ცვლილებების 25 წელი ბიზნესგანათლებაში

ცვლილებების 25 წელი ბიზნესგანათლებაში
„ცვლილებების დროა და გვაქვს შანსი, ამ ცვლილების მთავარი ინიციატორები და მონაწილეები ვიყოთ“ — ამ სიტყვებით ასრულებს ჩვენთან ინტერვიუს რესპონდენტი და ამავე პრინციპს ეფუძნება კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) 25-წლიანი ისტორია და სამომავლო გეგმები, რომელთაც ჩვენი მკითხველისთვის სკოლის კურსდამთავრებული, ასოცირებული პროფესორი და დეკანი, ელენე ჯღარკავა აჯამებს.

როგორ გაჩნდა CSB-ის შექმნის იდეა?

ბიზნესის სკოლის ისტორია 25 წლის წინ ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ატლანტა, ჯორჯია, აშშ) ინიციატივითა და აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. მაშინ გადაწყდა, რომ საქართველოში უნდა შექმნილიყო დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სასწავლებელი, რომელიც ახალ თაობებს შესაძლებლობას მოგვცემდა, თანამედროვე განათლება ქვეყნიდან გაუსვლელად მიგვეღო.

იმდროინდელი რეალობა ასეთი იყო: არსებობდა სახელმწიფო უნივერსიტეტები და მხოლოდ ერთი კერძო უნივერსიტეტი, რომელიც ბიზნესგანათლების ახალ, თანამედროვე გაგებას სთავაზობდა ბაზარს. სწორედ ამ დროს გაჩნდა სამი უნივერსიტეტის კონსორციუმის მიერ შექმნილი CSB. ამ უნივერსიტეტებისა და სკოლის ლიდერშიფის გამოცდილების საფუძველზე, დაარსებიდან ექვს წელიწადში, სკოლამ შეძლო, გაძლიერებულიყო და მის ბაზაზე უნივერსიტეტი შექმნილიყო.

თქვენ როგორ მოხვდით კავკასიის ბიზნესსკოლაში?

2001 წელს, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, ვიცოდი, რომ ბიზნესგანათლების მიღება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, სად უნდა მესწავლა და დავიწყე ძიება. მზად ვიყავი, რაღაც პერიოდი უნივერსიტეტში არ ჩამებარებინა, დამეცადა, უკეთ მოვმზადებულიყავი და შემდეგ მომეძებნა უნივერსიტეტი. მაშინ სოციალური ქსელი არ არსებობდა – იყო გაზეთები, ბეჭდური მედია და, ალაგ-ალაგ, სატელევიზიო რეკლამები. პერსონალური წყაროები, სიტყვიერი მარკეტინგი ერთადერთი იყო და მეც ახლად დაფუძნებული ბიზნესის სკოლის შესახებ დეტალების დაზუსტება ახლობელმა მირჩია.

ასე შევხვდი კავკასიის ბიზნესის სკოლის მაშინდელ დეკანს, კახა შენგელიას, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელიც იყო. მასთან მქონდა გასაუბრება და ძალიან კარგად მახსოვს, რამ იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე: კახას ჰქონდა სტუდენტის წერილი, რომელშიც ის აფასებდა სწავლის პერიოდს და იმ გარემოს, სადაც განათლებას იღებდა. გულწრფელმა უკუკავშირმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ახალი ინსტიტუციის მიმართ ნდობა გამიჩინა.

სწავლისას დავრწმუნდი, რომ სკოლის უპირველესი ამოცანა ქართული განათლების სფეროში ახალი სიტყვის თქმა იყო – ეს კი ძირითადად ინტერნაციონალიზაციის, თანამედროვე სასწავლო პროგრამისა და სწავლების მეთოდების საშუალებით ხდებოდა. დღესაც სკოლის მთავარი იდეა ინოვაციურობაა – ყველა სიახლე პირველმა უნდა დანერგოს, იქნება ეს სასწავლო პროგრამები, სტუდენტების მხარდაჭერა თუ განვითარებაზე მიმართული შიდა სისტემები.

როგორ შეაფასებთ სკოლის განვითარებას დღევანდელი პერსპექტივიდან, რა ტრანსფორმაციული სიახლეები ან გამოწვევები გქონდათ ბოლო წლებში?

თავდაპირველად სკოლას ერთი მთავარი საერთაშორისო პარტნიორი (ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჰყავდა, მთავარი მიზანი კი იყო, საერთაშორისო გამოცდილება რაც შეიძლება მეტი სტუდენტისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, იქნებოდა ეს გაცვლითი პროგრამები, უცხოელი პროფესორების ჩამოყვანა თუ სხვა. CSB-ის შექმნა უკვე იყო ინტერნაციონალიზაციის პირველი მაგალითი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც ლოგიკური განვითარება მოჰყვა და დღეს 200-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი გვყავს. თუმცა აქამდე მარტივად არ მოვსულვართ – ორმაგი ხარისხის პროგრამების და ერთობლივი სამწლიანი პროგრამების მიმართულებით რეგიონში პირველები რომ ვართ, დიდი მუშაობის შედეგია.

საწყის ეტაპზე ვაწარმოებდით პარტნიორებთან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს არა მხოლოდ აკადემიურ თანამშრომლობაზე, არამედ ვმუშაობდით ქვეყნის საგანმანათლებლო პოტენციალის და საქართველოს, როგორც მიმზიდველი სასწავლო ქვეყნის, უპირატესობების წარმოჩენაზე.

კურსდამთავრებულთაგან ბევრი საზღვარგარეთ მიდიოდა სასწავლებლად და პროგრამა მუდმივად უნდა განახლებულიყო, უნდა გვეზრუნა მათ კარიერულ განვითარებაზე. ამიტომაც დაიწყო კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ცალკე ოფისმა მუშაობა – ეს პირველებმა გავაკეთეთ, შემდეგ კი სხვა უნივერსიტეტებშიც გაჩნდა ამგვარი ფუნქციური არე.

უნივერსიტეტი თავიდან ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავდა თითოეული სტუდენტისა და კურსდამთავრებულის მხარდაჭერაზე. ამერიკული მოდელის მთავარი ტრანსფერიც სწორედ ეს იყო – სტუდენტებისთვის შეგვექმნა კარგი სოციუმი და მიგვეცა სათანადო კავშირები. დღეს ეს საჭიროება ნაკლებად დგას, ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ ქვეყნის წამყვან კორპორაციებში და CSB-ის სტუდენტების მთავარი დამსაქმებლებიც სწორედ ისინი არიან. ის, რაზეც ადრე დიდი ძალისხმევა იხარჯებოდა, ბუნებრივ პროცესად იქცა.

როგორ ზომავთ სკოლის წარმატებას?

სკოლის წარმატების მთავარი საზომი კურსდამთავრებულების წარმატებაა. კერძოდ კი, როგორ ვითარდებიან პროფესიულად, სად მუშაობენ, რა პოზიციაზე არიან და ასევე, სად აგრძელებენ ისინი სწავლას შემდგომ საფეხურზე. ვამაყობთ, რომ ჩვენი ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ ისეთ წამყვან ბიზნესსკოლებში, როგორიცაა კოლუმბიის, ჰარვარდის თუ ვორტონის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო დონეზე აღიარებას.

კურსდამთავრებულების გლობალურ და ადგილობრივ მსხვილ კორპორაციებში დასაქმების მაჩვენებელიც წარმატების ინდიკატორია. სკოლის კურსდამთავრებულები არიან ის ძალა, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში ბიზნესსექტორს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფასა და განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილია.

რას აკეთებთ სტუდენტებისთვის ანტრეპრენიორული, ინოვაციური აზროვნების განსავითარებლად და, ზოგადად, როგორ ზრუნავთ მათ კარიერულ ზრდაზე?

ბაკალავრიატის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ყოველთვის ვეკითხები, რატომ უნდათ ბიზნესზე სწავლა – კერძო თუ საჯარო სექტორში უნდათ დასაქმება, თუ აქვთ სურვილი და ამბიცია, საკუთარი ბიზნესი ჰქონდეთ. დასაწყისში ამ ყველაფერზე ნაკლებად ფიქრობენ და უფრო მეტად კარიერის განვითარებაზე ზრუნავენ.

დღეს სტარტაპ-ეკოსისტემა განვითარდა და დამოკიდებულებაც შეიცვალა, უკვე აქვთ გარკვეული წარმოდგენა, რა არის ანტრეპრენიორობა და როგორ განავითარონ ბიზნესიდეები. პარალელურად, ჩვენ არასდროს არ გვქონია სტანდარტული, ტიპური საბაკალავრო ნაშრომი პროგრამაში, მუდმივად გვქონდა კომპონენტები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევდა, იდეაზე გუნდთან ერთად ემუშავა და შემდგომ ეფიქრა ინვესტორების მოზიდვაზეც.

სასწავლო კომპონენტშია ინტეგრირებული მეწარმეობა და ინოვაციებიც, ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს, სტუდენტებს ვუზიარებთ წარმატებულ და წარუმატებელ შემთხვევებს, სტუმრად ვიწვევთ ბიზნესმენებს და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც უკვე საკუთარი წარმატებული ბიზნესები აქვთ ან არიან ახალი თაობის სტარტაპერები.

