ციფრული ინფრასტრუქტურა და მისი გამოყენება

ციფრული ინფრასტრუქტურა და მისი გამოყენება

საქართველოში ციფრული ეკონომიკისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა განვითარებულია, მოსახლეობის ინტერნეტით და მიმღები მოწყობილობებით უზრუნველყოფა მაღალია, მაგრამ ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობა – მკვეთრად ჩამორჩენილი. სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობის მიუხედავად, საქონელი და მომსახურების გაცვლისთვის გარიგების ნაკლებხარჯიანი ციფრული ბაზრების გამოყენების მაჩვენებელი დაბალია, რაც დიდწილად მიწოდების მხარეს – ადგილობრივ კომპანიებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა ციფრულ ეკონომიკაში შესვლის შესაძლებლობას იძლევა.

თუკი წინათ ეკონომიკის დარგობრივი კლასიფიკაცია ინდუსტრიულ და არაინდუსტრიულ სექტორებად იყოფოდა, თანამედროვეობაში ეკონომიკის ციფრულ და არაციფრულ დარგებად კლასიფიკაცია ფართოდ დამკვიდრებული მიდგომაა. შეიძლება მას ძველი და ახალი ეკონომიკაც კი ვუწოდოთ. თავად ეკონომიკა წარმოების, გაცვლისა და მოხმარების რთული, ურთიერთდაკავშირებული სისტემაა, ხოლო ციფრული ეკონომიკა ამ პროცესის ის ნაწილი, სადაც ციფრული ტექნოლოგიებია გამოყენებული. ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენება როგორც წარმოებაში, ასევე საქონლისა და მომსახურების გაცვლაში. წარმოებაში ტექნოლოგიების როლი დღითიდღე მზარდია და ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად, ეკონომიკის დარგები უფრო და უფრო ტექნოლოგიატევადი ხდება, რაც არა მხოლოდ ინდუსტრიულ და მომსახურების დარგებს, არამედ აგროსექტორსაც ახასიათებს. იგულისხმება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოება. ეს უკანასკნელი კი პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.

რაც შეეხება გაცვლას, ამ მხრივ ციფრული ეკონომიკის ძირითადი ნაწილი ელექტრონული კომერციაა, რომელიც ტრადიციულ ბაზრებს ანაცვლებს. თუკი მყიდველებსა და გამყიდველებს ციფრულ ბაზარზე ხელი მიუწვდებათ, მაშინ მათ მიერ ერთმანეთის პოვნა უფრო მარტივდება – გამყიდველების მიერ პოტენციური მყიდველების, ხოლო მყიდველების მიერ გამყიდველების შეთავაზების გზით. ელექტრონულ ბაზრებზე გარიგების დანახარჯები უფრო დაბალია, ვიდრე ტრადიციულზე. შესაბამისად, გარიგების დანახარჯების შემცირება ხელს უწყობს გარიგებების რაოდენობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ განვითარებას.

საბოლოოდ, ციფრული ტექნოლოგიების დამკვიდრება აუმჯობესებს როგორც წარმოებას, ასევე საქონლისა და მომსახურების მიწოდებას. აღნიშნული არა მხოლოდ კერძო საქონლის შემთხვევაში, არამედ საზოგადოებრივი სიკეთის წარმოებასა და მიწოდებაშიც მნიშვნელოვანია. მთავრობების მიერ საჯარო მომსახურებების მიწოდებაში ციფრული ტექნოლოგიების როლი მზარდია. მეორე მხრივ, ამგვარი ტექნოლოგიების პოლიტეკონომია პირდაპირი დემოკრატიის ნაკლებხარჯიანი საშუალებების განვითარებაშია (მაგალითად, ელექტრონული პეტიცია).

