წყალტუბო ახალ სიცოცხლეს იწყებს

წყალტუბო ახალ სიცოცხლეს იწყებს

საბ­ჭო­თა მო­ნუ­მენ­ტუ­რი არქი­ტექ­ტუ­რის ნეკ­რო­პო­ლი­სად ქცე­უ­ლი, ერთ დროს დიდებული და ხალხმრავალი წყალტუბო ახალ სიცოცხლეს იწყებს.

ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქალაქი პოპულარულ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბალნეოლოგიური ცენტრი. თუმცა წყალტუბოს ისტორია საუკუნეებს ითვლის: აქ არსებული წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში სცოდნიათ, ოქროს ხანაში კი წყალტუბოში სამეფო ოჯახის წევრები ისვენებდნენ.

1930-იან წლებში წყალტუბოს ცენტრში აშენდა ყველაზე დიდი ურბანული პარკი საქართველოში. ათწლეულების განმავლობაში, პარკის ირგვლივ, ამფითეატრალური პრინციპით გაშენდა სანატორიუმები, პანსიონატები, აბანოები, დასასვენებელი სახლები და კვლევითი ცენტრი. განვითარების ზენიტში, წყალტუბოს 22 სანატორიუმი ყოველწლიურად საბჭოთა კავშირის სხვადასხვა წერტილიდან, 21-დღიანი ე.წ. „პუწიოვკით“ ჩამოსულ 400,000-ზე მეტ დამსვენებელს მასპინძლობდა.

1991 წელს საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა და წყალტუბო გაუკაცრიელდა. სამედიცინო ტურიზმი, რაც ქალაქის ეკონომიკურ ბირთვს წარმოადგენდა, გაქრა, აფხაზეთის ომის შემდეგ კი სანატორიუმები დევნილთა თავშესაფრად იქცა.

2020 წლის დეკემბერში ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფმა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავალებით, დაიწყო წყალტუბოს კონცეპტუალური გენერალური გეგმის შემუშავება. საპროექტო გუნდის ხელმძღვანელი იტალიელი არქიტექტორი და გენერალური გეგმარების ექსპერტი – მარკო არდიელია (სტუდია არდიელიფორნასა); ქალაქგეგმარებით ნაწილზე კომპანია „ბაუ დიზაინმა“ იმუშავა; პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი Cushman & Wakefield-ის ( „ქუშმან &ვეიკფილდის”) საერთაშორისო გუნდმა შეაფასა. ამასთან, საპროექტო ჯგუფში შედიოდნენ კულტურის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

კონცეპტუალური გენერალური გეგმის პრეზენტაცია 20 აგვისტოს, წყალტუბოს სანატორიუმ „მედეაში“ გაიმართა. მას ადგილობრივი ხელისუფლების, ისევე როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და წყალტუბოს მცხოვრებლები ესწრებოდნენ. გუნდმა წარადგინა ქალაქის განვითარების კონცეფცია და მისი ფუნქციური გამრავალფეროვნების გეგმა; მათ ისაუბრეს კულტურული ძეგლებისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის მნიშვნელობასა და რეაბილიტაციის მოსალოდნელ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენაზე.

წყალტუბო ერთგვარი ძეგლია როგორც საბჭოთა მონუმენტური ამბიციებისა და არქიტექტურის, ისე იმ ნგრევის, გაჭირვების და სტაგნაციისა, რაც საქართველოში სსრკ-ის დაშლამ გამოიწვია. მისი აღმშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზანი ნარატიული რეფორმულირებაა – რეპრესიული წარსულის მონუმენტების რეანიმაცია ახალი იდეოლოგიით, იდენტობით, პათოსით. მარკო არდიელი წყალტუბოს ერთგვარ მანიფესტს უწოდებს:

„ჩვენ გვსურს, გავაცოცხლოთ ეს შენობები, გვინდა, ახლებურად გამოვიყენოთ ისინი და საბჭოთა კავშირის ძველი რელიკვია თანამედროვე, მწვანე, მეგობრული და კრეატიული ქალაქის ახალ სიმბოლოდ ვაქციოთ, რომელიც აშენებულია ჩვენ მიერ, ჩვენთვის. გვსურს, ახალი ფუნქცია მივანიჭოთ წყალტუბოს და ეს პატარა ქალაქი ვაქციოთ სიმბოლოდ იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო: მომავლისკენ მიმავალი ქვეყანა, რომელიც შთაგონების წყაროა მსოფლიოსთვის.