რამდენიმე წელია, უნივერსიტეტში მუშაობს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, რომელსაც პრეაქსელერაციის პროგრამები აქვს. მათთან ერთად ვმუშაობთ აქტივობებზე, რომლებიც ანტრეპრენიორული ხედვის განვითარებაზეა მიმართული. ამით როგორც სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ისე ადმინისტრაციის წევრები და აკადემიური პერსონალიც სარგებლობენ.

რა ფორმატებში თანამშრომლობთ ბიზნესთან და როგორია მათი ჩართულობა საუნივერსიტეტო საქმიანობაში?

ახალი პროგრამების შექმნის და არსებული პროგრამების განახლების პროცესში მუდმივად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორის წამყვან კომპანიებთან. დიდი ბიზნესები და ძირითადი დამსაქმებლები გვირჩევენ, რა თანამედროვე ცოდნა და კომპეტენციები შეიძლება განვუვითაროთ სტუდენტებს, რომლებიც მათ შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოაყალიბებს. ბიზნესსექტორთან სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დამატებითი გამოცდილებაა სტუდენტებისთვის.

შედარებით არაფორმალური პროცესია კურსდამთავრებულების, როგორც ლექტორების, უკან დაბრუნება. ისინი ყველაზე კარგად იცნობენ ჩვენს შიდა სისტემას და თავიანთ გამოცდილებას ბაკალავრიატის სტუდენტებს უზიარებენ. MBA-ისა და PhD-ის შემთხვევაში, მიღების წინაპირობად სამუშაო გამოცდილებას ისედაც ვითხოვთ და, შესაბამისად, ისინი საერთოდ განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობენ.

ჩვენი გამოცდილება, გარდა სტუდენტებით და რელევანტური უნარების მქონე კადრებით მომარაგებისა, მოიცავს ბიზნესებთან შემთხვევების ანალიზზე მუშაობის პრაქტიკასაც. მარკეტინგის ლიცენზირებულ სახელმძღვანელოში ქართული კომპანიების ბიზნესშემთხვევები გავაერთიანეთ. აღსანიშნავია, რომ მარკეტინგის მიმართულებით ქართული ბიზნესშემთხვევა მაშინ პირველად აღიწერა. ამჟამად პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ახალი სახელმძღვანელოსა და ბიზნესშემთხვევების განვითარებაზე.

როგორ არჩევთ აკადემიურ პერსონალს და ზოგადად როგორია მათი როლი სკოლის წარმატებაში?

ადგილობრივ ბაზარზე ეს ადვილი არ არის, რადგან ადამიანური რესურსი მწირია. ქართულ ბიზნესში ძალიან ბევრი პროფესიონალია, თუმცა აკადემიური ხარისხის ნაწილში დეფიციტია და რთულია, ორივე კრიტერიუმი დაბალანსდეს.

ჩვენ ამ ნაწილში უნივერსიტეტის მრავალწლიანი გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა გვიწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამა სწორედ ამ მიზნით, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით დავამატეთ, რათა ჩვენი მოწვეული პერსონალისთვის მიგვეცა საშუალება, შესაბამისი აკადემიური ხარისხი მიეღოთ.

საქართველოში არ ვართ განებივრებულები, გვყავდეს ბევრი დოქტორი, რომლებიც პრაქტიკასა და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებაზე თანაბრად არიან ორიენტირებული. ამიტომ ვცდილობთ, სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულები შევინარჩუნოთ, აკადემიაში დარჩენის მოტივაცია შევუქმნათ, რათა მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობით არ შემოიფარგლონ და მათ სხვადასხვა დაფინანსების პროგრამას ვთავაზობთ, მათ შორის – კვლევითი პროექტების დაფინანსებას.

ჩვენი აკადემიური პერსონალი აქტიურად არის ჩართული პროგრამებისა და სკოლის განვითარებაში, ჩართული არიან AACSB-ის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესშიც. მათი როლი ძალიან დიდია სასწავლო პროგრამების ხარისხიანად მიწოდებაში. ისინი განიხილავენ თითოეული საგნის რელევანტურობას, სწავლის შედეგებს, სწავლების მეთოდებს და ა.შ. აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაშიც.

რა უნიკალურ ასპექტებს ითვალისწინებს თქვენი სასწავლო პროგრამები?