როგორც ტრადიციულ წარმოებასა და ბაზრებზე ან მთავრობის მიერ ტრადიციული ფორმით საჯარო მომსახურების მიწოდების შემთხვევაში კრიტიკული როლი აქვს ინფრასტრუქტურას, ასეთივე კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა ციფრულ ეკონომიკაში ციფრული ინფრასტრუქტურა. აღნიშნული გულისხმობს სათანადო სიჩქარის მქონე ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, რაც ხელს უწყობს უფრო მეტი ადამიანის ონლაინ შემოყვანას. სათანადო ციფრული ინფრასტრუქტურა აუცილებელია არა მხოლოდ ციფრულ ეკონომიკაში მყიდველებსა და გამყიდველებს შორის გარიგებისთვის, არამედ წარმოებაშიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უპირველესად, ასეთი ინფრასტრუქტურა ინტერნეტი, მიმღები აპარატურა (მობილური მოწყობილობები, კომპიუტერები და სხვა) და მონაცემთა საცავებია.

მოსახლეობაში ინტერნეტის მომხმარებელთა წილი, 2020 წლის მონაცემები (%)

წყარო: Our World in Data

გლობალურად ბოლო ორ ათწლეულში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 59.9% ინტერნეტის მომხმარებელი იყო, რაც 2022 წელს 66.0%-მდეა გაზრდილი. აღნიშნული კი 5.3 მლრდ ადამიანია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, საქართველო ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებლით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის დაბალ ნიშნულს იკავებდა, თუმცა ინტერნეტიზაციის გამოკვეთილი ტემპი ახასიათებდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის გამოკვლევით, საქართველოში შინამეურნეობების 88.4% ინტერნეტით უზრუნველყოფილია, რაც ქალაქის შემთხვევაში უფრო მაღალი, 92.8%-ია. სასოფლო დასახლებებში კი ეს მაჩვენებელი 82.4%-ს აღწევს. სოფლებში ინტერნეტიზაცია მკვეთრად გაზრდილია, რადგან 2016 წელს სოფლად შინამეურნეობების ინტერნეტით უზრუნველყოფის დონე 57.4% იყო. რეგიონული განაწილების კუთხით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის (94.8%) შემდეგ აჭარაშია (93.3%), ხოლო ყველაზე დაბალი, 71.6%-იანი მაჩვენებელი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. მზარდი ტემპით კი კახეთის რეგიონია გამორჩეული. მაგალითად, 2016 წელს შინამეურნეობების მხოლოდ 55.9% იყო ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რაც 2022 წლის მდგომარეობით 83.7%-მდეა გაზრდილი.

ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ამისა, მიმღები მოწყობილობებით უზრუნველყოფის მაჩვენებელიც მაღალია. 2022 წლის მდგომარეობით, კომპიუტერით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 60.3%-ია, რაც ქალაქის შემთხვევაში 70.7%-მდე აღწევს. თუმცა უფრო ხშირია სხვა ტიპის ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობების გამოყენება. 2022 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის 93.4% მობილურს იყენებს, რაც 2016 წელთან შედარებით 6.4 პროცენტული პუნქტით მეტია. რაც შეეხება სმარტფონების გამოყენების მაჩვენებელს, ეს უკანასკნელი 80.2%-ს შეადგენს. ამდენად, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ციფრული ინფრასტრუქტურა (ინტერნეტი და მიმღები მოწყობილობები) ხელმისაწვდომია, რაც ციფრულ ეკონომიკაში მათი ჩართვის აუცილებელი წინაპირობაა. კერძოდ, ელექტრონულ კომერციაში მყიდველების ხელმისაწვდომობა მაღალია, მაგრამ გამყიდველების მიერ ასეთი ბაზრების ათვისება – შედარებით დაბალი.

საქართველოში ონლაინ მოვაჭრეთა წილი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე განვითარებად ეკონომიკებში. 2019-20 წლებში საქართველოს ელექტრონული კომერციის წილი საცალო გაყიდვებში 1.1% იყო, რაც ევროპაში საშუალოდ 12.0%-ია, ხოლო მსოფლიოში საშუალოდ 18.0%-ს შეადგენს. თავის მხრივ, ელექტრონული კომერციის უდიდესი წილი, დაახლოებით 80.0%-მდე, უცხოურია. თუმცა, ადრეულ წლებთან შედარებით, პანდემიის შემდეგ ადგილობრივის წილი მომატებულია.

15+ ასაკის მოსახლეობის წილი, რომელმაც ინტერნეტის საშუალებით შეიძინა/შეუკვეთა საქონელი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის მონაცემებით, 15 და უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 23.8%-მა შეიძინა ან შეუკვეთა ინტერნეტის საშუალებით საქონელი და მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის შემთხვევაში 28.8%-ია, ხოლო სოფლად გაცილებით დაბალი, 14.3%. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ინტერნეტის გამოყენების მიზანი სოციალური ქსელებია. 2022 წლის მდგომარეობით, 15 და უფროსი ასაკის მოსახლეობის 95.9%-ის მიერ ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზანი სოციალური ქსელები იყო, 49.3%-ისთვის კი – ახალი ამბები. საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება მხოლოდ 43.3%- ის მიზანი იყო. რაც შეეხება საჯარო სექტორს, 2022 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის მხოლოდ 11.2%-ს ჰქონდა საჯარო დაწესებულებებთან ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობა.

მართალია, საქართველოში ციფრული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილზე – ინტერნეტთან წვდომა უმეტეს საწარმოს აქვს, მაგრამ ამ უკანასკნელის გამოყენება ციფრულ ეკონომიკაში, კერძოდ, ელექტრონულ კომერციაში, ნაკლებად ხდება. მათი უმეტესობა საქონლისა და მომსახურების გაყიდვისთვის ტრადიციულ ბაზრებს ირჩევს. 2023 წლის გამოკვლევის მიხედვით, საწარმოთა 84.4%-ს ინტერნეტთან წვდომა აქვს, მაგრამ მათ მიერ სოციალური ქსელის გამოყენება 31.5%-ია, ვებგვერდის ქონა კი – 14.3%. ასეთი საწარმოთა ვებგვერდის მხოლოდ 17.8%-ის შემთხვევაში ონლაინ შეკვეთა ან დაჯავშნა, ხოლო 31.9%-ის შემთხვევაში საქონლისა და მომსახურების აღწერა ან ფასზე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

კომპანიების მიერ ციფრული ინფრასტრუქტურის საწარმოო რესურსების დაგეგმვისა ან მომხმარებელთა ინფორმაციის მართვაში გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. მაგალითად, ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპანიების მხოლოდ 3.7% იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას მონაცემთა შეგროვებისა და მარკეტინგული მიზნით ანალიზისთვის. თუმცა საწარმოო რესურსების დაგეგმვაში პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება შედარებით მაღალი, 10.4%-ია.

საწარმოების მიერ ციფრული ინფრასტრუქტურის გამოყენება (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მყიდველებისთვის ციფრული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომეობის მიუხედავად, საწარმოთა ელექტრონულ კომერციაში ჩართვის მაჩვენებელი დაბალია. მაგალითად, საწარმოთა 96.2%-ს საქონლისა და მომსახურების ვებგაყიდვების საშუალება არ გამოუყენებია. მართალია, ციფრული ინფრასტრუქტურისადმი ხელმისაწვდომობა მაღალია, მაგრამ კომპანიების მიერ გამოყენების შემთხვევები მცირეა. ადგილობრივი კომპანიები საქონლისა და მომსახურების გაცვლისთვის ციფრულ ინფრასტრუქტურას ნაკლებად იყენებს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდპანდემიის გამო ტრადიციული ბაზრებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვებმა ადგილობრივ კომპანიებს ციფრული ეკონომიკის ძირითად ნაწილზე – ელექტრონულ კომერციაზე გადასვლა უბიძგა, მაგრამ პოსტპანდემიურ პერიოდში ზრდის მაღალი ტემპი ვერ შენარჩუნდა. თუმცა მკვეთრი ზრდის შესაძლებელობა არსებობს, რადგან კომპანიებს – გამყიდველებს და მოსახლეობას – მყიდველებს ძირითადად ციფრულ ინფრასტრუქტურაზე ხელი მიუწვდებათ.