დროთა განმავლობაში ასეთი ქალაქი მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, გახდება სამაგალითო მსოფლიოს განვითარებადი ქალაქებისთვის, ეს კი მოიზიდავს ინვესტორებს, დამსვენებლებს, ტურისტებს“.

წყალტუბო უნდა გახდეს საქართველოს მომავლის მანიფესტი, ქალაქი (და არა მხოლოდ კურორტი), რომელიც ორიენტირებულია, პირველ რიგში, მისი მცხოვრებლის კეთილდღეობაზე და რომელშიც შემონახულია როგორც ადგილის ისტორია, ისე მომავლის იდეოლოგია.

წყალტუბოს განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს ოთხი მთავარი სტრატეგია: (1) მთავარი რესურსის, თერმული პარკის სტრუქტურის გაძლიერება; (2) ქალაქის საცხოვრებლად სასიამოვნო ადგილად გადაქცევა მისი მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით; (3) კულტურული მემკვიდრეობისა და ადგილის მეხსიერების შენარჩუნება, ფასეულობების გაძლიერება და ფუნქციების განვითარება; (4) წყალტუბოსა და ქუთაისის სინერგიული ურთიერთობის აღდგენა და გაძლიერება. გეგმის ფარგლებში განხილულია პარ­კის, როგორც ქალაქის ღერძის, ჩრდილოეთით და სამხრეთით გაფართოება; გაფართოებული სახით, პარკი მოიცავს სხვადასხვა თემატურ არეალს – სპორტულს, სარეკრეაციო, გამაჯანსაღებელს და ა.შ.. ჩრდილოეთ ნაწილში განვითარდება სპორტული კომპლექსები, შედარებით მოცულობითი სამხრეთი ნაწილი კი მოიცავს მდგრად ინფრასტრუქტურას: თერმულ სათბურებს, ქსელურ მეურნეობას, წყლის გამწმენდ დანადგარებს. აქ ასევე წარმოდგენილი იქნება ტექნოპარკი და ინოვაციების ცენტრი. ამ ელემენტების განვითარებას კონცეფცია გრძელვადიან ჭრილში ისახავს მიზნად. მომავალი 5-10 წლის ჭრილში წყალტუბოს ცენტრის რეაბილიტაცია და გაფართოება იქნება პრიორიტეტული.

წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის უმნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბაა ად­გილობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა და მა­თი გაძ­ლი­ე­რე­ბა, არ­სე­ბუ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი­სა და ქა­ლა­ქუ­რი ცხოვრე­ბის ავ­თენ­ტი­კუ­რო­ბის შე­ნარჩუ­ნე­ბა.

იგეგმება ქალაქის ცენტრის სრული რეკონსტრუქცია; ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ზომის კომერციული სივრცეების, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის განთავსების საშუალებების განვითარებას. ასევე იგეგმება სათემო ცენტრის დაარსება ადგილობრივი იდენტობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. საცხოვრებლად სასიამოვნო ქალაქის შექმნის ერთ-ერთი სტრატეგიაა წყალტუბოს „15 წუთის სავალ მანძილზე“ დაგეგმილ ქალაქად ქცევა; ჰაერის გაწმენდის მიზნით, ქალაქის შიდა წრეზე არ დაიშვება ავტომობილით მოძრაობა.