ამჟამად ბიზნესის სკოლაში რამდენიმე პროგრამა გვაქვს და მთავარი განმასხვავებელი და ძლიერი მხარე, განსაკუთრებით ბაკალავრიატზე, არის ის, რომ სტუდენტს, რომელიც თავიდან ზოგად კომპეტენციებს სწავლობს, მოგვიანებით შეუძლია, კონცენტრაცია აირჩიოს — გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შემდეგ ირჩევს მარკეტინგს, მენეჯმენტს, ფინანსებს. ასეა სამაგისტრო საფეხურზეც და სამაგისტრო ნაშრომიც ამ ვიწრო მიმართულებით იწერება.

ამავდროულად, ბაკალავრიატზე სტუდენტები დაგროვილ ცოდნას, მენტორებთან ერთად, პრაქტიკისკენ მიმართავენ და მუშაობენ ბიზნესგეგმაზე, რომელსაც შემდგომ ჟიურის, კომისიის, დამსაქმებლისა თუ ინვესტორის წინაშე წარადგენენ. სულ რომ არცერთ პრეაქსელერაციაში არ ჩაერთონ, თავად პროგრამა იძლევა ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

დამსაქმებლები ხშირად გვიზიარებენ, რომ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გუნდსა და გარემოსთან ადაპტაციის კარგი უნარი აქვთ. ჩვენთან არა ჯგუფის პრინციპი, არამედ კურსის პრინციპია და სტუდენტს თითოეულ საგანში სხვადასხვა ჯგუფელი ჰყავს, განსხვავებულ ადამიანებთან ერთად მუშაობს პროექტებსა და პრეზენტაციებზე და ა.შ. ეს მათ მრავალი ტიპის ადამიანთან მუშაობისა და მოქნილობის უნარებს უვითარებს.

როგორია სკოლის სამომავლო გეგმები, რა ძირითადი სამიზნე ნიშნულები გაქვთ?

ამჟამად არსებულ პროგრამებს სრულად ვაახლებთ. ქვეყანაში პირველი ერთობლივი სამწლიანი პროგრამა ორი წლის წინ შევქმენით. ამჟამად კი, როდესაც ბიზნესის მიმართულების სამწლიანი პროგრამები დაშვებული ხდება, ვმუშაობთ არსებული ოთხწლიანი, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამების ადაპტაციაზე. ვავითარებთ ახალ სადოქტორო პროგრამებსაც. ჩვენი დაკვირვებით, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ დეფიციტია – არ არის, მაგალითად, მარკეტინგის სადოქტორო პროგრამა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე დავიწყეთ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებისთვის ბაზრის კვლევა და ვგეგმავთ, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით დავამატოთ.

პროგრამების განვითარების პარალელურად, ვართ AACSB-ის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში. ეს საერთაშორისო აკრედიტაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სკოლისთვის, არამედ რეგიონისთვისაც.

ერთ-ერთი და უცვლელი სამიზნე ნიშნული ჩვენთვის CSB-ის დიპლომის სტატუსია – ის ყოველთვის ხარისხთან უნდა ასოცირდებოდეს.

დაბოლოს, როგორც ბიზნესლიდერების ახალი თაობების განვითარებაში ჩართული ადამიანი, რა რჩევას მისცემდით აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, ვინც ბიზნესის კომპლექსურ სფეროში გეგმავს საქმიანობას?

ასაკის მატებასთან ერთად თავს უფლება მივეცი, მშობლებს უფრო ხშირად ვუთხრა, ნუ ჩაერევიან აბიტურიენტების პროფესიულ არჩევანში – მათ ის უნდა ისწავლონ, რაც თავად აინტერესებთ. მშობელმა შეიძლება არასწორი არჩევანისკენ უბიძგოს აბიტურიენტს და ამას გვიან მიხვდეს.

ამავდროულად, თუ საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის მზად არ არიან და სხვა რამის კეთება უნდათ, არ შეეშინდეთ და გაბედულები იყვნენ ამ გადაწყვეტილებაში. ამ პერიოდში მათ შეუძლიათ ბევრ სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, რათა დარწმუნდნენ, რომ სწორად ირჩევენ პროფესიას და შემდეგ აარჩიონ რელევანტური უნივერსიტეტი, სადაც ამ მიმართულებით საუკეთესო განათლებას მიიღებენ.

ზოგიერთი სკოლა აბიტურიენტებს უკეთესად ამზადებს პროფესიის შესარჩევად, ზოგიერთი კი ამას ვერ ახერხებს. ჩემი სურვილია, აბიტურიენტებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საშუალება ჰქონდეთ, ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომლებითაც კარგად გაიგებენ, რას ნიშნავს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება და გააკეთონ ინფორმირებული, სწორი არჩევანი.

სტუდენტებს კი ვეტყოდი, რომ ნებისმიერი დრო ცვლილებების დროა და გვაქვს შანსი, ამ ცვლილების მთავარი ინიციატორები და მონაწილეები ვიყოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *