წიგნში ნაპოვნი ბიზნესი

წიგნში ნაპოვნი ბიზნესი

11 თვის ანასტასია მაგიდის გარშემო ხოხავს. როგორც ჩანს, კარგად იცის, რომ ხოხვა მისი უფლებაა და თუკი ვინმე მის ხელში აყვანას შეეცდება, მაშინვე აპროტესტებს – ტირილს იწყებს. ერთადერთი, ვისაც ხელში აყვანის უფლებას აძლევს, მამაა. მამასაც მეტი რა უნდა, მკლავებში მომწყვდეულ ანასტასიას კისერში კოცნის, თოჯინასავით ეთამაშება და ისევ იატაკზე სვამს… ალბათ ამ სტატიის სრულიად განსხვავებულ დასაწყისს ელოდებოდა მკითხველი, არა? ისეთ დასაწყისს, როგორიც წარმატებულ ბიზნესმენს შეეფერება. ელოდა, მაგალითად, დასაწყისს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს მოუშვას ძვირად ღირებული ჰალსტუხის კვანძი საქმიანი შეხვედრიდან გამოსულმა ბიზნესმენმა, რომელმაც ეს-ესაა რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი გააფორმა უცხოელ პარტნიორებთან და მომავალ საქმიან შეხვედრამდე, რომელიც 20 წუთში აქვს დაგეგმილი, განტვირთვას აპირებს. სამუშაო კაბინეტში დამონტაჟებულ სარბენ ბილიკზე „ჰერმესის” ფეხსაცმლით დგება, ყურსასმენებს იკეთებს და ჯაზს აყოლებს ფეხს. მოკლედ, ვინც ასეთ დასაწყისს ელოდა, იმედი გავუცრუე – სოსო ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, სრულიად სხვა სიტუაციაში გავიცანი.
სოსოს ჯინსი და თეთრი მაისური აცვია. ვაკის პარკის გვერდით, 19-სართულიანი კორპუსის მეცხრამეტე სართულზე დიდფანჯრებიან სახლში სამი შვილისა და ცოლის გარემოცვაში გატაცებით საუბრობს ოჯახზე, რომელსაც თავის მთავარ მონაპოვრად თვლის. ჩაის თანხლებით არაფორმალური საუბარი საათზე მეტხანს გაგვიგრძელდა. ჩამწერის ჩართვის დრო მოვიდა.

როგორ აპოვნინა როკფელერმა 16 წლის ბიჭს საყვარელი საქმე

80-იანი წლების ბოლო. რა გასაკვირია, რომ ექიმების ოჯახში დაბადებულ სოსო ფხაკაძეს მშობლები ექიმობისთვის ამზადებენ. თითქოს არც სოსოა წინააღმდეგი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით, ხელში უვარდება სქელტანიანი წიგნი, რომელსაც რამდენიმე დღეში სულმოუთქმელად კითხულობს. სოსომ ჯონ დევისონ როკფელერი გაიცნო: „ეს იყო როკფელერის ისტორია. ისტორია იმ ადამიანისა, რომელმაც შექმნა მსოფლიოში პირველი მულტინაციონალური კორპორაცია. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ორგანიზებული ბიზნესი შექმნა, ჩამოაყალიბა მენეჯმენტის თეორია, უკვე 1890 წელს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90%-ს აკონტროლებდა და მსოფლიოში პირველი მილიონერი გახდა. ეს წიგნი ჩემთვის ერთგვარ სტიმულატორად იქცა და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ბიზნესმენი გავმხდარიყავი, – მიყვება სოსო და მეუბნება, – გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ გამოვუცხადე მშობლებს, სამედიცინოზე ვერ ჩავაბარებ-მეთქი”.
ასე აღმოჩნდა სოსო ფხაკაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. მომდევნო წელს კი უნივერსიტეტის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში წარმატება მოიპოვა და 20 საუკეთესო სტუდენტთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში გადაინაცვლა. გარდა ბიზნესის სკოლისა, მან გრიგოლ რობაქიძის სახელობის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით სწავლა ამერიკაში, ჯორჯტაუნსა და ჰარვარდში გააგრძელა, სადაც მაგისტრის წოდება მიიღო. მაგისტრის წოდება მიიღო ასევე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქ მან ბიზნესის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი წელი ვისწავლეო, ამბობს სოსო და ამატებს: „განათლებამ ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა ჩემს წარმატებულ ბიზნესკარიერაში”.