წყალტუბოს იდენტობა მჭიდრო კავშირშია იმ მონუმენტურ ნაგებობებთან, რომლებიც გარს აკრავს ცენტრალურ პარკს. ამ იდენტობის შენარჩუნების და გამყარების ერთ-ერთი საფუძველია ადგილის მეხსიერების განახლება, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია, რეპოზიციონირება, მისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა. სანატორიუმების ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, წყალტუბოს აქვს შესაძლებლობა, მოხვდეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, რომელშიც 2021 წელს 11 ევროპული სპა-ქალაქი შევიდა.

წყალტუბოს მონუმენტური ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის ყველა წესის დაცვით, შეიძენს ახალ ფუნქციებს. ისინი გარდაიქმნებიან თანამედროვე სასტუმროებად; სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრად; საკონფერენციო ცენტრად; მრავალფუნქციურ ახალგაზრდულ ჰაბად. არსებული შენობებისგან დამოუკიდებლად, ქალაქის განაპირას ასევე იგეგმება „აუტლეტ მოლისა“ და აკვაპარკის განვითარება.

მიწოდების გამრავალფეროვნება აისახება მოთხოვნის გამრავალფეროვნებაზე და ვიზიტის ხანგრძლივობის გაზრდაზე. ინფრასტრუქტურული განვითარება ვიზიტორების გეოგრაფიული პროფილის გაფართოებისა და მხარჯველუნარიანობის ამაღლების წინაპირობაა. ისეთი ფუნქციური ელემენტების ინტეგრირება, როგორიცაა აკვაპარკი, „აუტლეტ მოლი“, სარეაბილიტაციო ცენტრი და საკონფერენციო სივრცეები, ხელს შეუწყობს ვიზიტის გახანგრძლივებას. „ქუშმან & ვეიკფილდის“ პროგნოზით, მომავალი ათი წლის განმავლობაში, წყალტუბოში განთავსების ობიექტებში არსებულ მიწოდებას 2,000-ზე მეტი ოთახი დაემატება, საშუალო დარჩენის ხანგრძლივობა კი 1-2 ღამიდან 5-8 ღამემდე გაიზრდება. ქალაქის განვითარების კვალდაკვალ, ასევე პროგნოზირებულია, რომ წყალტუბოში ვიზიტორების რაოდენობა 2030 წლისთვის 350,000-ს გადააჭარბებს. ფუნქციური გამრავალფეროვნების შედეგად გაზრდილი და დივერსიფიცირებული მოთხოვნა ააღორძინებს ქალაქის ეკონომიკას, შექმნის სამუშაო ადგილებს, და ადგილობრივი წამოწყებების დაარსებისა და წარმატებისთვის ხელსაყრელ პირობებს, გაზრდის ინვესტიციის ნაკადებს და შეაჩერებს დეურბანიზაციას. წყალტუბო პოზიციონირდება, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის, ეკონომიკურად თვითმყოფადი ქალაქი. ქუთაისთან სინერგიული, ფუნქციური ურთიერთობა კი – რაც ხედვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია – მხოლოდ ხელს შეუწყობს ორივე ქალაქის წარმატებულ განვითარებას.

წყალტუბოს განვითარების მიმდინარე ეტაპზე, კონცეპტუალური გენერალური გეგმის ხედვის, ქალაქთგეგმარების და სხვა დოკუმენტებთან ერთად, საპროექტო გუნდის მიერ შემუშავებულია 16 საინვესტიციო პროექტი. Cushman & Wakefiled-მა ჩაატარა მოცემული პროექტების მიზანშეწონილობის კვლევა. დასკვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილია მემორანდუმების სახით, რომლებიც გადაცემულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის და რომელთა დისტრიბუციაც დაინტერესებულ ინვესტორებს შორის მოხდება გეგმის დამტკიცების შემდეგ.

კერძო ინვესტიციასთან ერთად, კონცეპტუალური გენგეგმა ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ჩართულობას წყალტუბოს აღმშენებლობასა და რეაბილიტაციაში. ეკონომიკური გუნდის წინასწარი შეფასებით, წყალტუბოში მომავალი 5-7 წლის ჭრილში განსახორციელებელი კერძო და სახელმწიფო ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *