავლობაში, ის პერიფერიულ ქალაქად ჩამოყალიბდა.

ტრაპიზონი, ანტიკურობისა და შუა საუკუნეების დიდებული ისტორიისა და დასავლეთ ევროპული მითოსის აღთქმული ქალაქი, დღეს თურქეთის შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ცენტრია; მის დიად წარსულზე კი ყველა ეპოქის ისტორიული ღირსშესანიშნაობები მეტყველებს.