ნაქსოვი ბიზნესით აგორებული საქმე

სოსო ფხაკაძე ჯერ კიდევ სწავლობდა, როცა 1989 წელს პირველი ბიზნესის წამოწყება მეგობართან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან (ამჟამად თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი), ერთად გადაწყვიტა. ბევრი არაფერი – უბრალოდ, ჯემპრები უნდა ეყიდა და გაეყიდა. „მეგობარმა გვითხრა, ჩემს ახლობელს ძალიან კარგი ჯემპრები აქვს ჩამოტანილი და, მგონი, გავყიდითო. მაშინ ბიზნესი ძალიან ელემენტარულ მაჩვენებელზე იყო დაყვანილი – ვიყიდო-გავყიდო. საქმე გამოგვივიდა. ჯემპრები გავყიდეთ და ფულიც დაგვრჩა, 1200 დოლარამდე. მაშინ ეს თანხა სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ საბროკერო კომპანია გეყიდა და მუშაობა დაგეწყო. საბროკერო კომპანია საშუალებას გაძლევდა სხვადასხვა ტიპის საქონლის ყიდვა-გაყიდვის შუამავალი ყოფილიყავი და ამაში საკომისიო თანხა აგეღო. ასეც მოვიქეცით, ჯემპრებით ნაშოვნი ფულით საბროკერო კომპანია შევქმენით და საქმეც წავიდა”, – იხსენებს ბიზნესმენი.

აკეთე ის, რაც გიყვარს – ვისოლ ჯგუფის წარმატების ფორმულა

სოსო ფხაკაძის, როგორც წარმატებული ბიზნესმენის, ისტორია ნავთობსექტორს უკავშირდება – სფეროს, სადაც ის 90-იან წლებში შევიდა და სფეროს, სადაც 90-იან წლებში ჩართულნი იყვნენ როგორც მაღალჩინოსნები, ასევე კრიმინალური გამოცდილების მქონე ადამიანები. იყო კონტრაბანდა, კორუფცია… სოსომ კარგად იცოდა, რა ტიპის ბიზნესს უკავშირებდა საკუთარ საქმიანობას და ისიც კარგად იცოდა, რომ ამ სფეროში წარმატების მისაღწევად არაერთ რისკზე მოუწევდა წასვლა. თითქმის ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოსო ფხაკაძემ და მისმა ძმამ, ლევანმა, საქმე ნავთობპროდუქციასთან დაიჭირეს. ამ გადასახედიდან, სოსოს შეუძლია თქვას ის, რაც თქვა: „ზუსტად „გავარტყით” სფერო. 1995 წელს, როცა ამ ბიზნესში შესვლა დავისახეთ მიზნად, ქართულ ნავთობსექტორში100-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებდა. ისინი გაქრნენ, ჩვენ კი ჩვენი წესიერების, ჩვენი მენეჯმენტის ხარისხისა და დასახული მიზნის შესრულებისთვის თავის დაკვლის გამო მოვახერხეთ და გადავრჩით და მეტიც, განვვითარდით. ამერიკაში მასწავლეს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხუთჯერ რომ დაეცე, ხუთჯერვე უნდა წამოდგეო. და ასეც ვიქცეოდით. ისეთი რთული პერიოდებიც კი გვქონდა, რომ შეიძლებოდა გვეფიქრა, მოდი, ამ საქმეს თავი დავანებოთ, თორემ რაღაცას გადაგვკიდებენო, მაგრამ არ დავანებეთ თავი, წესიერად ვიარეთ მთელი ეს წლები და აქამდე მოვედით”, – ამბობს სოსო.
ახალგაზრდა ბიზნესმენს სჯერა, რომ მსხვილი და წარმატებული ორგანიზაციის შექმნა დიდი რისკის გარეშე გამორიცხულია. ნავთობსექტორში მუშაობა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სოსო ფხაკაძისთვის. როგორც ის ამბობს, მის ბიზნესს არავინ მფარველობდა. მას ე.წ. „სახურავი” არასდროს ჰყოლია, თუმცა საზღვარგარეთ სწავლამ მას არაერთი სანდო მეგობარი შესძინა. სწორედ ასეთი მეგობრობით გაჭრა გზა რუმინეთში, საიდანაც მას ბენზინით დატვირთული პირველი გემი უნდა შემოეტანა. მაგრამ ამისათვის ახალბედა ბიზნესმენს მილიონ-ნახევარი დოლარი სჭირდებოდა: „საიდან უნდა მომეტანა 90-იანი წლების დასაწყისში მილიონ-ნახევარი? ეს მაშინ წარმოუდგენლად დიდი ფული იყო. ამ თანხას ბანკიდანაც კი ვერ ვისესხებდი. მაგრამ გამიმართლა: ამერიკაში ცხოვრებისას არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი, თანხის ნახევარი მან მასესხა – მენდო და მასესხა. ნახევარი კი ასევე უცხოეთში გაცნობილმა თურქმა მეგობარმა მომცა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნასესხები ფული 22 რიცხვში უნდა დამებრუნებინა, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა, ვისაც საწვავი მივყიდეთ, თანხა დროულად არ გადაგვიხადა. თავი მოვიკალი და სესხის დასაფარი თანხა მაინც ვიშოვე”, – სიამაყით იხსენებს იმ დროს სოსო ფხაკაძე და 90-იანი წლების ქართულ ნავთობსექტორში გამეფებულ სინამდვილეს აღწერს: „ჩვენ საწვავი შემოგვქონდა, რომელსაც ავტოგასამართი სადგურების მეპატრონეებს, კერძო პირებს ვაძლევდით, მაშინ ქსელური ტიპის ბიზნესი არ არსებობდა. წარმოიდგინეთ, რა პერიოდია: ვიღაცას მიეცი საწვავი, იმან კი ფული არ გადაგიხადა, თან აღმოაჩინე, რომ მის უკან თანამდებობის პირი დგას, იმას რომ მიადგე, პრობლემას შეგიქმნის. როკფელერის შვილი მე არ ვყოფილვარ, ქონება ჩემთვის არავის დაუტოვებია, თუმცა მე ყველაზე ძვირფასი კაპიტალი მერგო მამაჩემისგან. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანი ვყოფილიყავი და ეს ჩემთვის ნებისმიერ ფინანსურ კაპიტალზე ძვირფასია”, – ამბობს ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელსაც სჯერა, რომ დიდი რისკისა და სწორი გზით სიარულით მიაღწია იმას, რომ მას დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი აქვს.
პირველი ავტოგასამართი სადგური 1999 წელს უცხოელი პარტნიორის „კანარგო კორპორეიშენის” დახმარებით, ორთაჭალაში გახსნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ავტოგასამართი სადგურების ქსელი შეექმნა. ამით დაიწყო „ვისოლის” ისტორია. დღესდღეობით „ვისოლის” ბრენდის ქვეშ 107 ავტოგასამართი სადგური მოქმედებს, წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 120-მდე უნდა გაიზარდოს.
მაგრამ სიყვარულისა და წესიერების გარეშე არაფერი გამოვაო, მეუბნება სოსო და ცდილობს, მისი წარმატების ერთ-ერთი ფორმულა ახსნას: „ამ ფორმულის მთავარი ელემენტები ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად ქმნიან წარმატებას. ადამიანს შეიძლება ასწავლო საქმე. ეს ჩვენთვის არ არის პრობლემა. საკუთარი აკადემია გვაქვს, სადაც უამრავ ტრენინგს ვუტარებთ თანამშრომლებს. მაგრამ ადამიანს ვერ ასწავლი საქმის ერთგულებას. ეს მას ბუნებრივად უნდა ჰქონდეს. როცა კადრებს ვარჩევ, ვცდილობ, პირველი ლექცია მათ მე წავუკითხო და ვუთხრა, რა არის „ვისოლ ჯგუფი”, რა ღირებულებებზე დგას, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი კომპანიის განვითარება. „ვისოლი” ჩვენი ოჯახია. მე სულ ვეუბნები თანამშრომლებს, რომ ერთმანეთის პატივისცემა ჰქონდეთ. შეიძლება მათ ერთამანეთი ვერ შეიყვარონ, მაგრამ ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ. მე რომ მკითხოთ, რა არის ჩვენ მთავარი მიღწევა, გეტყვით, რომ ეს არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც 4200 ადამიანს აერთიანებს. ასეთ გარემოში იბადება ახალი იდეები, იბადება კრეატივი და იბადება წარმატების მიღწევის შეუკავებელი სურვილი, ლტოლვა, ამოცანა და ასეთ გარემოცვაში მყოფი ადამიანები ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ. მე ჩემს საქმეზე შეყვარებული ადამიანი ვარ”, – ამბობს სოსო და ეტყობა, ძალიან გულწრფელადაც ამბობს.

„ვისოლ ჯგუფი” – ათი ბრენდის გაერთიანება

„ვისოლ ჯგუფი” დღეს საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია და ის მოიცავს არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფეროს, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესს. „ვისოლ ჯგუფის” შვილობილი ბრენდებია – „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, „ეარ ვისოლი”, „ვისოლ გაზი”, „ვისოლ ბუნკირები”, „ვიანორ ჯორჯია”, „ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია”, სამშენებლო კომპანია „დელტა ჰოლდინგი”, სარეკლამო კომპანია „ველაჯიო”, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი”, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „ვენდი”, სასტუმრო „ლომსია”, საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი” და ფიტნეს-ცენტრი „ლაგუნა ქუთაისი”. გასულ წელს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” კომპანია Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებულ ბიზნესდაჯილდოებაზე – „ოქროს ბრენდი” – ნავთობსექტორში რჩეულ ბრენდად აღიარეს. გასულ წელსვე სოსო ფხაკაძემ წლის ბიზნესმენის წოდება მიიღო. თუმცა მანამდე, 2010 წელს, „ვისოლ ჯგუფი” ევროპის ბიზნესდაჯილდოების წარმატებულ კომპანიათა ათეულში მოხვდა. „ვისოლ ჯგუფის” წლიური ბრუნვა 400 მილიონ დოლარს შეადგენს. იქ 4 200 ადამიანია დასაქმებული.


„სმარტი” და „ვენდი” – განსაკუთრებული სათქმელი ბიზნესმენისთვის

როგორც „ვისოლში” ამბობენ, 2012 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა „ვისოლ ჯგუფის” შვილობილი კომპანია „სმარტისათვის”. სუპერმარკეტმა „სმარტმა” ქსელის განვითარებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 26 მილიონი დოლარის სესხი მიიღო და 2015 წლამდე მთელი საქართველოს მასშტაბით 28-მდე სავაჭრო ცენტრის განვითარება დაისახა მიზნად. „ვისოლ ჯგუფმა” „სმარტის” ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. დღესდღეობით „სმარტის” სუპერმარკეტები წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით და იქ 3000-მდე ადამიანია დასაქმებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში „ვისოლ ჯგუფი” სუპერმარკეტების ქსელის გაფართოებას გეგმავს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ყველა ახალი წამოწყებისთვის დიდხანს ემზადება. ასე იყო „სმარტის” შემთხვევაშიც: „შევისწავლე მსოფლიო ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი ტიპის ქსელები. ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ვეცნობოდი მათ გამოცდილებას. ვისწავლე მათი ისტორიები. და ამას ყველაფერს იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ თავისუფალი დრო მქონდა, იმიტომ, რომ მათი ყველა პლუსი და მინუსი მცოდნოდა, რათა მოულოდნელობებისათვის მზად ვყოფილიყავი”, – მეუბნება სოსო ფხაკაძე.
ამ დროისათვის კი 42 წლის ბიზნესმენი მისი ბიზნესის ერთ-ერთ წარმატებულ მონაპოვრად ცნობილი მულტინაციონალური ბრენდის სწრაფი კვების რესტორნის „ვენდის” საქართველოში შემოყვანას ასახელებს. როგორც სოსო ამბობს, ამ ბრენდის საქართველოში შემოყვანა არ იყო ადვილი: „ადვილი არ იყო იმიტომ, რომ საქართველოში სულ თითზე ჩამოსათვლელი მსხვილი ამერიკული კომპანიებია წარმოდგენილი, მაშინ როცა პოლიტიკური თვალსაზრისით შეერთებულ შტატებთან საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს. „ვენდის” წარმომადგენლებს ყველა შეხვედრაზე სწორედ ამაზე ვესაუბრებოდი. მქონდა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში. ასეთი დადებითი პოლიტიკური ურთიერთობა აუცილებლად უნდა აისახებოდეს ბიზნესზეც”, – მიაჩნია სოსო ფხაკაძეს.

ის, რის გარეშეც ბიზნესმენი ვერ გერქმევა

ეს არის ინტუიციაო, მეუბნება სოსო. მისი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ თვისებას ასახელებს და იმასაც ამბობს, რომ ცდილობს თანამშრომლებსაც მისცეს შესაძლებლობა ინტუიციურად მიიღონ გადაწყვეტილებები: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალიტიკა გვერდზეა გადადებული, მაგრამ ინოვაციები და დიდი იდეების რეალიზაცია მარტო ანალიტიკური აზროვნებით ვერ მოხდება”, – ასე სჯერა სოსოს.
საერთოდ კი სოსო ფხაკაძის საუბრიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ მას თანამშრომლებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ის რამდენიმე ხნის განმავლობაში ორგანიზაცია „გაეროს გლობალურ შეთანხმებას” ხელმძღვანელობდა. ორგანიზაცია ზრუნავს იმაზე, რომ წარმატებული კომპანიები გააქტიურდნენ ქველმოქმედებისა და ზოგადად სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გარშემო. როგორც სოსო ფხაკაძე ამბობს, მისთვის სოციალური პასუხისმგებლობა პირველ რიგში თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნით იწყება: „იყო პერიოდი, როცა ბიჭები ავტოგასამართ სადგურებზე ვერ ახერხებდნენ ჭამას და წვალობდნენ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ყოველდღე სრულფასოვანი საკვები მიეღოთ. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ შევადგინეთ რაციონი და კვების საკითხი გადავჭერით. ჩვენთან ყველა თანამშრომელი დაზღვეულია. გვაქვს ასევე ფონდი, რომ თუ დაზღვევა ვერ ჰყოფნის პრობლემას, საქმეში ფონდი ჩაერთოს. იცი რა, როცა შემოსავალს იღებ, რაღაც საზოგადოებასაც უნდა უწილადო, გარდა იმ გადასახადებისა, რომელსაც შენ იხდი. „ვისოლ ჯგუფი” ამას აკეთებს… თუმცა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს”…
საქველმოქმედო ნაბიჯს უწოდებს სოსო ფხაკაძე საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის” პროექტს. მას მიაჩნია, რომ სპორტის განვითარებაში გარდა სახელმწიფოსი, კერძო სექტორმაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს. 2012 წელს „ვისოლმა” ქართული სპორტის განვითარებისათვის გაწეული ინვესტიციები გაზარდა და ჯამში 30 მილიონამდე ლარი გაიღო საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის”, ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ავაზას”, თბილისში შექმნილი ოთხი სპორტული კომპლექსის, ფიტნეს-ცენტრ „ლაგუნა ქუთაისის”, „ტორპედო ქუთაისის” საწვრთნელი ბაზისა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისათვის.
„ვისოლის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული პროექტები 2012 წელს გარდა სპორტისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლადაც იყო მიმართული.

ბლიცი სოსო ფხაკაძისთვის

– რამდენ მილიონს შეადგენს სოსო ფხაკაძის ქონება?
– ერთი წუთი არ დამიკარგავს იმაზე ფიქრით, თუ რამდენს შეადგენს ჩემი ქონება. ციფრი არ განსაზღვრავს ბედნიერებას და სიმდიდრეს. არ ვიცი, რატომ უნდა დავჯდე და დავითვალო, რამდენი მაქვს. მე იმას დავითვლი, რას იგებს კონკრეტული კომპანია, სად არის პრობლემები და ამას ვახმარ ჩემი დროის დიდ ნაწილს, რათა მივიღოთ მეტი ფინანსური შედეგი. და რა არის ფინანსური შედეგი? მე ამ ქვეყნის შვილი ვარ, ჩვენ ამ ქვეყანაში ვდებთ ყველაფერს. ჩვენ გვაინტერესებს მეტი მოგება, რათა ჩავდოთ მეტი ინვესტიცია, დავასაქმოთ მეტი ადამიანი, გავაკეთოთ მეტი ქველმოქმედება.
– ჰობიზე რას იტყვი?
– თხილამურებით სრიალი მიყვარს. ყველაზე უკეთ ამ დროს ვისვენებ. კიდევ კითხვა მიყვარს. სადაც არ უნდა წავიდე, წიგნები ყველგან მიმაქვს. ყოველ დილით ვარჯიში კი ეს უკვე ცხოვრების წესია. დილით რომ არ ვირბინო და არ ვიცურო, ის დღე დაკარგულია. იმ დღეს მე ძალა არ მაქვს, იმ დღეს მე ღამის 11 საათამდე ოფისში ვერ გავჩერდები.
– შვილები: მარიამი -13 წლის, ლიზი – 8 წლის, ანასტასია – 11 თვის და მეუღლე – ნათია. მათთვის როდის იცლი?
– შვიდივე დღე შვილებისაა. ვცდილობ მათ დაძინებამდე სახლში ვიყო. გარდა ამისა, ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: წელიწადში ორჯერ მთელი ოჯახი ერთად მივდივართ დასასვენებლად. ეს წესი არ იცვლება. გამორიცხულია.
– ტანსაცმლის შერჩევისას ბრენდებს რა მნიშვნელობას ანიჭებ?
– ამ თვალსაზრისით ნაკლებად გამიმართლა. 46 ზომა ფეხი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდები მიყვარს, ჩემი ზომების გამო არჩევანის საშუალება იშვიათად მეძლევა. აი ჰალსტუხი კი ყოველთვის კარგი მიკეთია. მას ზომა არ სჭირდება, – მხიარულობს ბიზნესმენი, რომელიც საუბარში ჩასართავად ცოლს ეპატიჟება, შემომეშველე, მგონი, ძალიან ბევრი ვილაპარაკეო.
საუბარი მართლა ხანგრძლივი გამოვიდა. იმდენად ხანგრძლივი, რომ სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ანასტასიამ დაიძინა და გაიღვიძა. ჩაი ორჯერ გაცივდა. ცხრამეტსართულიან კორპუსს მზემ გადაუარა. მოსაღამოვდა. ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს კი ისევ დარჩა სათქმელი…

ეპილოგის მაგიერ

„ჩვენ რომ როდისმე ისევ ჩავწერთ ინტერვიუს, მაშინ მინდა გითხრა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნესმენია, რომლებმაც ძალიან წარმატებული ბიზნესები შექმნეს. ჩემზე და ჩემს მეგობრებზე ბევრად წარმატებული ბიზნესები… აა, ჰო, და კიდევ ერთი: ჩვენ რომ კიდევ ჩავწერთ ინტერვიუს, მაშინ უკვე ხუთი შვილი მეყოლება”…
მარიტა ჭანიშვილი